შეუძლებელია სან სებასტიანის შარმმა არ მოგხიბლოთ. გარდა იმისა, რომ აქ კულინარია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი, ქალაქის უნიკალური ლანდშაფტი ნამდვილად შთამბეჭდავ გარემოს ქმნის. ჩვენ გირჩევთ თუ რა უნდა მოინახულოთ სან-სებასტიანში.
ქალაქის მერია/Ayuntamiento de San Sebastián
მე-19 საუკუნეში აგებული ეს შენობა არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა. სანაპიროსა და ისტორიულ უბანს შორის მდებარე მერია ულამაზესი ედერ ბაღის გვერდითაა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ის ნაციონალისტებისა და რესპუბლიკელების დაპირისპირების ადგილი იყო. 1936 წელს, აქ დაამარცხეს გენერალი ფრანკო. 1947 წლიდან კი შენობა ქალაქის მერიას დაეთმო.
სან ტელმოს მუზეუმი/Museo de San Telmo
სან ტელმო უდიდესი მუზეუმია, რომელიც ბასკურ ისტორიას ეძღვნება. ის ურგულის მთაზე მდებარეობს და 25000-ზე მეტ ისტორიულ არტეფაქტს აერთიანებს. რენესანსის, გოთიკის და თანამედროვე ხელოვნების მიქსი არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნებაში აისახება და რეგიონის ისტორიას გადმოსცემს.
მონტე იგუელდო/Monte Igueldo
ადით ქალაქის უმაღლეს წერტილში და დატკბით სან-სებასტიანის პანორამული ხედით. მონტე იგუელდოზე ფუნიკულიორის ანტიკური რკინიგზა ადის. იქ ელ ტორეონი დაგხვდებათ, მე-16 საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე. აქვე ნახავთ გასართობ პარკსაც, სადაც ბავშვებისთვისაც და ზრდასრულებისთვისაც, ბევრი ატრაქციონია.
ბუენ პასტორის კათედრალი/La Catedral del Buen Pastor
ამ კათედრალის სტილი შუასაუკუნეების გერმანულ და ფრანგულ სტილს აერთიანებს. დღეს ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მნიშვნელოვან რელიგიურ შენობად ითვლება. აუცილებლად მოუსმინეთ ამ ტაძრის ორღანს.
კონჩას სანაპირო/Playa de la Concha
სან-სებასტიანის მთავარ სანაპიროს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ურბანული ნაპირი აქვს. მარია კრისტინას ულამაზესი თაღი ქალაქს ქვეყნის საზაფხულო დედაქალაქის წოდებას ანიჭებს. აქ მშვიდი ატმოსფერო დაგხვდებათ.
მირამარის სასახლე/Palacio de Miramar
ეს ისტორიული შენობა სამეფო ოჯახის დასასვნებელ სახლს წარმოადგენდა. ინგლისელმა არქიტექტორმა ის ინგლისური კოტეჯის სტილში ააგო. აქედან ხედი სანაპიროზე იშლება. დღეს, სასახლის ბაღები საჯაროდაა ღია.
მონტე ურგული/Monte Urgull
მონტე ურგულის უმაღლეს წერტილში მოტას ციხესიმაგრე მდებარეობს, სადაც დღეს ისტორიის მუზეუმია. 12 მ. სიმაღლის გულის ქანდაკება, ქალაქს მწვერვალიდან გადმოჰყურებს. აქაური სასეირნო ზოლი სან-სებასტიანში ყველაზე მშვიდი და ლამაზია.
ფინთხოსი/Pintxos
სან სებასტიანი თავისი სამზარეულოთი გამოირჩევა. ქალაქი სავსეა ბარებით, სადაც სხვადასხვანაირ ფინთხოსს დააგემოვნებთ. ეს ტრადიციული ტაპასია, რომელიც ღვინოსთან ერთად უნდა მიირთვათ. შეგიძლიათ ჩაეწეროთ ფინთხოსის სპეციალურ ტურზე. ისინი ქალაქის საუკეთესო ადგილებს მოგატარებენ და ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობენ.
სანტა კლარას კუნძული/Santa Clara Island
კონჩას სანაპიროსთან სანტა კლარას კუნძულს შენიშნავთ, სადაც ბორანით შეგიძლიათ მოხვედრა. პაწაწინა კუნძულს პატარა სანაპირო აქვს, ქალაქზე ულამაზესი ხედით. აქ ნახავთ კაფეს და შუქურას. ურგულისა და იგუელდოს მთებს შორის მოქცეული სანტა კლარა იდეალური ადგილია ქალაქიდან გასარიყად და პიკნიკის დასაგეგმად.