მშვენიერი იდეაა ეწვიოთ კომინოს მალტაზე ყოფნის დროს! ის ცნობილია კლდეებით გარშემორტყმული ცისფერი ლაგუნით, სადაც გამჭვირვალე ცისფერი წყალია. ის მალტასა და გოზოს კუნძულს შორის მდებარეობს და აქ მოხვედრა მხოლოდ წყლითაა შესაძლებელი. მალტას თითქმის ყველა ლოკაციიდან (ვალეტა, ბუგიბა, ცირკევა, მარფა, წმ. პოლის სანაპირო, გოზოს კუნძული…) დადიან კომინოზე სტანდარტული ნავები, იალქნიანი იახტები და მცირე ზომის გემები. ლურჯი ლაგუნის გარდა, აქ ნახავთ გამოქვაბულებს და კრისტალურ ლაგუნას.
კომინოს კუნძულის სახელი მცენარე ძირადან (cumin) მოდის, რომელიც აქ გაზაფხულზე იზრდება.
მას შემდეგ რაც კომინოზე მალტადან ან გოზოდან მოხვდებით, ჩენ აქ აუცილებლად სანახავ ადგილებს და აქტივობებს გირჩევთ:
1. ლურჯი ლაგუნა
მალტაზე ბევრი ადამიანი მხოლოდ ამ ადგილისთვისაც ჩამოდის. ეს ბუნების საოცარი მშვენება საცურაოდ და ფოტოების გადასაღებად იდეალური ადგილია. ლურჯი ლაგუნის მოპირდაპირეს, შეგიძლიათ პატარა კუნძულ კომინოტოზეც იცურაოთ. იმისათვის, რომ კარგი ადგილი შეარჩიოთ, ადრიანად მიდით, რადგანაც 10 საათიდან სივრცე ხალხით ივსება. აქ განთავსებულია ჩამკეტი სათავსოებიც თუ ცურვის დროს ნაპირზე რაიმეს დატოვება გაშინებთ.
2. კრისტალური ლაგუნა
ის უფრო მშვიდია ვიდრე ლურჯი ლაგუნა. მას ყვინთვისთვის მალტაზე საუკეთესო ადგილად მიიჩნევენ. თუ წყალში გადახტომა გიყვართ, აქ რამდენიმე კლდეა შესაფერისი ამ მიზნისთვის.
3. კომინოს სხვა სანაპიროები
კომინოზე ორი კარგი სანაპიროა, ლურჯ ლაგუნაზე ნაკლებად დატვირთული: სანტა მარიას სანაპირო – ქვიშიანი სანაპიროა კრისტალურად სუფთა წყლით, რომელიც ლურჯი ლაგუნადან 20 წუთის ფეხით სავალზე მდებარეობს.აქ საკვების მირთმევაცაა შესაძლებელი. სან ნიკლაუ/San Niklaw beach – კი პატარა, სასიამოვნო ნაპირია.
4. გაისეირნეთ კომინოს გარშემო
თუ მთელი დღის წყალში გატარება არ გსურთ და სანაპირო დაგღლით, კომინო ფეხითაც დალაშქრეთ. 3 საათიანი სალაშქრო გზით აქაურ ულამაზეს ლანდშაფტს დაათვალიერებთ და ტურისტებისგან შორს იქნებით. შემოუარეთ კუნძულს საათის ისრის საწინააღმდეგოდ. დაიწყეთ წმ. მარიას კოშკით. შეგიძლიათ ამ მე-17 საუკუნის ყოფილ საათის კოშკზე ახვიდეთ და 360 გრადუსიანი ხედით დატკბეთ. კოშკში შესასვლელად მცირედი დონაციის გაღებაა საჭირო – 1 ან 2 ევრო ადამიანზე. ღიაა ვიზიტორებისთვის მაშინ, თუ მასზე დროშა ფრიალებს. აქედან კიდევ ერთი წმ. მარიას სახელობის ნანგრევების გავლით, სანტა მარიას სანაპიროზე მოხვდებით. იქიდან კი 20 წუთში უკან ლურჯ ლაგუნაზე.
რჩევა: კომინოს სალაშქრო ბილიკი არც ისე მარტივია, ასე რომ გაითვალისწინეთ რომ მოხერხებული ბოტასები გეცვათ და არა ღია ფეხსაცმელი. თან იქონიეთ წყალი.
5. დაივინგი კომინოზე
კომინო დაივინგისთვისაც მშვენიერი ადგილია. აქ გამოიკვლევთ წყალქვეშა სამყაროს და იხილავთ ულამაზეს თევზებს. კრისტალური ლაგუნა, სანტა მარიას გამოქვაბული და კომინოტოს კლდე – ამ მიზნით საუკეთესო ადგილებია.
ცურვა, ყვინთვა და ლაშქრობა – კომინოს კუნძულის 3 მთავარი აქტივობაა. ასევე, შეგიძლიათ იქირაოთ კაიაკები და წყლის თხილამურებიც.