თურქეთის ქალაქი სტამბოლი სილამაზის, ისტორიის და მეგობრული ხალხის ქალაქია. თუ აქ მხოლოდ მცირე დროით ხართ, შესაძლოა დროის განაწილება გაგიჭირდეთ. თუმცა, 72 საათში შესაძლებელია დაესწროთ კონცერტს, დალიოთ კოქტეილი ლიმნის ბაღში, აღმოაჩინოთ ხიდები, დაათვალიეროთ ტაძრები და დააკვირდეთ მზის ჩასვლას ორ კონტინენტს შორის. ჩვენ აქ 3 დღეს საუკეთესოდ დაგიგეგმავთ.

დღე 1

გამოიკვლიეთ ქალაქის ქუჩები და შეიხედეთ ორთოდოქსულ ეკლესიებში

დილა – თურქული საუზმე

დაიწყეთ დღე ტრადიციული საუზმით კაფე პრივატოში, გალატას ქვაფენილიან ქუჩაზე, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებისა და ქუჩის მუსიკოსების გასწვრივ. დააგემოვნეთ ყველი, იოგურტი, თურქული სტილით მომზადებული კვერცხი, სალათა, სოსისი და ჩაი, იქამდე, სანამ გალატას კოშკს ეწვევით. ის 1348 წელს აშენდა და 63 მ. სიმაღლიდან სტამბოლის პანორამულ ხედს გვთავაზობს. ლეგენდის თანახმად, დაქორწინდები მასზე, ვისთან ერთადაც ამ კოშკზე ახვალ.

შუადღე – ვინტაჟური შოპინგი ბალატაში

კოშკის შემდეგ, გადაკვეთეთ გალატას ხიდი და მალე ბალატას უბანში აღმოჩნდებით. აქ ბევრი ფერადი შენობა და ვინტაჟური ბუტიკია. შეისეირნეთ ფილის ხელოვნების გალერეაში და დალიეთ ყავა კაფეში: Cumbalı Kahve, რომელიც ინსტაგრამ ბლოგერებში ინტერიერითაა ცნობილი. ამ სასიამოვნო შესვენების შემდეგ, მოინახულეთ წმ. გიორგის კათედრალი, ორთოდოქსული ისტორიის საკულტო ნიმუში.

საღამო – წადით ქალაქის ცენტრში და ისიამოვნეთ სტამბოლის ღამის ცხოვრებით

გვიან საღამოს, ტაქსით ან 55T ნომერი ავტობუსით ტაქსიმის მოედანზე აღმოჩნდებით, სტამბოლის არაოფიციალურ ცენტრში. დაუყევით ქუჩას სახელად: İstiklal Caddesi, რომელიც ტანსაცმლის და წიგნების მაღაზიებით, გალერეებით, საცხობებით, რესტორნებით და კინოთეატრებითაა სავსე. დაასრულეთ დღე რომელიმე თურქული ტრადიციული კერძით. მოგვიანებით ეწვიეთ Limonlu Bahçe-ს – ბარს ლიმნის კოქტეილებით.

დღე 2

იხილეთ სტამბოლის მეჩეთები და აზიის ნავსადგური

სტამბოლში მოგზაურობა არ იქნება სრულყოფილი თუ მეჩეთებს არ ეწვევით. უდიდესი სულთან აჰმედის მეჩეთია, ე.წ. “ლურჯი მეჩეთი”. ეცადეთ პარასკევ დღეს არ დაამთხვიოთ, რადგანაც ამ დროს ტაძრებში თითქმის ყველა მუსლიმი მამაკაცი იკრიბება. ქალებმა მეჩეთებში თავსაბურავი უნდა ატარონ და მუხლები და მხრები დაიფარონ. მეჩეთებში შესვლა უფასოა.

დილა – გამოიკვლიეთ რელიგიების შეხვედრის წერტილი

მიდით აია-სოფიაში დილის 9 საათზე, იქამდე, სანამ რიგები დადგება. სტამბოლის მთავარი სიმბოლო, ორი იმპერიის უნიკალური შეხვედრის ადგილია – აღმოსავლეთის და დასავლეთის, ისლამის და ქრისტიანობის. ბიზანტიის იმპერიის მიერ აგებული მეჩეთი დღეს მუზეუმია და ისლამურ ნაწერებსა და ქრისტიანულ ქანდაკებებს აერთიანებს. ის ბრწყინვალე მაგალითია იმის, რომ სხვადასხვა რელიგიებს თანაარსებობა შეუძლიათ.

აია-სოფიადან რამდენიმე წუთის გზაზე, იხილეთ სულთან აჰმედის მეჩეთი, რომელსაც ლურჯ მეჩეთსაც უწოდებენ. Topkapi Palace – მსოფლიოს უძველესი და უდიდესი სასახლე, ლურჯ მეჩეთთან ახლოსაა. თუ ფოტოების გადაღება გიყვართ, აუცილებლად მოინახულეთ სტამბოლის ეს ყველაზე ესთეტიკური ადგილიც.

შუადღე – დააგემოვნეთ სტამბოლის ცნობილი კოფტე

მიირთვით თურქული ლანჩი – კოფტე, გრილზე მომზადებული ცხვრის ხორცის ბურთულები ბრინჯით და სალათით. შემდეგ კი დესერტი, ბაქლავა დააყოლეთ.

საღამო – დატკბით მზის ჩასვლით ბოსფორუსიდან

სულთანაჰმეტის უბნიდან ტრამვაის ემინონუს სადგურამდე გაყევით და ბორნით სტამბოლის აზიურ ნაპირზე მოხვდებით. ნახევარ საათიანი მგზავრობა წყალზე, კონტინენტებს შორის, ქალაქის საოცარ ხედებს გთავაზობთ.

დღე 3

დილა

დაიწყეთ დღე დიდი ბაზარით – ეს ქალაქის ანტიკური ბაზარია. გაიყოლეთ თურქული ყავა დაუსრულებელ რიგებში სეირნობისას. სიცხეში კი თავი თურქული ნაყინით – დონდურმათი გაირთეთ. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ თურქული ხალიჩები, ფერადი ლამპები, კერამიკის ჭურჭელი, ჩილიმები, სამკაული, ბალიშები, ნაჭრის აქსესუარები, თურქული ტკბილეული და აშ.

შუადღე

გემრიელი ლანჩის დროა! შოპინგის შემდეგ, თურქული ქაბაბის საჭმელად გაემართეთ. კვების ობიექტს სახელად: Gelgör Kebap Salon, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ქაბაბი აქვს. მის სიახლოვეს Gülhane Park-ს აღმოაჩენთ – სტამბოლის გამორჩეულ მწვანე სივრცეს! ერთ დროს კერძო საკუთრება, დღეს არქეოლოგიურ მუზეუმს და ტექნოლოგიების მუზეუმს აერთიანებს. თუ ტიტების ყვავილობის პერიოდი არაა, აქაური ფლორა მაინც აღგაფრთოვანებთ.

საღამო

გაისეირნეთ უბან ნისანტასის მდიდრულ ქუჩებში, რომელიც მოდის მოყვარულებს ძალიან უყვართ. აქ ბევრ ექსკლუზიურ სამოსს და თანამედროვე აქსესუარს აღმოაჩენთ.