მზიანი კანი პალმების ხეებით, სანაპირო ბულვარით და გლამურული სასტუმროებით ფრანგული რივიერას ბრწყინვალე ჰაბია. განსაკუთრებით მაისში, კანის კინოფესტივალის დროს, როცა აქ უზარმაზარი წითელი ხალიჩა იშლება. ქალაქს ორი პორტი აქვს: კანის ძველი პორტი და პიერ კანტო. აქედან დღიური ტურების დიდი არჩევანია.
სამონასტრო კომპლექსი: Île Saint-Honorat
ეს არის ადგილი სრული სიწყნარისა და სიმშვიდისთვის. კუნძულზე ერთადერთი რესტორანი მდებარეობს, რომელიც სადილს ბუნების გარემოცვაში გთავაზობთ. ციხესიმაგრე და მონასტერი შუა საუკუნეებით თარიღდება.
ბუნების ძეგლი: Île Sainte-Marguerite
ეს კუნძული საკმაოდ პოპულარული ხდება ზაფხულის სეზონზე. ციხე-კომპლექსი დღეს საჯაროდაა ღია ვიზიტორებისთვის. შიგნით ზღვის მუზეუმი დაგხვდებათ, რომელიც კუნძულის საზღვაო მემკვიდრეობას წარმოაჩენს.
წყალქვეშა ეკო-მუზეუმი
ილ სენ-მარგერიტზე თუ მოხვდებით, არც ეს უცნაური მუზეუმი გამოგრჩეთ, რომელიც სკულპტორმა ჯეისონ ტეილორმა წყლის ქვეშ მოაწყო. 5 მ. სიღრმის წყალში რამდენიმე ქანდაკებაა განთავსებული და ის ხმელთაშუაზღვაში პირველი წყალქვეშა მუზეუმია. მონახულება უფასოა, ამიტომაც შეგიძლიათ ნაპირიდან თავადაც მოძებნოთ.
არქიტექტურული ძეგლი: Mandelieu-la-Napoule
კანის სანაპიროს დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი პოპულარული პორტია, სადაც წყლის სპორტის სახეობებით და პარაშუტითაც დატკბებით. შთამბეჭდავი ნაპულის შატო შუა საუკუნეებით თარიღდება და დღეს სრულად აღდგენილია. აქ მუზეუმი და კაფე დაგხვდებათ.
პატარა ქალაქი: Juan-les-Pins
ზაფხულში ეს პატარა დასახლება ცოცხლდება: იხსნება რესტორნები, ქირავდება ქოლგები და აშ. ყოველი წლის ივლისში ქალაქი ჯაზ-ფესტივალსაც მასპინძლობს, მათ შორის ცნობილ არტისტებს.
სანაპირო: Cap d’Antibes
ამ ნახევარკუნძულზე რამდენიმე საჯარო და კერძო სანაპიროა. გაისეირნეთ სანაპირო ზოლზე და თვალს მოკრავთ ბელ ეპოქის წარმოსადეგ ვილას – Villa Eilenroc, რომელიც ოთხშაბათობით და შაბათობით ღიაც დაგხვდებათ; გამოიკვლიეთ პატარა შუქურა, ფერადი ნავები და მოიწყვეთ პიკნიკი.
სანაპირო ქალაქი: Théoule-sur-Mer
ამ კუნძულის კლდოვანი სანაპირო ოჯახური დასვენებისთვის ზედგამოჭრილია. აქ სუფთა სანაპირო და წყალია. პორტთან არ გამოგრჩეთ მომხიბვლელი პლაჟ დუ შატო. თუ მარკო პოლოს რესტორანს ეწვევით, მისი კერძო სანაპიროთიც ისიამოვნებთ. დააგემოვნეთ ადგილობრივი ხემსები ბაზარში, რომელიც სამშაბათობით და ხუთშაბათობით იმართება.
სანაპირო გზა: Esterel Massif
წითელი შეფერილობის მთაგრეხილი, რომელიც წყალს მიყვება, შთამბეჭდავ სანაპირო გზას წარმოგვიდგენს, თვალწარმტაცი ხედებით რეგიონზე. ზაფხულის ცხელ დღეებში გზად შემხვედრი ბევრი გამოქვაბული გაგაგრილებთ. გზა მონიშნულია როგორც მანქანისთვის, ასევე ლაშქრობისთვის.
სან-ტროპე
სათევზაო დასახლება სან-ტროპე ფრანგული რივიერისთვის დამახასიათებელ გლამურს ასახავს. დასხედით პორტის კაფეში და დააკვირდით აქაურ ცხოვრებას. ვიწრო ქუჩები სავსეა მოდური ბუტიკებით. ღია ბაზრობა სამშაბათობით და შაბათობითაა ღია და ბევრ ადგილობრივ პროდუქტს გვთავაზობს.