დანიის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი აარჰუსი ჯუთლენდის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, სადაც მდინარე აარჰუსი მოედინება. აქ ბევრი რენესანსის შენობაა საუცხოოდ შემონახული. როგორც მნიშვნელოვანი ხელოვნების ცენტრი, აარჰუსი გამოირჩევა სახვითი ხელოვნების მუზეუმით და მუსიკით. აქ ხშირად იმართება კონცერტები და ფესტივალები, სადაც ფოლკს, ჯაზს, როკს და პოპს მოუსმენთ. გამოგვყევით დანიის ამ საოცარ ქალაქში:

Den Gamle By (ძველი ქალაქი)

ეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი 75 ისტორიულ შენობას მოიცავს მთელი დანიიდან. თითოეული მათგანი აარჰუსში ააშენეს და პირვანდელ სახეს იდეალურად მიამსგავსეს. აქ ავთენტური ძველი ქალაქია შექმნილი თავისი მაღაზიებით, სახელოსნოებით და ქარის წისქვილებით. აღსანიშნავია სათამაშოების, ქსოვილების, ველოსიპედის და მუსიკალური საკრავების მუზეუმები. იხილავთ ისტორიულ კოსტიუმებსაც.

მისამართი: Viborgvej 2

აროს აარჰუსის ხელოვნების მუზეუმი

ARoS Aarhus Kunstmuseum – ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნების მუზეუმია ევროპაში. თვითონ შენობაც ხელოვნების ნიმუშია, არქიტექტურული ბრწყინვალე ნამუშევარი თავისი ცისარტყელას შეფერილობის პანორამით. საფეხმავლო ხიდი 150 მეტრი სიგრძისაა და ქალაქის ხედებს გთავაზობთ. აქ განთავსებულია დანიური ოქროს ხანის და თანამედროვე ხელოვნება.

მისამართი: Aros Allé 2

მოესგარდის მუზეუმი/Moesgård Museum

MOMU 2014 წელს გაიხსნა და დანიის ისტორიას გვაცნობს ქვის ხანიდან ვიკინგების ეპოქამდე. აქვე მდებარეობს კაფე და სუვენირების მაღაზია. სპეციალური ბილიკით მოინახულებთ ტყეს და მინდორს პრეისტორიული სახლებით.

მისამართი: Moesgård Allé 15

აარჰუსის კათედრალი

ეს მე-15 საუკუნის კათედრალია რომანული ექტერიერის დეტალებით და კოშკურით. მისი ინტერიერის საკმაოდ მდიდრულია, განსაკუთრებით ფიგურებით და მე-15 საუკუნის ნახატებით.

მისამართი: Kannikegade 12

ვიკინგის მუზეუმი

ქალაქის ცენტრში მდებარე ვიკინგების მუზეუმი ვიკინგების შესახებ გვამცნობს, რომლებიც აარჰუსში ათასი წლის წინ დასახლდნენ. აქ იხილავთ ტიპურ სახლებს ვიკინგების პერიოდიდან და ანტიკურ ნივთებს.

მისამართი: Skt Clemens Torv 6

აარჰუსის ბოტანიკური ბაღები

ეს ბაღები 1875 წელს გააშენეს და დღეს აქ იხილავთ სუბტროპიკულ მცენარეებს მთელი მსოფლიოდან. ვიზიტორებს მცენარეების კოლექციების დათვალიერება ოთხ სხვადასხვა კლიმატ ზონაში შეუძლიათ. აქ სასიამოვნოდ მოიწყობთ პიკნიკსაც ტბის მიმდებარედ.

მისამართი: Møllevejen 10

ტივოლი ფრიჰედენი

Tivoli Friheden-ში ბავშვებიც და ზრდასრულებიც გაერთობიან. ეს ატრაქციონების პარკი აარჰუსის ცენტრიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. ხშირად ტარდება თემატური ფესტივალები და პარკი საოცრად ირთვება.

მისამართი: Skovbrynet 5

მარსელისბორგის სასახლე და პარკი

Marselisborg Palace 1902 წელს აშენდა და ის დანიის სამეფო ოჯახს დანიელმა ხალხმა აჩუქა. მარსელისბორგი მას შემდეგ საზაფხულო რეზიდენცია იყო. ის საჯაროდ არაა ღია, თუმცა შეგიძლიათ ექსტერიერით და მიმდებარე პარკით დატკბეთ. ყოველ დღე შუადღისით შეგიძლიათ სასახლის დაცვის ჯარისკაცების შეცვლის ცერემონიასაც უყუროთ.

მისამართი: Kongevejen 100

Kvindemuseet: ქალების მუზეუმი

ეს მუზეუმი ქვეყნის გამორჩეულ ქალბატონებს ეძღვნებათ და მათ როლს საზოგადოებასა და კულტურაში. მუზეუმს აქვს ისტორიული გამოფენები, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალების როლს სამსახურში, სახლში და ხელოვნებაში. კოლექციები მოიცავენ საქორწილო კაბებს, მხატვრობას, ხელნაკეთ ნივთებს, სახლის დეკორაციებს და სხვა.

მისამართი: Domkirkepladsen 5