თუ ტიპური ევროპული დასვენებიდან გადახვევა გსურთ, ესტონეთი ბრწყინვალე არჩევანია. ტურისტების სიმრავლის მხრივ, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დატვირთული ქვეყანაა ძველი ქალაქებით, ხშირი ტყეებით და ანტიკური ტრადიციებით. ესტონეთი მოგაგონებთ ზღაპარს რეალობაში. ესტონური თავგადასავლები მისი დედაქალაქის, ტალინის მონახულებით უნდა დაიწყოთ. ჩვენ ამ ქვეყნის საუკეთესო სანახაობებს გირჩევთ:
ტალინის ძველი ქალაქი
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დღით ეწვევით ესტონეთს, ტალინის ძველი უბანი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მისი ქვაფენილიანი ქუჩების და შუასაუკუნოვანი ტაძრების წყალობით, ის იუნესკოს მსოფლიო სიაში შევიდა. მოინახულეთ Raeapteek – ევროპის უძველესი აფთიაქი, მერიის შენობა, ეკლესიები და პატკულის პლატფორმა, გადმოსახედი ძველ ქალაქზე.
კურესაარ-ეპისკოპალის ციხესიმაგრე
ბალტიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ციხესიმაგრე, 1380 წლით თარიღდება. Kuressaare Episcopal Castle – არის ადგილი, რომელიც გოთიკურ ატმოსფეროს ქმნის და დროის შეგრძნებას გაკარგვინებთ. აქ მდებარე ისტორიის მუზეუმი ნათელს ფენს პერიოდს, როცა ეს ციხესიმაგრე ბობოქრობდა. აქ იხილავთ უამრავ ანტიკურ მონეტას იმ დროიდან. ტურისტებს საშუალება აქვთ ჩაერთონ ტრადიციულ აქტივობებში: მშვილდ-ისრის სროლაში, თიხის ქოთნების დამზადებაში, მუსიკალურ პერფორმანსებში და აშ. თუ ჯგუფთან ერთად მოგზაურობთ, დაჯავშნეთ “ეპისკოპოსთა ნადიმი”. ეს ორ საათიანი კულინარიული ღონისძიება მოიცავს ისტორიული რეცეპტებით დამზადებულ კერძებს და საუკუნეების წინანდელ სუფრის ეტიკეტების გაცნობას.
მისამართი: Lossihoov 1, Kuressaare linn

ლენუსადამის ნავსადგური
Lennusadam Seaplane Harbour – ზღვის ენთუზიასტების ადგილია და ესტონეთის ერთ-ერთი საუკეთესო ღირსშესანიშნაობა. ეს მუზეუმი 200 ავთენტურ საზღვაოსნო არტეფაქტს აერთიანებს, მათ შორის 1930 წელს შექმნილ წყლისქვეშა ნავს. ინტერაქციული სიმულატორები იმასაც გაჩვენებენ თუ როგორ უნდა მართოთ თვითმფრინავი.
მისამართი: Vesilennuki tänav 6, ტალინი

პარნუს ძველი ქალაქი
Pärnu ტალინიდან 2 საათის სავალ გზაზეა და ტურისტებს გასაოცარ სანაპიროს სთავაზობს. ეს არის ადგილის არელაქსაციოდ და მზის აბაზანების მისაღებად. აქ ინებივრებთ 200 წლის სპა ცენტრში, საუნებში, მარილის აუზებში და საზაფხულო ტერასაზე. არ გამოტოვოთ ისტორიული ძველი ქალაქის დათვალიერების შესაძლებლობა, რომელიც 1265 წელს ააშენეს. აქაური სახლები საუკუნეებს ითვლიან.

ესტონეთის ეროვნული მუზეუმი
ესტონეთის ეროვნული მუზეუმი ქვეყნის ისტორიის და კულტურის შესახებ წარმოგვიდგენს გამოფენებს. თვითონ შენობაც კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუშია და შთამბეჭდავი სანახაობაა. ნახევარი დღე მაინც დაუთმეთ ამ მუზეუმის დათვალიერებას. აქ იხილავთ ეროვნულ სამოსს, ადგილობრივთან იარაღებს და სხვა ნივთებს ესტონელების ყოფიდან. მაღალტექნოლოგიური ინსტალაციები აქ მიღებულ გამოცდილებას უფრო შთამბეჭდავს ხდის.
მისამართი: Muuseumi tee 2, ტარტუ

მაცალუს ეროვნული პარკი
Matsalu National Park – ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩიტებზე სადამკვირვებლო მიმართულებაა. ეს დაცული ტერიტორია მცენარეების უცხო სახეობებს აერთიანებს. ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ პანორამული ხედებით ულამაზეს ლანდშაფტებზე პარკში მდებარე სხვადასხვა კოშკებიდან. ასევე, ისიამოვნებთ სალაშქრო ბილიკებით. პარკის კოტეჯებში თუ დარჩებით, ულამაზეს მზის ამოსვლასაც იხილავთ.

მდინარე ნარვას ბულვარი
Narva River Promenade – 1 კილომეტრი სიგრძის წყლისპირა სასეირნო ადგილი ევროკავშირისა და რუსეთის საზღვარს ქმნის. მდინარე ნარვაზე სეირნობისას აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე საინტერესო და ლამაზს. აქ მდებარეობს ნავსადგური, ანტიკური ციხესიმაგრის კედლები და ჰერმანის სასახლე. ეწვიეთ რეკრეაციულ ზონას (Joaorg), სადაც გასაქირავებელი ველოსიპედები, ფრენბურთის მოედანი, ბადმინტონის ინვენტარი და შეზლონგებია განთავსებული.
მისამართი: Jõe tänav, Narva

სამეცნიერო ცენტრი AHHAA
ტარტუში მდებარე – AHHAA Science Centre ტიპური სამეცნიერო ცენტრი არაა. ეს უზარმაზარი სივრცე მაგიურ სამეცნიერო გამოცდილებას გპირდებათ. ტურისტები გაერთობიან სარკეების ლაბირინთებში, გაატარებენ ველოსიპედს მოძრავ თოკზე, გადაიღებენ სურათებს ინოვაციურ ბუშტზე. ბუნების დარბაზში სამყაროს სხვადასხვა სახეობებს შეხვდებით, პლანეტარიუმში კი გასაოცარი მოგზაურობა გელით.
მისამართი: Sadama tänav 1, ტარტუ

პარკი ორუ
Oru Park – ჩრდილოეთ ესტონეთის ქალაქ ტოილადან ამ მშვიდ ადგილას ადვილად მოხვდებით. მისი მწვანე პარკები სასიამოვნო ჰიპნოზის ეფექტს ქმნიან შადრევნებითა და გადმოსახედებით. თუ აქ ზაფხულში მოხვდებით, აუცილებლად წაიღეთ თან საცურაო კოსტიუმი, რადგანაც ერთ-ერთი ბილიკი სუფთა და ლამაზ ნაპირას გაგიყვანთ.
მისამართი: Oru tänav-21, Toila

ტოომპეას მთა
დედაქალაქის, ტალინის დათვალიერებისას, აუცილებლად ადით ტოოპეას მთაზე (Toompea Hill). ძველი ქალაქიდან აქ 157 კიბის ავლით მოხვდებით და ქალაქზე საოცარი ხედებით დატკბებით. იხილეთ ასევე ციხესიმაგრე, რომელიც ესტონური პარლამენტის სათაო შენობაა.

ჰააფსალუს ძველი ქალაქი
ესტონეთში ტალინი ერთადერთი ქალაქი არაა პოპულარული ძველი უბნით. დედაქალაქიდან 90 წუთის გზაზე, ჰააფსალუში ჩახვალთ, ზღვისპირა ისტორიულ ქალაქში. Haapsalu Old Town – შუასაუკუნოვან ქუჩებს და ულამაზეს ციხესიმაგრეს აერთიანებს. აქ შეგიძლიათ მიიღოთ თერაპიული ტალახის აბაზანები და სპა მომსახურეობა. ჰააფსალუ მეოცე საუკუნეში ცნობილი კურორტი იყო.

რუმუს ციხე
Rummu Prison – პატარა ქალაქ რუმუში მდებარეობს და უნიკალური ღირსშესანიშნაობაა. ის საბჭოთა კავშირის დროინდელი ციხეა, რომელიც მას შემდეგაა უკაცრიელი, რაც ესტონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. მისი ხილვისას ნამდვილად შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცევით.










