ხმელთაშუაზღვისა და არაბული კულტურის უნიკალური მიქსი – მალტას უამრავი რამის შემოთავაზება შეუძლია იმისთვის, რომ თქვენი არდადეგები სიცოცხლით სავსე და აქტიური გახადოს. ნებივრობა ცისფერ ლაგუნაში, შოპინგი მდინაზე თუ როტუნდას ისტორიაში ჩაძირვა – წარმოგიდგენთ ადგილებს, რომლებსაც უნდა ესტუმროთ მაშინ, როცა თავს მალტაზე ამოყოფთ.

მდინა 

ცნობილი როგორც „ჩუმი ქალაქი“, მალტას ყოფილი დედაქალაქი მდინა ნამდვილად გასიამოვნებთ. მისი მაღალი კედლების მიღმა ფეთქავს ქალაქი, რომელიც თითქმის 4000 წელს ითვლის. შუასაუკუნეებში მდინა დიდგვაროვანთა ქალაქად მიიჩნეოდა, რადგანაც აქ ბევრი წარჩინებული ოჯახი ცხოვრობდა. დღეს ამ ისტორიული ქალაქის მაცხოვრებლები სწორედ იმ ოჯახების შთამომავლები არიან, რადგანაც სახლები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. აქ ტრანსპორტი აკრძალულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მდინა ფეხით უნდა მოიაროთ. გაჰყევით ვიწრო ქუჩებს და შეიგრძენით ქალაქი, სადაც დრო თითქოს გაჩერებულია.

„სოფლის ნადიმი“

მალტაზე წლის განმავლობაში 14 ეროვნული დღესასწაულია, მათ შორის თავისუფლების დღე (ბრიტანული არმიის მალტადან გასვლის იუბილე). ნაციონალურ დღესასწაულებთან ერთად, მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში, თითოეული სოფელი საკუთარ ლხინს აწყობს. ყველა სოფელს თავისი წმინდანი ჰყავს და ადგილობრივები ტრადიციულ ფესტივალებში ერთვებიან. ამ დროს ქუჩებს ბენდები, საკვებით სავსე მაგიდები, დროშები და ქანდაკებები მოიცავენ. ადგილობრივი კომპანიები სამუშაო საათებს ზრდიან და გართობა გათენებამდე გრძელდება. ღონისძიების საკულტო ნაწილი ფეირვერკია, რომელიც ყოველ წელს უფრო და უფრო იხვეწება.

მისასალმებელი ქვემეხი

ეს არის უძველესი ცეცხლსასროლი მსოფლიოში, რომელიც კვლავ მუშა მდგომარეობაშია და კუნძულის დედაქალაქს 500 წელია რაც შემოტევებისგან იცავს. აქ დატკბებით თვალწარმტაცი ხედებით გრანდ ჰარბორზე, საიდანაც სამი ქალაქი: სენგლია, ვიტორიოზა და ქოსფიქუა მოსჩანან. ცეცხლს ზუსტად შუადღეს უშვებენ, ამიტომაც ესტუმრეთ ამ ადგილს დილის 11:45ზე.

წმ. პოლის კატაკომბები

ყველაზე დიდი რომაული მავზოლეუმი, დათარიღებული მეოთხე და მეცხრე საუკუნეებით, მალტაზე მდებარეობს, მდინასთან ახლოს. მდინას მანამდე „მელიტას“ უწოდებდნენ და ის მალტას რომაულ დედაქალაქს წარმოადგენდა. კანონის მიხედვით, ქალაქის კედლებში გარდაცვლილთა დასაფლავება არ შეიძლებოდა, ამიტომაც კატაკომბები შეიქმნა. თუმცა მათ არაფერი აქვთ საერთო წმ. პოლთან, ეს სახელი ადგილს მხოლოდ და მხოლოდ ლოკაციის გამო დაერქვა.

სოფელი თა’ქალი

უნიკალური საჩუქრებისა და სუვენირებისთვის ესტუმრეთ თა’ქალის. ეს პატარა, მაგრამ კარგად მოწყობილი „ნივთების სოფელი“ ომის დროინდელ აეროდრომზე მდებარეობს. აქ პატარა ქოხებში ყველანაირ საჩუქარს წააწყდებით. ვორქშოფებზე კი გაჩვენებენ ოსტატების უნარებს და საკუთარი თვალით დააკვირდებით თუ როგორ მზადდება ტრადიციული საჩუქრები, რომელთა გერშეც მალტას ვერ დატოვებთ.

სლიემა

ქალაქი სლიემა სავსეა ბარებით, რესტორნებითა და მაღაზიებით, მაგრამ ის არ არის ისეთი დატვირთული, როგორც დედაქალაქი ვალეტა. სლიემა მალტას უდიდესი სანაპირო კურორტია და ბრწყინვალე ადგილია დღის გასატარებლად. ეს ადგილი უნიკალურია იმით, რომ აქ ძველი ახალს ერწყმის და მალტას ნებისმიერი წერტილიდან ადვილად შეძლებთ მოხვედრას. ტრადიციული შენობები წლების განმავლობაში ინარჩუნებენ იერსახეს და აუცილებლად მოხიბლულს დაგტოვებთ.

ცისფერი გამოქვაბული

ამ მშვენიერ ადგილს ბუნებრივად ჩამოყალიბებული გამოქვაბულები და 30 მ. სიმაღლის თაღი ქმნის. ის წლის განმავლობაში 100 000-ზე მეტ ტურისტს იზიდავს და არწმუნებს, რომ აქ სიცოცხლეში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოხვდეს. გამოცდილი მეზღვაურები ვიზიტორებს გამოქვაბულებში მიუძღვებიან, სადაც წყალი მრავალფეროვან და უნიკალურ ტონალობებს აირეკლავს. ვიზიტი შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, ამიტომაც აქ ფოტოს გადაღების შანსი არ უნდა  გამოტოვოთ!

ვალეტა შობაზე

ბევრი სხვა დედაქალაქის მსგავსად, ვალეტა შობაზე საკმაოდ დატვირთული ხდება. წლის ამ დღესასწაულზე აქ სტუმრობა წარუშლელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. საახალწლო განათებები, ქუჩის მომღერლები, საბავშვო აქტივობები – ვალეტაში შობის ორომტრიალი დეკემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. ქუჩის განათებებთან ერთად ტრადიციული ნაძვის ხე ქალაქის გული ხდება.

წმ. პეტრეს აუზი

წმ. პეტრეს აუზი ცურვის მოყვარულთათვის საოცნებო ადგილია. ხშირად მას ბუნებრივ საცურაო აუზს უწოდებენ, რადგანაც წყალი ძალიან სუფთაა და გარშემო არსებული ლოდები მასში სასწრაფოდ ჩახტომას გვაიძულებენ. ბრტყელი კლდოვანი ნაპირების წყალობით დამსვენებლებს შეუძლიათ მთელი დღე წამოწოლილებმა გაატარონ, როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში.

Ghadira Bay

მალტის ყველაზე პოპულარული და დიდი ქვიშიანი სანაპირო, კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობს. Ghadira Bay მშვენიერი ადგილია სანაოსნოდ და ბავშვებისთვის წყლით დასატკბობად. მზის ქოლგების ქირაობა მთელი დღის მანძილზე ხელმისაწვდომია. ასევე, აქ შეხვდებით სხვადასხვა გადახურულ დასასვენებელ სივრცეებს. უბრალოდ ესტუმრეთ მას და სრულფასოვანი რელაქსაცია გარანტირებულია.

Rotunda of Mosta

როტუნდას გუმბათი მსოფლიოში სიდიდით მესამეა. მისი დიზაინი ჯიორჯიო გროგნეტ დე ვასს ეკუთვნის და ის 1833 წლიდან 1860 წლამდე პერიოდში ადგილობრივთა დონაციების მეშვეობით აიგო. მეორე მსოფლიო ომის დროს, ტაძარში ბომბი ჩამოვარდა, თუმცა არ აფეთქდა. 300-ზე მეტმა ადამიანმა ლოკაცია უვნებლად დატოვა. ნაღმის რეპლიკა დღეს დარბაზშია წარმოდგენილი.

ნაციონალური აკვარიუმი

ამ აკვარიუმს საკმაოდ დიდი მანძილიდანაც შენიშნავთ. სხვადასხვა განყოფილებებები მალტას სხვადასხვა თემას წარმოაჩენს: ვალეტას ნავსადგურს, რომაულ პერიოდს და ტროპიკულ ოკეანეს. რეპტილიების სექციაში ვიზიტორებს საშუალება აქვთ ყველაზე უცხო ზღვის არსებები იხილონ. ასევე, აკვარიუმი მართავს სხვადასხვა ღონისძიებებს დიდებისა და პატარებისთვის. აქ დროს ნამდვილად ნაყოფიერად გაიყვანთ.

ლასკარის ომის ოთახები

ეს ადგილი მეორე მსოფლიო ომის დროს საომარი ოპერაციების სათაო ოფისი იყო. მიწისქვეშა ოთახები ზუსტად ისევეა წარმოდგენილი, როგორც მანამდე – ორიგინალი რუქით კედელზე. იხილეთ გენერალ ეიზენჰაუერის მაგიდა, რომელზეც ის გახმაურებულ ჰასკის ოპერაციაზე მუშაობდა. ეს იყო სიცილიის დაპყრობის გეგმა.

მდინას შუშა

მდინას შუშა პირველი კომერციული შუშის ჭურჭლის მწარმოებელია მალტაზე, რომელიც 1968 წელს გაიხსნა. თითოეული ნივთი ხელნაკეთია. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ფერის ჭურჭელი სახლისთვის. ყველაზე დიდი მაღაზია თა’ქალის სოფელში მდებარეობს, სადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ კიდეც ოსტატს, თუ როგორ ქმნის ამ შესანიშნავ ნივთებს.

სოფელი პაპაი

1980 წლის ფილმი „პაპაი“ რობინ უილიამსის მონაწილეობით სწორედ აქ არის გადაღებული.  გაატარეთ 1 დღე სამოთხეში: დაათვალიერეთ შენობები, დატკბით მათი აუზებით, გაისეირნეთ ნავით, უყურეთ ანიმატორებს და მიირთვით გემრიელად. გადასაღები მოედანი ვიზიტორებისთვის მთელი წელი ღიაა. იქ მოხვედრა სპეციალური ავტობუსებითაა შესაძლებელი.

ტა’პინუს საკურთხეველი

ცნობილი როგორც „სასწაულების ეკლესია“, ეს საკურთხეველი გოზოში მდებარეობს და 1534 წლით თარიღდება. ტურისტები აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. 1575 წელს მისი დანგრევა გადაწყვიტეს, თუმცა თქმულების თანახმად, მუშამ, რომელმაც ეკლესიას ნაჯახი მოუქნია, ხელი მოიტეხა. საკურთხეველი შენარჩუნდა და მას შემდეგ ოცნებების ტაძარს უწოდებენ.

თავშესაფარი Mellieha Air Raid

სოფლის მაცხოვრებელთა დაცვა მეორე მსოფლიო ომში ჩამოგდებული ბომბებისგან – აი რას ემსახურებოდა მიწისქვეშა თავშესაფრების არსებობა. კუნძულზე ერთ-ერთი უდიდესი თავშესაფარი სიგრძეში 500მ იქნება. ყველა თავშესაფარი ხელითაა გათხრილი. ოჯახებს საშუალება ჰქონდათ თავისთვის ცალკე ოთახები გაეთხარათ და ამის დასტურს თქვენც შენიშნავთ. დაათვალიერეთ ადგილი, რომელიც ერთ დროს, 4000-მდე მაცხოვრებლის და 1100 ლტოლვილისთვის უსაფრთხო ნავსაყუდელად იყო ქცეული.

ცისფერი ლაგუნა და კომინო

მალტასა და გოზოს შორის პატარა კუნძული – კომინო მდებარეობს. ამ მანქანებისგან თავისუფალ ადგილას მხოლოდ 1 სასტუმრო დგას. კუნძული ფაქტობრივად დაუსახლებელია. ცისფერი ლაგუნა იწვევს მოყვინთავეებს და ცურვის მოყვარულებს. თეთრი ქვიშით გარემოცული მარილიანი, ლაჟვარდოვანი, სუფთა წყალი თავს სამოთხეში გაგრძნობინებთ. ეს არის შესანიშნავი ადგილი ცოტახნით ქალაქის ხმაურს და ქაოსს მოწყდეთ.

წმ. ჯონის კათედრალი

წმ. ჯონ ბაპტისტისთვის მიძღვნილი კათედრალი 1572-1577 წლებში აიგო. ბაროკოს სტილში აგებულ ტაძარში ჭრელი მარმარილოს იატაკი დაგხვდებათ, მოხატული ჭერი და ოქროს დეტალები, რომლებიც იმ დროინდელ სიმდიდრეს გამოხატავენ. აქ კარავაჯოს ორ შედევრსაც იხილავთ.

Ħal Saflieni Hypogeum

ამ პრეისტორიულ მიწიქვეშა აკლდამაში დღეში მხოლოდ 80 ვიზიტორს უშვებენ, ამიტომაც ბილეთები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ის 1900-იანი წლების დასაწყისში შემთხვევით აღმოაჩინეს და დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე. იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცნობით, ამ ადგილას 7000-მდე ადამიანი დაარბიეს. კედლებზე სიმბოლოები დღემდეა შემორჩენილი.