ჰალკიდიკი ჩრდილოეთ საბერძნეთის პოპულარული ადგილია, თესალონიკთან ახლოს. ღვინის დეგუსტაციიდან დაწყებული, ცნობილი ფესტივალებით დამთავრებული, ჩვენ გეტყვით, რატომ უნდა შეიტანოთ ჰალკიდიკი საბერძნეთის სანახავი ადგილების სიაში.

ბერძნები დაგიდასტურებენ, რომ ჰალკიდიკის სამი ნახევარკუნძულიდან ქვეყნის საუკეთესო ხედები მოსჩანს. ვინ დაივიწყებს ათონის მთას, სითონიას ქუჩებს, კასანდრას ლამაზ სანაპიროებს და ანტიკურ პეტრალონას გამოქვაბულს?

ესტუმრეთ სანაპიროებს

ჰალკიდიკი მდიდარია საოცარი სანაპიროებით – კრისტალივით სუფთა წყლით და ქვიშიან სანაპიროებზე გაშენებული თევზის ტავერნებით. კასანდრაში ეწვიეთ სანის – გლამურულ ნაპირს ან პოსიდის ოჯახური/მეგობრული გარემოცვისთვის. სითონიაზე ყველაზე მეტი სანაპიროა. მათგან გამოვარჩევდით კალამითსის და სარტის ათონის მთის ხედით.

ისეირნეთ ველოსიპედით დაუსრულებელ გზებზე

ჰალკიდიკიზე დაახლოებით 100 კილომეტრიანი ველოსიპედის გზაა. სითონიას ნახევარკუნძული ყველაზე პოპულარულია. აქ საშუალო სირთულის გზაა: სწორი მაგრამ შიგადაშიგ ბორცვებით.

იცეკვეთ

მღელვარე ღამის ცხოვრებისთვის ჰალკიდიკიზე კასანდრას უნდა მიაკითხოთ. ის ნამდვილად დააკმაყოფილებს ყველა წვეულების მოყვარულს: კლუბები, ლაუნჯ ბარები და ზღვისპირა ტავერნები ყველანაირი გემოვნების ადამიანებს ერგებიან. ეწყობა წვეულებები პირდაპირ ქვიშაზეც, დიჯეების თანხლებით.

ესტუმრეთ საბერძნეთის „სამოთხე ქალაქს“

ორთოდოქსი ქრისტიანებისთვის, ათონის მთა მეორე იერუსალიმია. მას „ქალაქ-სამოთხესაც“ უწოდებენ. ათონის მთაზე 20-ზე მეტი მონასტერია, სადაც უზარმაზარი კარიბჭით მოხვდებით. აქ ბიზანტიური ჰიმნების ფონზე ზღვის საოცარი ხედებით დატკბებით.

შეხვდით პირველ ადამიანებს პეტრალონას გამოქვაბულში

ამ გამოქვაბულს ევროპაში ყველაზე ლამაზი გამოქვაბულის სახელი აქვს. სტალაქტიდები და სტალაგმიტები სიბნელეში თითქოს ბრწყინავენ. ყველაზე შთამბეჭდავი ერთ-ერთი პირველი ადამიანის ჩონჩხია, რომელიც დაახლოებით 700 000 წლის წინ გარდაიცვალა.

გაერთეთ ფესტივალებზე

ჰალკიდიკიზე ზაფხულობით ფესტივალების ცვენაა. ერთ-ერთი საუკეთესო აგიოს მამას ფესტივალია სექტემბრის დასაწყისში, კონცერტებითა და ბაზრობით. სანი ფესტივალს ხელოვნების გამოფენები და თეატრალური წარმოდგენები გამოარჩევს. პოლიგიროსის კარნავალი კი აღლუმს და განძის ძიებას გვთავაზობს.

დალიეთ ღვინო მარანში

ჰალკიდიკიზე ღვინის კეთების ტრადიციულ ტექნიკასა და თანამედროვე სტილს აერთიანებენ. ესტუმრეთ კასანდრას და სითონიას მთებს – მარნები მთელი წლის მანძილზე ღიაა, თუმცა საუკეთესო გამოცდილებას შემოდგომაზე მიიღებთ.

იხტუნავეთ კუნძულებზე

ამულიანი ჰალკიდიკის ერთადერთი დაუსახლებელი კუნძულია. ჩადით ურანუპოლის ყვავილებით მორთულ ქალაქში, შემდეგ ჩახტით ისევ ნავში და დრენიას ესტუმრეთ – 6 პატარა სამოთხეს ქვიშიანი სანაპიროებით.