ფლორენცია ხელოვნებისა და არქიტექტურის საოცარ ნიმუშების წარმოგვიდგენს. ქალაქი ცნობილია შთამბეჭდავი კათედრალით, საათის კოშკით, უფიცის გალერეით და პონტე ვექიოთი. თუმცა, ტურისტულად ცნობილი ადგილების მიღმა, აქ ფარული სიმდიდრეებიც იმალება.

აპენინის კოლოსი ვილა დამიდოვზე

ფლორენციის ისტორიული ცენტრიდან 30 წუთის სავალ გზაზე, ვილა დამიდოფი მდებარეობს: ელეგანტური ვილა ლამაზი ბაღით, სადაც მე-16 საუკუნის გასაოცარი ქანდაკება, აპენინოს კოლოსი დგას. თუ ამ ქალაქში მოგზაურობისას ზედმეტი დრო გაქვთ, ეს ბაღი ნამდვილად ღირს ნახვად.

სან მარკოს მუზეუმი

თუ ფლორენციაში უკვე ნამყოფი ხართ ან დიდი ხნით რჩებით, ცნობილი და დატვირთული მუზეუმებისგან თავი შეიკავეთ და სან მარკოს ეწვიეთ. ის დომინიკური მონასტრის შიგნით მდებარეობს და მე-16 საუკუნის ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს. აქ შესასვლელად რიგში დგომა ნამდვილად არ მოგიწევთ.

ტოდო მოდო

ლამაზი ბაზილიკიდან, მარია ნოველადან რამდენიმე ნაბიჯში, საინტერესო წიგნის მაღაზიას წააწყდებით, სადაც ინგლისური და იტალიური ლიტერატურაა თავმოყრილი. ტოდო მოდო არამხოლოდ წიგნის მაღაზია, არამედ წასახემსებელი ადგილიცაა.

ბორგო სან ჯაკოფო

თუ ტურიტები მოგბეზრდათ, არნოს მდინარის მეორე მხარეს, ოლტრარნოში გადადით. ის ფლორენციის ნაკლებად დატვირთული უბანია. პონტე ვექიოს სიახლოვეს საიდუმლო ქუჩას იპოვნით: ბორგო სან ჯაკოფოს. დატკბით თვალწარმტაცი ხედებით ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე.

სანტა მარია ნოველას აფთიაქი

ეს აფთიაქი 1221 წელს გაიხსნა და ის ნამდვილად ფლორენციის მალული ბრილიანტია. აქ არამხოლოდ წამლებს, არამედ სუნამოებსაც შეიძენთ. იცოდით, რომ პირველი სუნამო ფლორენციაში შეიქმნა? როდესაც ქეთრინ მედიჩმა ის საკუთარი ქორწილისთვის მოითხოვა.

ქუჩის ხელოვნება ვია ტოსკანელაზე

პიაცა პიტის სიახლოვეს, ვიწრო, შედარებით უცნობი ქუჩაა ლამაზი კედლის მხატვრობით. ქუჩის სახელია ვია ტოსკანელა და მათ, ვისაც ქუჩის ხელოვნება უყვარს, მას აუცილებლად უნდა ეწვიონ.

ფლი მარკეტი პიაცა დეი კიომპიზე

ქალაქის ავთენტურობის შესაგრძნებად, ფლი მარკეტის მონახულებაზე უკეთესი აქტივობა ცოტა თუა. ფლორენციის ყველაზე ლამაზი ბაზრობა პიაცა დეი კიომპიზე იმართება: აქ მეორად და ანტიკურ ნივთებს მიაგნებთ.

მიქელანჯელოს იდუმალი ნამუშევარი

თუ კარგად დააკვირდებით, პალაცო ვექიოს ფასადზე, მიქელანჯელოს მიერ გამოსახულ სახეს გაარჩევთ. მხატვარმა ამ მოედანზე დიდი დრო გაატარა და ლეგენდის თანახმად, გამოკვეთა იმ კაცის სახე, რომელიც აქ მუდმივად უამრავ ისტორიას უყვებოდა.

საგზაო ნიშნები

ფლორენციაში აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საგზაო ნიშნებს. რატომ? ადგილობრივმა არტისტმა კლემ, ფლორენციის გახალისება და საგზაო ნიშნებზე მხიარული სტიკერების დაკვრა გადაწყვიტა.

პერსევსი მედუზას თავით

ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი ლოგია დეი ლანზია, პავილიონი იტალიელი სკულპტორების ნამუშევრებით. აქ ყველაზე შთამბეჭდავი ალბათ პერსევსია მედუზას თავით ხელში, რომელიც ბენვენუტო ჩელინის ეკუთვნის. ქანდაკების უკანა ნაწილზე მხატვარმა საკუთარი თავიც გამოკვეთა.

ტორიგიანის ბაღი

ცნობილი ბობოლის და ბარდინის ბაღების გარდა, ფლორენციაში იდუმალი ტორიგიანის პარკიც მდებარეობს. ის მისმა მფლობელმა, მარკიზმა პიეტრო ტორიგიანიმ ინგლისური სტილის რომანტიკულ პარკად აქცია და ქალაქის შუაგულში მწვანე ოაზისი შექმნა.