დრეზდენში თითქოს ძველი და ახალი ერთმანეთს ეჯახება. ალშტატის უბანში, ბაროკოს ნაგებობები, რომლებიც ქალაქის ისტორიას აირეკლავენ, გასაოცარ კონტრასტს ქმნიან ელბას მდინარეზე გაშენებულ კრეატიულ ნეუშტატთან. ორი დღე საშუალებას მოგცემთ, რომ დრეზდენის ორივე სამყარო გამოიკვლიოთ. ჩვენ ამ ქალაქში 48 საათს დაგიგეგმავთ.

დღე 1

დილა

დაიწყეთ დღე გემრიელი საუზმით. დრეზდენის ძველი ქალაქის უბანი კაფეებითაა სავსე, რომლებიც გემრიელ საუზმეს და ლანჩს გვთავაზობენ. აქ ტრადიციულ გერმანულ საუზმეს და სხვადასხვა რეგიონის ჯანსაღ პროდუქტებს დააგემოვნებთ. ამის შემდეგ, დაიწყეთ ისტორიული ღირსშესანიშნაობების მონახულება.

პირველ რიგში, ეკლესიები: Frauenkirche და Church of Our Lady დაათვალიერეთ. უკანასკნელი მათგანი მშვიდობის გლობალური სიმბოლო გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, კათედრალი ნაღმმა გაანადგურა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მისი რეკონსტრუქცია მოახდინეს.

შუადღე

ლანჩზე რომელიმე ტრადიციულ ყავის სახლში შეჩერდით, იქამდე, სანამ სასახლის კომპლექსს, ზვინგერს ესტუმრებით. აქ შეგიძლიათ უფასოდ დაათვალიეროთ გარე გალერეები და ეზო. მაგრამ, გირჩევთ გადაიხადოთ 10 ევრო და შუა საუკუნეების დროინდელი ნახატებიც იხილოთ.

შემდეგ გეზი სემპეროპერის ოპერის სახლისკენ აიღეთ, რომელიც ზვინგერის სიახლოვეს მდებარეობს. ექსტერიერს მიღმა, მისი გასაოცარი ინტერიერის დათვალიერებაც ღირს.

ქალაქის უძველესი შენობა – სამეფო სასახლეც აქვეა. ბაროკოსა და ნეო-რენესანსის სტილის ფასადი შთამბეჭდავია, თუმცა შიგნით მწვანე აკლდამა დაგხვდებათ – ძვირფასი საგანძურის კოლექცია.

საღამო

Äußere Neustadt – დრეზდენის “ჰიპური უბანია”: მდიდრული ბუტიკებით, თანამედროვე ხელოვნების გალერეებით, კაფე-ბარებით და კლუბებით. ისადილეთ რომელიმე რესტორანში, სადაც ფანტასტიკური გერმანული კერძები, რეტრო ინტერიერი და ელექტრონული მუსიკა დაგხვდებათ. დარჩით ამ უბანში კოქტეილისთვის და გამოიკვლიეთ დრეზდენის აქაური ცოცხალი ღამის ცხოვრება.

დღე 2

დილა

Äußere Neustadt არამხოლოდ ხმამაღალი ბარებითა და კლუბებით გამოირჩევა, არამედ ლამაზი კაფეებითაც, სადაც დილის ყავას მიირთმევთ.

აქედან გაეშურეთ სახელოვნებო ჰაბისკენ – Kunsthofpassage-სკენ. ამ კომპლექს 5 ეზო აქვს, თითოეული მათგანი სხვადასხვა თემატიკას ეძღვნება. როდესაც წვიმს, წყალი მეტალის ელემენტებზე ეცემა და მუსიკალურ ბგერებს წარმოქმნის.

ამის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ლამაზ რძის ნაწარმის მაღაზიას ეწვიეთ სახელად – Pfunds Molkerei, რომელიც ყველის და ვეს ანდერსონის ფილმების მოყვარულებს ძალიან ასიამოვნებს. მთელი ოთახი ფერადი კერამიკის ფილებითაა გსწყობილი და აქ ფოტოების გადაღება იკრძალება.

ალბერპლაცის სიახლოვეს, The World of the GDR-ის მუზეუმი გაჩვენებთ თუ როგორი იყო ცხოვრება გაყოფილ გერმანიაში.

შუადღე

მუზეუმიდან 15 წუთიანი ტრამვაის გზით, ძველ ქალაქში Watzke’s Wurstküche-ს მიაკითხეთ. აქ ბევრნაირ სოსისს დააგემოვნებთ ადგილობრივ საკულტო ლუდთან ერთად.

ავტობუსით ან ტრამვაით უკან ალშტატში დაბრუნდით და საინტერესო ნივთების მაღაზიებში სუვენირები შეარჩიეთ. შოპინგის შემდეგ, Brühlsche-ის ტერასაზე დრეზდენის ლამაზი ხედებით დატკბით და მზის ჩასვლას აქედან დააკვირდით.

საღამო

დაასრულეთ დრეზდენული გამოცდილება გემრიელი სასმლით რომელიმე კუთხის ბარში და დაემშვიდობეთ ამ მშვენიერ გერმანულ ქალაქს.