ბელგიის ცნობილი საუნივერსიტეტო ქალაქი ლუვენი ბრიუსელის აღმოსავლეთით მდებარეობს. ლუვენი ცნობილია საფეხბურთო კლუბით, გოთიკური არქიტექტურით და უძველესი უნივერსიტეტით. თუ ბელგიაში ყოფნის დროს, აქ გასეირნებას გადაწყვეტთ, ჩვენ მთავარ სანახაობებს გირჩევთ:
წმ. პეტრეს ეკლესია (Sint-Pieterskerk)
მთავარი მოედნის შუაში წარმოდგენილი პეტრეს ეკლესია გამორჩეული გოთკური არქიტექტურის ნიმუშია მთელ ბელგიაში. აქ იხილავთ შუა საუკუნეებში შექმნილ “საიდუმლო სერობას”, იუდას გამოსახულების საინტერესო გადაწყვეტით.

ლუვენის მერია
მერიის შენობა ამ ბელგიური ქალაქის განსაკუთრებული ძეგლი და ცნობილი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა. მის ფასადზე სკულპტურების სამი რიგია წარმოდგენილი, 236 ფიგურით, რომლებიც ქალაქის ისტორიას ასახავენ. ინტერიერის დასათვალიერებლად ისარგებლეთ გიდის ტურებით.

Groot Begijnhof
ეს ლუვენის რომანტიკული კომპლექსია, რომელიც მე-13 საუკუნეში აშენდა და დღეს 1000-მდე შენობას აერთიანებს. ერთ დროს აქ მონაზვნები ცხოვრობდნენ, შემდეგ საუნივერსიტეტო დასახლებად გადაკეთდა.

ბოტანიკური ბაღი
Kruidtuin – ბელგიის უძველესი ბოტანიკური ბაღია, ულამაზესი ბუნებით, რომელიც მე-18 საუკუნეში სამედიცინო უნივერსიტეტის ბაღად შეიქმნა. აქ ვიზიტორები უამრავ სამედიცინო მცენარეს იხილავენ. სათბურში ბევრი ეგზოტიკური და ტროპიკული მცენარე დაგხვდებათ. ბაღი ღიაა ყოველდღე, შესვლა უფასოა.

ლუვენის მუზეუმი
M-Museum – მუნიციპალური ხელოვნების კოლექციებს აერთიანებს, ისევე როგორც კლასიკურ და თანამედროვე ხელოვნებას. აქ სკულპტურები, მხატვრობა, ფოტოგრაფია, ვიდეო-ხელოვნება, კერამიკა, შუშის მხატვრობა და ქსოვილებია გაერთიანებული. მუზეუმის ტერასა იდეალური ადგილია ქალაქზე პანორამული ხედებით დასატკბობად.

საუნივერსიტეტო შენობები
Naamsestraat – ლუვენის მერიის მიმდებარედ მდებარეობს და აქ ბევრი საუნივერსიტეტო შენობა იყრის თავს. კოლეჯები: King’s College; College van Promonstreit; Arras College ამ უბანშია თავმოყრილი.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კოშკურა
ლუვენის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა ქალაქის გამორჩეული ნაგებობაა. პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ის მნიშვნელოვნად დაზარალდა, ამიტომაც დღეს მისი პირვანდელი რეპლიკა დგას, თუმცა შესრულებული იდეალურად. გიდის ტურების საშუალებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბიბლიოთეკა და ახვიდეთ კოშკურაზე, საიდანაც ქალაქის ხედები იშლება.

Oude Markt
შეჩერდით ლუვენის ისტორიული ძველი უბნის მოედანზე და შეისვენეთ რომელიმე კაფეში. მისი სახელი ითარგმნება როგორც “ძველი ბაზრობა”.

მეროდის შატო (Chateau de Merode)
ლუვენიდან 30 კილომეტრში ულამაზესი წითელი აგურით აშენებული შატო მდებარეობს, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება. ის საჯაროდაა ღია და ინტერიერში ლუი მე-14-ს ნივთებს, ნაქარგებს და იარაღის კოლექციას იხილავთ.

დასახლება: Louvain-la-Neuve
საუნივერსიტეტო დასახლება ლოვენ-ლა-ნოვი ითარგმნება როგორც “ახალი ლუვენი”. მართალია, აქ ბევრი ტურისტული ღირსშესანიშნაობა არაა, მაგრამ გარემო საკმაოდ მშვიდი და სასიამოვნოა. მთავარ მოედანზე უნივერსიტეტის დარბაზი, ეკლესია და არქოლოგიის მუზეუმია.











