ბავარია ბავშვების საოცრებათა ქვეყანაა საბავშვო წიგნებიდან გადმოტანილი სოფლებით, ფერადად შეღებილი სახლებით და ევროპის ნომერ პირველი ზღაპრული ციხესიმაგრით. ბავარიის დედაქალაქი მიუნხენი კი მათთან ერთად მოგზაურობისთვის მშვენიერი არჩევანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მოხერხებული და კომფორტულია. პატარებთან ერთად მიუნხენში მოგზაურობის დასაგეგმად, ჩვენ საუკეთესო აქტივობებს შემოგთავაზებთ:

უყურეთ ჯადოსნურ საათს მარიენპლაცზე

Glockenspiel – ევროპის უდიდესი ანიმაციური საათია, რომელიც ცეკვა-სიმღერით შოუს დღეში სამჯერ ატარებს. მიდით მარიენპლაცის მოედანზე დილის 11, 12 ან 5 საათზე, მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით და იხილეთ დიდი ზომის ფიგურების ცეკვა პატარებთან ერთად. 32 მექანიკური პერსონაჟი ბავარიულ ისტორიას 10 წუთის მანძილზე აცოცხლებს. მიუნხენის მარიენპლაცი საკმაოდ ცოცხალი ადგილია, საახალწლოდ აქ საშობაო ბაზრობები ეწყობა. შეგიძლიათ ახვიდეთ ლიფტით კოშკზე ქალაქზე ხედების სანახავად.

თავი იგრძენით როგორც სამეფო ოჯახის წევრებმა

Nymphenburg Palace – ეს სამეფო სასახლე ფასადზე პირველივე შეხედვით მოგხიბლავთ. ბავშვები ნამდვილად არ დარჩებიან იმედგაცრუებულები დიდ კიბეებზე ასვლით სამეფო აპარტამენტებში და ყვავილების და ნიმფების ფრესკების ხილვით კედლებსა და ჭერზე.

გაატარეთ დრო ბაღშიც, სადაც პატარა შენობები, სანადირო კაბინა და სარკეების დარბაზია. ამას გარდა, სასახლის უზარმაზარ ტერიტორიაზე შადრევნები, არხები, ხელოვნური ტბა, ქანდაკებები, პალმების სახლი და პავილიონია. პარკი უფასოა.

მისამართი: Schloss Nymphenburg 1

შეხვდით ცხოველებს ჰელებრუნის ზოოპარკში

Hellabrunn Zoo – ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ზოოპარკია. მისი იდეალური დაგეგმარების და ფლორის საშუალებით ცხოველებისთვის აქ მაქსიმალურად ბუნებრივი პირობებია შექმნილი. პოლარულ ცხოველებს საკუთარი შენობა აქვთ კლიმატის კონტროლისთვის და ფრინველებიც თავისუფლად დანავარდობენ. ზოოპარკს საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ზონა და მდინარის ნაპირი აქვს – აქ საოცრად სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიძირებით.

მისამართი: Tierparkstraße 30

დაათვალიერეთ გერმანული მუზეუმი

მიუნხენის გერმანული მუზეუმი (Deutsches Museum) ყველა ასაკის და ინტერესის ადამიანს დააკმაყოფილებს. აქ ბევრი გამოფენა ბავშვებისთვისაა მოწყობილი. ერთ-ერთი განყოფილებაა “ბავშვთა სამეფო” სადაც პატარები რეალურ გამოცდილებას მიიღებენ: გამოიკვლევენ სინათლეს, მუსიკას, კომპიუტერებს, ასტრონომიას, ხმას, გემებს და აშ.

მისამართი: Museumsinsel 1

ადით ოლიმპიური პარკის სახურავზე

1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური ჩემპიონატისთვის აგებული ეს პარკი უზარმაზარ რეკრეაციულ კომპლექსადაა ქცეული. აქ მსოფლიო დონის კონცერტები და სხვა ღონისძიებები ტარდება. მისი სახურავიდან კი პანორამული ხედები იშლება ქალაქზე.

მისამართი: Spiridon-Louis-Ring 21

გაისეირნეთ ნავით ინგლისურ ბაღში

იცოდით, რომ გერმანიის ეს უდიდესი ქალაქის პარკი ნიუ-იორკის ცენტრალ პარკზე დიდია? ბავშვებისთვის ის იდეალურია სარბენად, იხვების გამოსაკვებად, ნავით სასეირნოდ და აშ. მოინახულეთ ბერძნული სტილის საყდარი, დაესწარით ტრადიციულ ჩაის ცერემონიალს იაპონურ ჩაის სახლში, მოიწყვეთ პიკნიკი.

მიირთვით გემრიელი დესერტი საკონდიტროებში

მიუნხენში საკონდიტროებს ადვილად იპოვით. საცხობი-კაფეები აქ ყველა ფეხის ნაბიჯზეა და გემრიელი ნამცხვრებიც შუშის ვიტრინებიდან გვაცდუნებენ. ჩვენ გირჩევთ Linzertorte (ჟოლოს ჯემით), Schwarzwälder kirschtorte (შოკოლადის ნამცხვარს ალუბლით), Obsttorte (ხილის შიგთავსით), Berliner (დონატი).

მოინახულეთ ბავარიის კინო სტუდიის კულისები

Bavaria Filmstadt – არის ადგილი, სადაც ბავშვები ფილმის რეალურ გადასაღებ მოედანზე მოხვდებიან. შეგიძლიათ აიღოთ გიდის ტური, რომელიც ყველაფერს დაგათვალიერებინებთ, მათ შორის პოპულარული ფილმების და სერიალების ლოკაციებს. ცენტრალური მიუნხენიდან აქ 25 ნომერი ტრამვაით მოხვდებით.

მისამართი: Bavariafilmplatz 7

შეხვდით ზვიგენებს

ბავშვებს განსაკუთრებით აღაფრთოვანებთ დიდი ზომის აკვარიუმი და ზღვის ბინადრების ხილვა. აქ შეგიძლიათ გაიაროთ გვირაბში და თქვენ თავზე იხილოთ ზვიგენები, წყლის ცხენები, კუები და აშ.

მისამართი: Willi-Daume-Platz 1

შეისწავლეთ როგორ იგება მანქანები BMW-ს მუზეუმში

BMW-ს მუზეუმი ბავშვებს საშუალებას აძლევს ცნობისმოყვარეობა და წარმოსახვა გააქტიურონ. ეს ინტერაქციული გამოფენები გვიხსნიან მანქანების განვითარებას და ავტომობილების კონსტრუქციულ წყობას. მუზეუმი საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს და გაგაცნობთ ამ ცნობილი ბრენდის დიზაინის ტრანსფორმაციას.

მისამართი: Am Olympiapark 2

1-დღიანი ტური ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრეზე

გერმანიის ერთ-ერთი ტოპ ღირსშესანიშნაობაა ევროპის ერთ-ერთი ცნობილი ციხესიმაგრე (Neuschwanstein Castle). ეს ფანტასტიკური ციხე ზღაპრული სამყაროდან გადმოსულს ჰგავს და ბავშვებთან ერთად თქვენც აღგაფრთოვანებთ. ინტერიერი კიდევ უფრო ჯადოსნურია. შეგიძლიათ შეურთდეთ ორგანიზებულ ტურებს ან გაყვეთ მატარებელს დამოუკიდებლად.