იტალიის „ქუსლზე“ მდებარე ლეჩე: ოქროსფრად მოელვარე ქალაქი, რომელიც ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს სიყვარულს. იხეტიალეთ მის მშვიდ ხეივნებში, დატკბით ბაროკოს სტილის დახვეწილი დეტალებით და მზიან მოედნებზე აპეროლის წრუპვით. მდიდარი არქიტექტურისა და ისტორიის წყალობით, ლეჩე პულიის ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი ქალაქია და აუცილებლად უნდა შეიტანოთ თქვენს მარშრუტში. მას ხშირად „სამხრეთის ფლორენციასაც“ კი უწოდებენ.

1. ისეირნეთ ისტორიულ ქუჩებში

ლეჩე პულიის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი და ჭეშმარიტად სულისშემძვრელი ქალაქია. აქ უზარმაზარი ისტორიის აღმოჩენა შეგიძლიათ. ისიამოვნეთ ქალაქის ქუჩებში ხეტიალით, სადაც ბაროკოს არქიტექტურა მოგხიბლავთ. ლეჩეში შენობები აგებულია რბილი, ოქროსფერი კირქვისგან, რომელსაც ლეჩეს ქვა” ეწოდება. სწორედ ეს სძენს ქალაქს ულამაზეს, თბილ ნათებას. აღსანიშნავია ქალაქის ისტორიული ცენტრი, რომელიც სავსეა დიდებული მოედნებით, სასახლეებითა და მაღაზიებით. დაიწყეთ რომელიმე ჭიშკრიდან და გაჰყევით დახვეულ, ვიწრო ქუჩებსა და ფართო ბულვარებს.

2. სანტა კროჩეს ბაზილიკა

სანტა კროჩეს ბაზილიკის ექსტერიერი უბრალოდ არამიწიერია: აღფრთოვანებულები დარჩებით მისი დეტალებით. ეს არის იტალიაში ბაროკოს სტილის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და რთული ფასადი, რაც გასაკვირიც არ არის, რადგან მის მშენებლობას 200 წელზე მეტი დასჭირდა! საღამოობით ადგილობრივებს ძალიან უყვართ აქ, კიბეებზე შეკრება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უბრალოდ ბაზილიკის ექსტერიერით დასატკბობად მოდის, შეგიძლიათ შიგნითაც შეხვიდეთ და მისი მდიდრულად გაფორმებული ინტერიერი დაათვალიეროთ. ბილეთის ფასია 7 ევრო.

3. პიაცა დელ დუომო

პიაცა დელ დუომო, ქალაქის მთავარი მოედანი, ლეჩეს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილია. იგი გარშემორტყმულია ლეჩეს საკათედრო ტაძრით (დუომოთი), სამრეკლოთი და ორი მშვენიერი სასახლით. თვითონ ეკლესია XII საუკუნეში აიგო, თუმცა XVI საუკუნეში რესტავრაცია ჩაუტარდა, რის ფარგლებშიც დაემატა ახალი, 70 მეტრის სიმაღლის სამრეკლო. ბაზილიკის მსგავსად, მასაც ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ფასადი აქვს, ქვის ულამაზესად გამოკვეთილი დეტალებით. ასევე შესაძლებელია დუომოს სამრეკლოზე ასვლა ქალაქის პანორამული ხედებით დასატკბობად.

ბილეთები და სამუშაო საათები: დუომო ღიაა ზაფხულში დილის 9:00-დან საღამოს 9:00 საათამდე, ხოლო ზამთარში – დილის 9:00-დან საღამოს 6:00 საათამდე. შესვლა 6 ევრო ღირს, თუმცა გირჩევთ, შეიძინოთ კომბინირებული ბილეთი.

4. რომაული ამფითეატრი: ლეჩეს მთავარი ღირსშესანიშნაობა

ლეჩეს ცენტრალურ, სანტ-ორონცოს მოედანზე ნამდვილი სიურპრიზი გელით: რომაული ამფითეატრი. II საუკუნეში აგებული ეს ნაგებობა ოდესღაც 25,000-მდე ჟრიამულით აღსავსე მაყურებელს იტევდა. საუკუნეების განმავლობაში კი ის სრულიად დამარხული გახლდათ, სანამ 1900-იან წლებში, სამშენებლო სამუშაოებისას, შემთხვევით არ აღმოაჩინეს. დღეს შეგიძლიათ ისეირნოთ თაღებს შორის, ჩამოჯდეთ ანტიკურ საფეხურებზე და წარმოიდგინოთ არენაზე ახმიანებული მაყურებელთა ღრიალი. აქ წარმოდგენები დროდადრო ახლაც იმართება! ეს არის სოურეალისტური კონტრასტი: რომაული ნანგრევები გარშემორტყმული ელეგანტური ბაროკოს შენობებით, პირდაპირ გამოცოცხლებული ქალაქის გულში. ჩვენ ნამდვილად არ ველოდით ამის ნახვას ლეჩეში და ეს აუცილებლად სანახავი ადგილია თქვენს პულიის მარშრუტში.

5. ისიამოვნეთ პასტიჩოტო თი (Pasticciotto)

ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით დატვირთული დილის შემდეგ, ლეჩეს საოცარი კულინარიული ადგილების მოსაძებნად გაეშურეთ. მოგეწონებათ კაფე ალვინოს ნამცხვრები. რეგიონის ფავორიტია პასტიჩოტი (Pasticciotti), ვანილის კრემით ავსებული ნამცხვარი, რომელსაც აქ XVIII საუკუნიდან ამზადებენ! თუმცა, ახლა უკვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ამ გემრიელი წასახემსებლის სხვადასხვა ვარიაციები შოკოლადის, ფისტასა და ხილის შიგთავსით. ლოკოკინასებრი ფორმის ნამცხვრებს, როგორც წესი, თბილს მიირთმევენ, რაც მათ დილის ყავის იდეალურ დანამატად აქცევს.

რჩევა: ლეჩეს ზოგადად ძალიან მრავალფეროვანი კულინარიული ცხოვრება აქვს. ამიტომ, შესანიშნავი აზრია ქუჩის საჭმლის ტურში მონაწილეობა. ამ გზით არა მხოლოდ დააგემოვნებთ ყველა ადგილობრივ დელიკატესს, არამედ მეტს შეიტყობთ ქალაქსა და მის მნიშვნელოვან ადგილებზე.

6. კარლო V-ის ციხესიმაგრე 

კარლო V-ის ციხესიმაგრე პირდაპირ ლეჩეს ცენტრში მდებარეობს. ეს XVI საუკუნის გრანდიოზული სიმაგრე ქალაქის შემოსევებისგან დასაცავად აიგო, თუმცა დღესდღეობით ის სრულად ხელოვნებას ეთმობა. აქ არის ულამაზესად რესტავრირებული ოთახები, თაღოვანი ჭერი და ფარული გასასვლელები, რომელთა დათვალიერებაც ძალიან გესიამოვნებათ, მითუმეტეს მაშინ, თუ გიდი ამ კედლების მიღმა დამალული ყველა საინტერესო ისტორიას მოგიყვებათ. განრიგისა და ბილეთების გადასამოწმებლად ეწვიეთ ციხესიმაგრის ვებგვერდს.

7. ეწვიეთ ლეჩეს მუზეუმებს

ლეჩეში რამდენიმე წარმოუდგენელი მუზეუმია, მიუხედავად იმისა, არქეოლოგია გაინტერესებთ, ებრაული მემკვიდრეობა თუ თანამედროვე ხელოვნება. აი, რამდენიმე ყველაზე პოპულარული ადგილი:

  • ფაჯიანოს მუზეუმი (Museo Faggiano): საცხოვრებელი სახლი, რომელიც შემთხვევით არქეოლოგიურ გათხრების ადგილად იქცა. აქ გვირაბები, ანტიკური სამარხები და მომაჯადოებელი ისტორია პირდაპირ თქვენს ფეხქვეშაა.

  • ბისკოცი რიმბოს ფონდი (Fondazione Biscozzi Rimbaud): თანამედროვე ხელოვნების გალერეა 200-ზე მეტი ექსპონატით. ეს არის მშვიდი, კრეატიული ადგილი, რომელიც იდეალურია ერთი საათით მშვიდი სეირნობისთვის.

  • MUST (ისტორიული მუზეუმი): მოიცავს ყველაფერს ანტიკური ნანგრევებიდან თანამედროვე ხელოვნებამდე. ის პატარაა, თუმცა ისტორიით სავსე.

  • ლეჩეს ებრაული მუზეუმი (Museo Ebraico di Lecce): აღმოაჩინეთ ლეჩეს შუა საუკუნეების ებრაული თემი ამ მიწისქვეშა მუზეუმში. ღირებულებაში შედის მოკლე ტური გიდის თანხლებით!

როგორ ვესტუმროთ ლეჩეს: პულიაში ორი საერთაშორისო აეროპორტია: ბარი და ბრინდიზი (ყველაზე ახლოს მდებარეობს ლეჩესთან). ორივე მათგანი ევროპის მასშტაბით მოგზაურობის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ!

აქედან კირქვის ქალაქში ჩასვლა რამდენიმე გზით შეგიძლიათ:

  • მანქანით: ლეჩეში ჩასასვლელად ყველაზე მარტივი გზა მანქანის დაქირავებაა. მგზავრობის დრო: 40 წუთი ბრინდიზიდან, 1 საათი და 45 წუთი ბარის აეროპორტიდან.

  • მატარებლით: აეროპორტიდან ლეჩემდე პირდაპირი მატარებლები არ დადის, თუმცა არის რეისი ბრინდიზის ცენტრამდე, საიდანაც შეგიძლიათ გადაჯდეთ კირქვის ქალაქისკენ მიმავალ მატარებელზე. მგზავრობის დრო: ~1 საათი.

  • ავტობუსით: ბრინდიზის აეროპორტიდან ლეჩეს მიმართულებით პირდაპირი ავტობუსები რეგულარულად მოძრაობს (40 წუთი). ავტობუსების სისტემა პულიაში გასაოცრად ეფექტურია და ხშირად მატარებლებზე სწრაფიც კი.

ქალაქის უმეტესი ნაწილი შედის შეზღუდული მოძრაობის ზონაში, რაც ნიშნავს, რომ აქ მანქანის მართვის უფლება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს აქვთ. კარგი სიახლე ის არის, რომ არსებობს რამდენიმე დიდი მიწისქვეშა ავტოსადგომი (დღეში დაახლოებით 15 ევრო).

საუკეთესო რესტორნები და კაფეები: აქ უამრავი რესტორანია, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ტრადიციული ხმელთაშუაზღვისპირული სამზარეულოთი. შეუკვეთეთ Frisella წასაღებად ან დააგემოვნეთ Cicera e Tria (პასტა მუხუდოთი) და Pesce alla Pignata (ნელ ცეცხლზე მომზადებული თევზი პომიდვრით, კარტოფილითა და მწვანილებით).

რამდენიმე ფავორიტი:

  • Caffè Alvino

  • L’Angolino di Via Matteotti

  • La Cucina di Mamma Elvira

  • Natale Pasticceria

საუკეთესო დრო ლეჩეს მოსანახულებლად: ოქტომბერში საშუალო დღიური ტემპერატურა დაახლოებით 23 გრადუსი ცელსიუსია, ნაკლები ხალხმრავლობაა, ხოლო ნაშუადღევსა და საღამოს ხშირად ქალაქის გამოცოცხლებული ქუჩები სრულად თქვენს განკარგულებაში დარჩება

  • პოპულარული პერიოდი: ივლისი და აგვისტო (თუმცა ყველაზე ცხელი და ხალხმრავალი თვეებია!)