ვიეტნამში ბაზარი მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ადგილი როდია, ის ერთგვარი სოციალური შეკრების ცენტრია. დიდ ქალაქებში ბაზარში ყველაფერს იპოვით, რასაც კი ინატრებთ. პატარა ქალაქებში აქცენტი ძირითადად ახალ სურსათსა და ტექსტილზე კეთდება. სოფლად კი, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, ბაზარი ყველაფერ ამას აერთიანებს, ამასთან, გვთავაზობს გასართობ შოუებს შორეული ადგილებიდან ჩამოსული, გზით დაღლილი მოგზაურებისთვის. ზოგიერთი ბაზარი ყოველდღე მუშაობს, ზოგი კვირაში ერთხელ ან მხოლოდ მთვარის კალენდრის გარკვეულ დღეებში იხსნება. არის ისეთებიც, რომლებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ იმართება. მოგზაურებისთვის ბაზარში სტუმრობა ადგილობრივ კულტურაში ჩახედვის, ხალხის გაცნობისა და თავგადასავლების საუკეთესო შანსია. შენ მეგზურთან ერთად აღმოაჩინეთ ვიეტნამური ბაზრობების ნამდვილი ხიბლი:

1. ლონგ ბიენის ბაზარი, ჰანოი

საუკეთესო ადგილი ღამის მოყვარულებისთვის

ჰანოის ღია ცის ქვეშ მდებარე ბაზრების უდავო ლიდერი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში, საუკუნოვანი ლონგ ბიენის ხიდის ქვეშ მდებარეობს. იქ მისვლამდე, ბაზრობას ჯერ ხიდიდან გადახედეთ და ზედხედით დატკბით. ეს არის საბითუმო ვაჭრობის ცენტრი, რომელიც ჰანოის ცენტრალურ მაღაზიებსა და რესტორნებს ამარაგებს. მოძრაობა საღამოს 9 საათიდან იწყება, როდესაც ვიეტნამის ყველა კუთხიდან პროდუქტით დატვირთული სატვირთოები ჩნდებიან. ეს არ არის ტურისტული ან საცალო ვაჭრობის ბაზარი, ამიტომ აუცილებლად ეცით პატივი მომუშავე პერსონალის სივრცეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ხალხის მასაში მორბენალ მუშებს, რომლებსაც ურიკები გადააქვთ, და ფრთხილად იყავით მოსახვევებში უკუსვლით მოძრავ ფურგონებთან. მოემზადეთ იმისთვისაც, რომ ზღვის პროდუქტების სექციაში ფეხები დაგისველდებათ – აქ ყინულიანი კრევეტების, კალმარებისა და მოლუსკების ყუთებიდან წყალი პირდაპირ იატაკზე იღვრება. როგორც კი გათენებას დაიწყებს, ხიდზე ველოსიპედებით ჩნდებიან ტრადიციულ ქუდებიანი გამყიდველები, რომლებსაც წითელი მდინარის სანაპიროებიდან ბოსტნეულით სავსე კალათები მოაქვთ. თუ ლონგ ბიენს გვიან ღამით ესტუმრებით, შეგიძლიათ  კუანგ ბას ღამის ყვავილების ბაზარსაც ეწვიოთ, რომელიც იქვე, გზის ოდნავ მოშორებით მდებარეობს.

2. დაო სანის ბაზარი, ლაი ჩაუ

საუკეთესო ადგილი თავგადასავლების მაძიებლებისთვის

ჩრდილოეთ ლაი ჩაუს მთებში, მაღლა, ვიეტნამის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ფერადი ბაზარი მდებარეობს. დაო სანმა სრულად შეინარჩუნა თავისი ავთენტური ხასიათი, რაც მისი მოშორებული, სასაზღვრო მდებარეობის დამსახურებაა. კვირაობით სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, მთებიდან ქალაქში ჩამოდიან საყიდლებისთვის, საქმეების მოსაგვარებლად და მეგობრების სანახავად. კვამლში გახვეულ კვების ჯიხურებთან ერთად, ესტუმრეთ დილაადრიან გახსნილ ხმაურიან სამიკიტნოებს. სანამ ტერიტორიას უფრო ღრმად შეისწავლიდეთ ან მწვანე პეიზაჟებით დატკბებოდეთ, ძალები ყავითა და ტკბილი „ბან რანით“ (შემწვარი ბრინჯის ნამცხვარი) აღიდგინეთ. მგზავრობას დაახლოებით 2 საათი სჭირდება (პლუს დრო დაგჭირდებათ ულამაზეს ხედებთან გასაჩერებლად). ბაზრობა ლანჩის დროისთვის უკვე იხურება. მათთვის, ვინც დამოუკიდებლად მოგზაურობს, ლაი ჩაუს სადგურიდან დაო სანის მიმართულებით ავტობუსი დილის 06:45 საათზე გადის.

3. ჩუონგის ქუდების ბაზარი, ჰანოი

საუკეთესო ადგილი ხელნაკეთი ნივთების მოყვარულთათვის

ჰანოის გარეუბანში მდებარე სოფელ ჩუონგს ტრადიციული პირამიდა ქუდების (non la) დამზადების 300-წლიანი ისტორია აქვს. სოფლის სპეციალიზებულ სახელოსნოებში ქუდების დამზადების პროცესზე თვალის დევნება ან თუნდაც საკუთარი ხელით შექმნა, თავისთავად საინტერესო გამოცდილებაა, მაგრამ თუ გსურთ ამ კულტურას მისსავე სათავესთან ეზიაროთ, ჩუონგის ბაზარს უნდა ესტუმროთ. ბაზრობა დილის 04:30-დან 07:30 საათამდე, მთვარის კალენდრის მხოლოდ გარკვეულ დღეებში (მე-4, მე-10, მე-14, მე-20, 24-ე და 30-ე) იმართება და აქ თავს იყრიან მეზობელი სოფლების ხელოსნები, რომელთაგან ბევრმა ეს ხელობა დედებისა და ბებიებისგან მემკვიდრეობით მიიღო. აქ იმასაც ნახავთ, თუ როგორ ამზადებენ ან აკეთებენ ქუდებს პირდაპირ ადგილზე, თანაც ეს ტურისტებისთვის მოწყობილი შოუ კი არა, მათი ყოველდღიური რეალობაა. ერთი ან ორი ელეგანტური ქუდის შეძენის შემდეგ, შეგიძლიათ იქვე, გადახურულ ბაზარში, ადგილობრივი დელიკატესით — bun cha la lot dau-თი (გრილზე შემწვარი ბრინჯის ატრია) ისაუზმოთ.

4. ტამ ტიენის თევზის ბაზარი, ჰოი ანის სამხრეთით

საუკეთესო ადგილი ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის

როგორც კი ცენტრალურ ვიეტნამში თენდება, ზოგიერთ სანაპიროზე ნამდვილი ჯადოსნური სცენა იშლება. სათევზაო ნავები ნაპირთან ახლოს ღუზას უშვებენ, ეკიპაჟის წევრები კი მორიგეობით, ტრადიციული მრგვალი ნავებით ღამის ნადავლს ქვიშაზე ეზიდებიან. მათ შესახვედრად იქვე იკრიბებიან მყიდველები, რომლებიც უახლეს ზღვის პროდუქტებს ეძებენ. ტამ ტიენი ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სანაპირო ბაზარია და, ალბათ, ჰოი ანიდან დაშორების გამო (დაახლოებით ერთი საათი სავალია), უცხოელი ტურისტები აქ იშვიათად ხვდებიან. ვაჭრობა მზის ამოსვლამდე იწყება და სულ რაღაც ორ საათში სრულდება. მოემზადეთ ენერგიული და ხმაურიანი დილისთვის: ბაზარი ძალიან ცოცხალი, ხმამაღალია და ხშირად ტალღებიც კი აღწევს მოვაჭრეებამდე. გადაეშვით ამ აურზაურში, შეიძინეთ ახალი კალმარი, კრევეტები ან თუნდაც გიგანტური ზღვის ლოკოკინა და მოამზადებინეთ პირდაპირ ადგილზე, დილის ბარბექიუზე.

5. ლონგ სუიენის ბაზარი, ან ჯიანგი

საუკეთესო ადგილი მდინარის მოყვარულთათვის

მიიჩნევა, რომ ლონგ სუიენის მცურავი ბაზარი ბოლო სრულად მოქმედი მცურავი ბაზარია ამ რეგიონში, თუმცა ისიც გაქრობის პირასაა. აქ ნახავთ საზამთროების, ანანასებისა და სხვადასხვა მწვანილის საბითუმო ვაჭრობას. ასევე ნამდვილად ღირს თვალი შეავლოთ მდინარეზე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობას: როგორ მიირთმევენ ცხელ ატრიას პირდაპირ ნავის გემბანზე, როგორ ვარჯიშობენ ან როგორ ამზადებენ ბავშვებს სკოლის ბორანზე დასასმელად. თუმცა, ნამდვილი სავაჭრო ცხოვრება ახლა ნავმისადგომის გვერდით, ქალაქის ბაზარში დუღს, განსაკუთრებით მის მდინარისპირა სექციაში, სადაც თევზი და კიბოსნაირები იყიდება. გაისეირნეთ ხალხმრავალ დახლებს შორის, სადაც მზის სხივები საჩრდილობლებს შორის ლამაზად აღწევს, და დააკვირდით მოვაჭრეებს, რომლებსაც თავიანთი საქონელი ნაპირზე მდგარი ნავებიდან პირდაპირ ბაზარში გასაყიდად გადააქვთ. შაბათი და კვირა მცურავი ბაზრისთვის ყველაზე დატვირთული დღეებია და ის მხოლოდ დილაადრიან მუშაობს.

6. ჩომ ჰომის ბაზარი, ჰაუ ჯიანგი

საუკეთესო ადგილი ადგილობრივი ფერმერების პროდუქციისთვის

ჩომ ჰომის ბაზარი (Cho Chom Hom), რომელიც სიტყვასიტყვით „ჩაცუცქულ ბაზარს“ ნიშნავს და სამხრეთის ქალაქ ვი ტანში მდებარეობს, მეკონგის დელტის ფერმერთა კლასიკური შეკრების ადგილია. ის ყოველდღე, დილაადრიან იხსნება და იზიდავს გამყიდველებს მთელი რეგიონიდან, რომლებსაც თავიანთი ნადავლი თვალისთვის სასიამოვნო, სწორ რიგებად აქვთ გამოფენილი. აქ ნახავთ ყველაფერს: მინდვრის ვირთხებით, ბაყაყებითა და გველთევზებით დაწყებული, სურნელოვანი ტროპიკული ხილითა და ბოსტნეულით დასრულებული. ბაზრის სახელწოდებიდან გამომდინარე, მოვაჭრეები (რომელთა უმრავლესობაც ქალებია) ჩაცუცქულები ან ძალიან პატარა სკამებზე სხედან და ღიმილით შემოგთავაზებენ მათი მინდვრებიდან ახლად დაკრეფილი მრავალფეროვანი პროდუქტის დაგემოვნებას. შეგიძლიათ თავი იქვე მდებარე კვების ზონას შეაფაროთ და უგემრიელესი bun rieu cua (კრაბის ატრიის სუპი) მიირთვათ.