რომის გამორჩეული უბანი ტრასტევერე ქალაქის საოცრად რომანტიკული ადგილია. აქ თავს თითქოს სხვა სამყაროში აღმოაჩენთ, სადაც ანტიკური ქალაქის დიდი მონუმენტები გზას ვიწრო, ქვაფენილიან ხეივნებს უთმობენ, სადაც მზე ყოველთვის მოსჩანს.

მზის ამოსვლა: ბარი სან კალისტო

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრასტევერეს უძველესი ბარი არაა, ის ერთგვარი განაცხადია. პირველი ესპრესოს ჭიქიდან დილის 6 საათზე, ბოლო ჭიქა ალკოჰოლამდე ღამის 2-ზე, სან კალისტო უბნის ის მყუდრო ადგილია, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ. ჩაიძირეთ მის გარშემო არსებული ქუჩების სიმშვიდეში.

დილა: ბაზილიკა

ბაზილიკა დი სანტა მარია აქ 340 წლიდან დგას და მარიამ ღვთისმშობლის სახელობისაა. ის კათოლიკური რელიგიის მნიშვნელოვანი ძეგლია. მოინახულებთ მე-12 საუკუნის მოზაიკებს და შუასაუკუნოვან ხის ჭერს. მისი დათვალიერების შემდეგ გაისეირნეთ პიაცაზე, მოედანზე, რომელზეც ის მდებარეობს.

საუზმე: ბრიოშები და ბოტანიკური ბაღი

საუზმისთვის გირჩევთ: Le Levain, სადაც შესაძლოა ფრანგული რეცეპტები დაგხვდეთ მაგრამ მათ ტრასტევერეს სტილში ამზადებენ. გემრიელი ფუნთუშეულის შემდეგ, მიაკითხეთ ბოტანიკურ ბაღებს, სადაც 7000 სახეობის მცენარე, იაპონური ჩაის ბაღი, ორქიდეების სახლი და ბამბუკები დაგხვდებათ.

შუადღე: პიაცა ტრილუსა

Trilussa – უბნის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი მოედანია და რომის გამორჩეულ ღია სივრცედ ითვლება. აქ გაიგონებთ ადამიანების სიმღერას და ლექსებს. მიირთვით გემრიელი სენდვიჩები, რომლებსაც ახლად გამომცხვარი პურით ამზადებენ.

გვიანი შუადღე: ჯიანიკოლო

ტრასტევერეს უკეთ გასაცნობად ადით მაღლა, რათა მას ზევიდან გადმოხედოთ. გაყევით დელა ლუნგარეტას, შემდეგ დელა ლუსს და რომის ყველაზე ვიწრო ქუჩას: Vicolo dei Vascellari-ს. მალევე შემოგეგებებათ – Gianicolo. მართალია ის ქალაქის 7 მთას შორის ტექნიკურად არ მოიაზრება, მაგრამ ულამაზეს ხედებს გვთავაზობს ქალაქზე. გასეირნების შემდეგ მიირთვით გემრიელი სასმელებიც. აქ დარწმუნდებით, რომ რომაელებმა ზუსტად იცოდნენ თუ სად რა უნდა ეშენებინათ.

ვახშამი: პიცა

მზის ჩასვლის შემდეგ, შეატყობთ, რომ ქუჩები სტუდენტებით გაივსება. აუცილებლად დააგემოვნეთ ამ უბანში პიცა, რომელიც სხვაგან მომზადებულს ნამდვილად არ გავს. ჩვენ გირჩევთ საკვებ ობიექტს: ProLoco Trastevere.

ღამე: ჟელატო

პიცის მსგავსად, რომი არ უნდა დატოვოთ იტალიური ნაყინის დაგემოვნების გარშე და ისიც აუცილებლად ტრასტევერეში. ეს უბანი ღამით კიდევ უფრო დაგარწმუნებთ, რომ როცა შეყვარებული ხარ, ყველაფერი რომანტიკული ხდება.

როგორ მოხვდებით ტრასტევერეში: რომის ქალაქის ცენტრიდან ამ უბანში მოხვედრა ფეხითაც შესაძლებელია. შეგიძლიათ გაყვეთ 8 ნომერ ტრამვაის ლარგო დი ტორე არგენტინადან. 3 ნომერი ტრამვაი ტრასტევერეს აკავშირებს კოლიზეუმთან, სან ჯოვანისთან და ვილა ბორგეზესთან. პიაცა ვენეციიდან კი მიდიან 780 ნომერი ავტობუსები