კოპენჰაგენის ერთ დროს ინდუსტრიული პორტი ნორდჰავნი, დღეს მოიცავს ყველაფერს: სკოლას, სარეკრეაციო ზონებს, სათამაშო თუ ბიზნეს სივრცეებს და მასთან მოხვედრა უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი. ამჯერად, შენი მეგზური გეპატიჟებით ნორდჰავნში, ქალაქის ძველ ინდუსტრიულ უბანში, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ერთ-ერთი ინოვაციური ქალაქი გახდა და უკვე დამოუკიდებლად პოზიციონირდება. კოპენჰაგენის ცენტრალური სადგურიდან ნორდჰავნში მეტროთი 15 წუთში აღმოჩნდებით.

აქ ნახავთ თანამედროვე აპარტამენტების შენობებს, ნაგებობებს ოფისებით, კაფეებით ჩამწკრივებულ ქუჩას, წყლის პირს, სადაც ადამიანები სხედან და ზაფხულობით სკანდინავიურ მზეს ეფიცხებიან. აქ მოხვედრა განსაკუთრებით აღაფრთოვანებთ არქიტექტორებს ან არქიტექტურის მოყვარულებს. ეს მშვიდი ადგილია ქაოსის გარეშე, ამიტომაც ამბობენ, რომ ნორდჰავნის (Nordhavn) დიზაინი ცხოვრებას ბევრად მარტივს ხდის.

ეს თანამედროვე დასახლება მსოფლიოს პირველი “5 წუთიანი ქალაქია”. ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, აქ 400 მეტრის რადიუსში მდებარეობს. ნორდჰავნის მაცხოვრებლები ოფისშ მისვლამდე ასწრებენ დილით ვარჯიშს, ლანჩს საყვარელ კაფეში, ნავსადგურის წყალში გაგრილებას და ბავშვების პარკში გართობას. აქ არ ისტრესებიან დიდი ხანი გზაში ყოფნით, ობიექტების სიშორით და ქაოსით. ნორდჰავნის შექმნელები აცხადებენ, რომ შექმნეს უბანი, რომელიც ყოველდღიურ საჭიროებებს იდეალურად ერგება.

ნორდჰავნის კონცეპტი უნიკალურია და ის სკანდინავიის ყველაზე ამბიციურ ურბანულ კონცეპტად ითვლება. ნორდჰავნში ეკოლოგიაზე ზრუნვა უმაღლეს დონეზეა აყვანილი. აქ ყველა შენობა აღჭურვილია ეკო-მეგობრული ინფრასტრუქტურით. კინოთეატრის შენობა კი სრულად გადამუშავებული მასალებითაა დამზადებული. ნორდჰავნის მონახულებას გირჩევთ ივნისსა და აგვისტოში.

ლეგენდარულმა დანიელმა დიზაინერმა, არნი ჯეიკობსენმა თქვა: “არქიტექტურა არაა უბრალოდ შენობების შექმნა. ესაა გარემოს ფორმირება და ადამიანების ცხოვრების გამარტივება.” ნორდჰავნი ამას ამართლებს და ის უკვე ბედნიერ ურბანულ სივრცედაა აღიარებული.