ალბანეთი ევროპის ულამაზესი ქვეყანაა, შემკული მრავალფეროვნებით. მისი სანაპიროები მეზობელი საბერძნეთის სანაპიროებს წააგავს, მთები კი შესაძლოა შვეიცარიას მიამსგავსოთ. ამას ემატება გემრიელი საკვები, ოტომანური ქალაქები და ადგილობრივთა სტუმართმოყვარეობა. შენი მეგზური ამ ქვეყანაში 2 არაჩვეულებრივ კვირას დაგიგეგმავთ.

დღე 1: ტირანადან ბერატში

ჩაფრინდით ალბანეთის ფერად დედაქალაქში ტირანაში და გაეშურეთ ბერატისკენ. თუ მანქანას იქირავებთ, გზას 2 საათი დასჭირდება. ავტობუსს კი ოდნავ მეტი დრო, მაგრამ ისინი ყოველ ნახევარ საათში დადიან და მგზავრობის ღირებულებაა 4$. ბერატში ბევრი ბიუჯეტური გესთჰაუსია.

დღე 2: ბერატი

მეორე დღეს გამოიკვლიეთ ექსტრაორდინალური ბერატი, ოტომანური არქიტექტურის საოცრება. მას ათასი ფანჯრის ქალაქს უწოდებენ, რადგანაც ულამაზესი ფანჯრები მდინარე ოსუმს გადაჰყურებენ.

დღე 3: ბერატიდან გჯიროკასტერში

ტიპური ალბანური საუზმის შემდეგ, გაეშურეთ ქალაქ გჯიროკასტერში (Gjirokaster). გზა ულამაზესია, ამიტომაც თუ მანქანით იქნებით გაჩერდით ფოტოების გადასაღებად. ავტომობილის ქირაობის შემთხვევაში ჯერ ჩადით ქალაქ ფიერში და შემდეგ განაგრძეთ გზა დრინოს მდინარისკენ. ავტობუსსაც და მანქანასაც 3 საათი დასჭირდება. ყოველდღიურად ამ ქალაქებს შორის 3 ავტობუსი დადის, ბოლო კი დღის 2 საათზე.

დღე 4: გჯიროკასტერი

ეს ალბანეთის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ქალაქია. ის სავსეა სახლებით, რომლებსაც თეთრი ფასადები და ხის აივნები აქვთ. აქ მდებარეობს ციხესიმაგრეც. გჯიროკასტერს იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის სტატუსიც აქვს მინიჭებული.

დღე 5: გჯიროკასტერიდან ქსამილში

მეხუთე დღეს გადაინაცვლეთ ქსამილში, ალბანეთის რივიერას ულამაზეს სანაპირო ქალაქში. აუცილებლად მოინახულეთ “ლურჯი თვალი” (Blue Eye) – ბუნებრივი აუზი ტყეში, სადაც შესვლა სულ რაღაც 50 ცენტი ღირს. გჯიროკასტერიდან ქსამილში მანქანითაც და ავტობუსითაც 1 სთ დაგჭირდებათ. ავტობუსები ყოველ ნახევარ საათში დადიან.

დღე 6: ქსამილი

ქსამილის სამოთხისებური სანაპიროები ნამდვილად მოგხიბლავთ. აქ 4 პატარა კუნძულიც მდებარეობს, რომლებსაც კაიაკით ან ნავის ტურებით გამოიკვლევთ. აქედან ბორნით კორფუზეც კი გადადიან, საბერძნეთში.

დღე 7: ბატრინტის ეროვნული პარკი

ქსამილში ყოფნისას ნახევარი დღე დაუთმეთ ბატრინტის ეროვნულ პარკში ვიზიტს, სადაც ქვეყნის ისტორიული ნაშთებია. აღმოაჩინეთ რომაული ნანგრევები და უნიკალური მონუმენტები ბუნებაში. საბოლოოდ ადით ციხესიმაგრეზე და დატკბით ხედებით. შესვლის ღირებულებაა 6 $. მანქანით ქსამილიდან აქ 15 წუთის გზაა, ავტობუსები კი მოედნებიდან გადიან. შეგიძლიათ აიღოთ ორგანიზებული ტური ან ისარგებლოთ ტაქსით.

დღე 8: ქსამილიდან ჰიმარეში

მერვე დღეს მოგზაურობა განაგრძეთ მორიგ სანაპირო ქალაქ ჰიმარეში. გზად მოინახულებთ პალერმოს ციხესიმაგრეს. სამწუხაროდ ქსამილიდან ჰიმარეში ავტობუსები არ დადიან. იქირავეთ მანქანა, ტაქსი ან შეუერთდით ტურებს.

დღე 9: ჰიმარე

ჰიმარე ალბანეთის მშვენიერი სანაპირო მიმართულებაა, რადგანაც ქსამილზე და სარანდაზე ნაკლებად დატვირთულია და იმაზე იაფია, ვიდრე მეზობელი კურორტი დერმი. აქ წყნარი და საოცრად სუფთა წყალი დაგხვდებათ და შეგიძლიათ შუადღე დერმიშიც გაატაროთ.

დღე 10: ჰიმარედან კრუემდე

ალბანეთის გზებზე ეს კიდევ ერთი შთამბეჭდავი ხედებით ცნობილი მარშრუტია. მართალია მგზავრობას 4 საათი მაინც სჭირდება, მაგრამ ნამდვილად ისიამოვნებთ. მოინახულეთ კრუეს (Kruje) ძველი ქალაქი და ციხესიმაგრე, ასევე ფერადი ბაზარი. ჰიმარედან კრუემდე პირდაპირი ავტობუსები არ დადიან, ამიტომაც ვორეში გადაჯდომა მოგიწევთ.

დღე 11: კრუედან ტრეტში

კრუეს დათვალიერების შემდეგ გადაინაცვლეთ ულამაზეს სოფელ ტრეტში. აქ ხშირად მოდიან სალაშქროდ და საპიკნიკოდ, აკვირდებიან ფერმერების საქმიანობას და მთებს. ამ შემთხვევაშიც უნდა იქირაოთ მანქანა ან გაყვეთ ავტობუს შკოდერში და იქიდან შეუერთდეთ ტრეტის ტურებს.

დღე 12: დალაშქრეთ ვალბონას პიკი

მე-12 დღეს იხილეთ საოცარი ბუნება, რომელსაც ალბანეთი გთავაზობთ. ადით ტრეტიდან ვალბონას პიკში. გზად გაივლით ტყეებს და ბრწყინვალე ფლორა-ფაინას. თავი შესაძლოა მართლაც ალპებში იგრძნოთ. ტრეტიდან თუ დილის 8 საათძე დაიძვრებით, უკან 3-4 საათისთვის დაბრუნდებით.

დღე 13: ტრეტიდან ტირანამდე

ამ არაჩვეულებრივი ადგილების მოვლის შემდეგ, დროა ტირანაში დაბრუნდეთ და დედაქალაქის დათვალიერებასაც დრო დაუთმოთ. მოინახულეთ მისი ღირსშესანიშნაობები და მუზეუმები. დააკვირდით ხმელთაშუაზღვიური და ევროპული არქიტექტურული სტილის შერწყმას. ტრეტიდან ტირანამდე 3.5 საათის გზაა. ავტობუსები ყოველ 30 წუთში დადიან შკოდერიდან. მგზავრობას 2 საათი სჭირდება და ღირებულება 3.5 $-ია.