ჩაისუნთქეთ ღრმად ევროპის ამ ყველაზე ტკბილი სურნელის ქალაქში! აქ იგრძნობთ არამხოლოდ ლავანდებს, რომლებიც პროვანსში ყვავიან, არამედ იმ ყვავილების თუ მცენარეების სურნელებასაც, რომლებითაც სხვადასხვა სუნამოს ამზადებენ. მე-19 საუკუნეში გრასი მსოფლიო პარფიუმერიის დედაქალაქი გახდა და დღეს გამორჩეული ტურისტული მიმართულებაა. კანიდან 20 კილომეტრში მდებარე, ზღვის დონიდან 300-400 მეტრზე გაშენებული გრასი მთის, ტყეების და გამოქვაბულების ქალაქია.

გრასში ბევრი ცნობილი და მნიშვნელოვანი ადამიანი დარჩენილა, მათ შორის იმპერატორი ნაპოლეონი და მისი და, პრინცესა პოლინ ბონაპარტე, დედოფალი ვიქტორია და მწერალი დირკ ბოგარდი, სკოტ ფიცჯერალდი და აშ. როტშილდების ოჯახის სახელიც ამ ქალაქთან იყო კავშირში. მისი სილამაზის წყალობით, გრასი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენდა ისეთი მხატვრებისთვის, როგორებიც არიან: მონე, მუნკი, რენუარი, პიკასო, ვან გოგი…

გრასის ძველ ქალაქის ცენტრში აღმოაჩენთ ვიწრო, ჩრდილიან ქუჩებს, რომლებიც ისტორიულ უბანს ქმნიან. აქ მდებარე შენობები შუა საუკუნეების და რენესანსის არქიტექტურას აირეკლავენ. ყველა ქუჩა დუ პუის მოედანთან და დუ პუის ნოტრ-დამის კათედრალთან ერთდება. ტაძარი მე-10-11 საუკუნეებით თარიღდება.

გრასის რეალური ისტორია მის პარფიუმერიაში იმალება. შუა საუკუნეებში ტყავის დამუშავებასთან ერთად, სურნელოვანი ხელთათმანები იხვეჭდნენ პოპულარობას, ამ პერიოდში აღორძინდა სუნამოს ინდუსტრიაც. დღეს აქ 30 პარფიუმერიის ქარხანაა, მათგან სამი კარს ფართოდ გვღებს და უფასო გიდის ტურებს გვთავაზობს. ამიტომაც, ეწვიეთ ისტორიულ ქარხანას და პარფიუმერიის მაღაზიას: The Parfumerie Fragonarrd; the Parfumerie Molinard-ს და გალიმარდის მუზეუმსა და ქარხანას. ტურების საშალებით შეიტყობთ პარფიუმერიის დამზადების ეტაპებს, როგორ ხვდება ყვავილი ბოთლში და შექმნით საკუთარი სურნელის მქონე სუნამოსაც.

საერთაშორისო პარფიუმერიის მუზეუმი გრასის ცენტრში მდებარეობს და პარფიუმერიის 3000 წლოვან ისტორიას წარმოგვიდგენს. მოინახულეთ მისი ბაღები, სადაც ამ საოცარი ინდუსტრიის შესახებ ბევრს შეიტყობთ. სხვა მუზეუმია პროვანსის ხელოვნების და ისტორიის მუზეუმი. ასევე, მოინახულეთ ვილა-მუზეუმი ფრაგონარდი.

გრასში მატარებლის რეგულარული რეისებით მოხვდებით კანიდან, ნიციდან და ვენტიმილიადან. ამიტომაც, ის მშვენიერი გადაწყვეტილებაა ერთდღიანი ექსკურსიისთვის ფრანგულ რივიერაზე დასვენების ჟამს.