ლანგკავი არქიპელაგია ჩრდილოეთ მალაიზიაში, რომელიც 99 გასაოცარ კუნძულს აერთიანებს. ლანგკავის მთავარი კუნძული ბევრ გასართობსა და თავშესაქცევს გვთავაზობს. გაატარეთ დასვენების დღეები ამ სამოთხეში, მის სანაპიროებსა და ნავებზე. აღმოაჩინეთ ლანგკავის ჩანჩქერები, გადმოსახედები და ჯუნგლები – აქ განსაკუთრებული ველური ბუნებაა! ჩვენ სამ დღიან გეგმას გთავაზობთ:

დღე პირველი

ლანგკავის კუნძული ცნობილია იმ ფაქტით, რომ აქ წითელი არწივები ცხოვრობენ. მისი სახელწოდება თარგმანში “წითელ არწივსაც” კი ნიშნავს. მათ კუნძულზე აუცილებლად შენიშნავთ. მაგრამ, რა იქნება იმაზე უკეთესი თუ ლანგკავის სწორედ მათი გადმოსახედიდან გადმოხედავთ? დაიწყეთ დილა ზედხედით.

1. ლანგკავის ცის ხიდი

Langkawi Sky Bridge – დაუვიწყარი გამოცდილებაა. ადით საბაგიროთი ზღვის დონიდან 660 მ სიმაღლეზე, სადაც ეს ხიდი მდებარეობს, დატკბით პანორამული ხედებით ჯუნგლებსა და ოკეანეზე. ფასი 20-25 დოლარამდე მერყეობს.

2. ტელაგა ტუჯუჰის ჩანჩქერი

Telaga Tujuh – კუნძულის ყველაზე შთამბეჭდავი ჩანჩქერია რომელიც ცის ხიდთან მდებარეობს და მასზე გავლის შემდეგ შეგიძლიათ მოინახულოთ. ის 7 სხვადასხვა სიღრმის აუზს აერთიანებს. ჩანჩქერამდე სხვადასხვა სირთულის სალაშქრო გზები მიდის.

3. დაისვენეთ პანტაი ჩენანგიზე

Pantai Cenang – კუნძულის გამორჩეული სანაპიროა, სადაც კაფე-ბარებიც მდებარეობს. გრძელი თეთრი სანაპირო ზოლი 2 კილომეტრზეა გაჭიმული და გასართობი ატმოსფეროთი გამოირჩევა. დამღლელი დღის პირველი ნახევრის შემდეგ აქ სასიამოვნოდ განიტვირთებით.

4. ღამის ბაზრობები

ღამით კი აქ ღამის ბაზრობები იხსნება. ლანგკავიში ყოველ საღამოს სხვადასხვა ბაზრობა ეწყობა. დააგემოვნებთ მალაიზიურ საკვებს და გაიცნობთ ადგილობრივებს.

  • ორშ: Ulu Melaka Market
  • სამშ: Kedawang Market
  • ოთხ: Kuah Night Market
  • ხუთ: Temoyong Night Market
  • პარ: Ayer Hangat Night Market
  • შაბ: Kuah Night Market
  • კვირა: Padang Matsirat Night Market

დღე მეორე

ლანგკავი დიდი კუნძულია, სადაც ბევრი რამაა სანახავი. გირჩევთ იქირაოთ მოტოციკლეტი ან შეუერთდეთ ტურებს.

5. ტანჯუნგის სანაპირო

Tanjung Rhu beach – განცალკევებული სანაპიროა ჯუნგლებსა და ანდამანის ზღვას შორის. ეს არეალი ლანგკავის სხვა ნაწილებზე უფრო წყნარია და აქ მხოლოდ მდიდრული კურორტები მდებარეობს.

6. კრუიზი

ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე თუ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მრავალფეროვან სანაპიროებს და ლანდშაფტს აღმოაჩენთ. გაყევით კრუიზს თეთრ ქვიშიანი სანაპიროებისკენ.

7. მანგროს ტყეები

ლანგკავის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლი მანგროს ტყეებითაა დაფარული და კუნძულის ეკოსისტემისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. მანგროს პარკი იუნესკოს დაცული ტერიტორიაა და მას მხოლოდ ნავით მოინახულებთ.

დღე მესამე

8. ზიპლაინი

ადრენალინის მოყვარულებს შეგიძლიათ 12 სხვადასხვა ტიპის ზიპლაინიდან რომელიმე გამოსცადოთ და ლანგკავის ჯუნგლებში დაეშვათ. ლანგკავის ყველაზე გრძელი ზიპლაინი ტალაგას ჩანჩქერთან მდებარეობს.

9. მზის ჩასვლა ნავზე

ლანგკავიში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობა ნავის ტურია და შეგიძლიათ აქ გატარებული მესამე დღე სწორედ რომელიმე პატარა კრუიზზე ასვლით დაასრულოთ და ზღვაში მზის ჩასვლის ხედებით დატკბეთ.

ლანგკავიდან შეგიძლიათ ბორნით ტაილანდის კუნძულ კოჰ ლიპეზე გადახვიდეთ. მგზავრობა მხოლოდ 2 საათს გასტანს.

ლანგკავის საუკეთესო რესტორნები:

  • Yasmin Syrian Restaurant
  • The Loaf Bakery & Bistro
  • Arts Cafe Langkawi
  • The Kasbah
  • Haroo Korean Restaurant