იტალიურ ქალაქ ნეაპოლსა და კუნძულ ისკიას შორის, პატარა კუნძული პროჩიდა მდებარეობს. მშვენიერი იდეაა, რომ მას ნეაპოლში ყოფნისას ეწვიოთ. პროჩიდა უფრო პოპულარულ ისკიას და კაპრის არ ჩამოუვარდება. ეს ფერადი კუნძული 2022 წელს “იტალიის კულტურის დედაქალაქიც” კი გახდა. ჩვენ აქ 10 აქტივობას გირჩევთ.
1 გაისეირნეთ მარინა გრანდეზე
პროჩიდადან ბორანი ფოტოგენურ მარინა გრანდემდე მიგიყვანთ, სადაც ფერადი სახლებია ჩამწკრივებული და ბულვარი დიდ ნავსადგურს მიუყვება. ეს კუნძულის კომერციული გულია, სადაც სასტუმროებს, რესტორნებს და სუვენირების მაღაზიებს აღმოაჩენთ. მოინახულეთ მე-18 საუკუნის სანტა მარია დელა პიეტას ეკლესია ყვითელი ფასადით.
2 დაისვენეთ სანაპიროებზე
ნეაპოლის სიახლოვეს მდებარე ყველა სანაპირო გამჭვირვალე ლურჯი და სუფთა წყლით გამოირჩევა. არც პროჩიდაა გამონაკლისი. Chiaiolella ცნობილია მუქი, ვულკანური წარმოშობის ქვიშით და ქვის ფორმაციებით. Pozzo Vecchio და Punto Ottima ქვიანი სანაპიროებია. Ciraccio Beach კი ყველაზე გრძელი ქვიშის სანაპიროა კუნძულზე.
3 ადით ტერა მურატაზე
Terra Murata – თითქოს მარინა გრანდედანაა ცისკენ აზიდული. ეს კლდოვანი ციხე-სიმაგრე პირველია, რასაც პროჩიდაში ჩასვლისას დაინახავთ. შეგიძლიათ ახვიდეთ ფეხით, კიბის მეშვეობით, ან გამოიყენოთ ავტობუსი და ტაქსი. დატკბით ხედებით ჩიტის სიმაღლიდან და დაათვალიერეთ ვიწრო, მე-16 საუკუნის დროინდელი ქუჩები.
4 დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტები
Chiaiolella – კუნძულის მორიგი კომერციული ცენტრია. ის სათევზაო სოფელს წარმოადგენს. ზღვისპირა ბულვარში პასტელური შეფერილობის სახლებია. აქ ადგილობრივი წარმოების ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებს დააგემოვნებთ. დაიკავეთ მაგიდა რომელიმე დატვირთულ ბარში და დააკვირდით გემების გასვლა-შემოსვლას ნავსადგურში.
5 იპოვნეთ შესასვლელი
Casale Vascello – ტერა მურატას სიახლოვეს მდებარეობს და თავდაცვითი შიდა არქიტექტურის ბრწყინვალე მაგალითია. პროჩიდა დიდი ხნის მანძილზე იყო ნეაპოლის სტრატეგიული პრიზი და მას ხშირად ესხმოდნენ თავს. მოსახლეობამ კი გადაწყვიტა ეზოებში მალული საერთო შესასვლელები გაეკეთებინათ. იპოვნეთ აქ არსებული მხოლოდ ორი შესასვლელი.
6 ვიწრო ხიდით გადადით ვივარაზე
პროჩიდას სამხრეთ ნაწილში, სანტა მარგარიტას ბოლოს, 100 მეტრიანი საფეხმავლო ხიდია, რომელიც პროჩიდას სხვა სამყაროსთან აკავშირებს. ეს კუნძული ვივარაა. ის ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული დაუსახლებელია და აქ ველურ ბუნებას გაეცნობით. კუნძულზე რამდენიმე სალაშქო ბილიკია.
7 მოინახულეთ მიტოვებული ციხე
Palazzo D’Avalos – ძველი, ისტორიული ციხეა, რომელიც ტერა მურატას ნაწილს წარმოადგენს. თავიდან ის აშენდა როგორც კარდინალის სასახლე, მაგრამ შემდეგ სამხედრო აკადემიად და ბოლოს ციხედ გადაიქცა. დღეს აქ არქეოლოგიური მუზეუმი, ბაღი და ხელოვნების გალერეაა.
8 ესტუმრეთ ცნობილი ფილმების გადასაღებ მოედნებს
პროჩიდაზე გადაიღეს Il Postino: The Postman, რომელმაც 1994 წელს ოსკარის დაჯილდოვებაზე 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. მოიპოვა წლის საუკეთესო ფილმის წოდება. პროჩიდა იყო გამოგონილი სოფელიც ფილმში “ნიჭიერი მისტერ რიპლი”. გამოჩნდა დრამაშიც “კლეოპატრა”, რიჩარდ ბარტონის და ელიზაბეტ ტეილორის მონაწილეობით. ეძებეთ ეს ლოკაციები Marna di Corricella-ზე და Spiaggia di Pozzo Vecchio-ზე.
9 დატკბით საოცარი მზის ჩასვლით
ხმელთაშუაზღვის სანაპირო ქალაქები მზის ჩასვლისას პასტელურ შენობებზე თბილ ფერებს აირეკლავს და დაისის ცქერას განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის. იპოვნეთ კუნძულზე მაღალი წერტილი ხედით და აქციეთ საღამო დაუვიწყარ მოგონებად. ჩვენ გირჩევთ მარინა კორიჩელას.
10 დაკავდით კაიაკით
აქ გეძლევათ შანსი, რომ პროჩიდას გარშემო კაიაკით ისეირნოთ და არემარე განსხვავებული პერპექტივით, წყლიდან შეაფასოთ. ტურის განმავლობაში დაგათვალიერებინებენ გამოქვაბულებს და კლდეებსაც, რომლებიც ხმელეთიდან არ ჩანს.