ვენა, გემრიელი საკვებითა და ღვინით ევროპაში გამორჩეული ქალაქია. ადგილობრივი კულინარია ტრადიციული და გამორჩეულია. ინგრედიენტები აქაური წარმოების და ჯანსაღია. ჩვენ საუკეთესო 10 ავსტრიულ კერძს გირჩევთ.
Wiener Schnitzel
ავსტრიის ერთ-ერთი ეროვნული კერძი ექსპორტზე საკმაოდ წარმატებულია. ხბოს ხორცისგან მომზადებული თხელი კატლეტი დედაქალაქში ყველგანაა ხელმისაწვდომი. ეს გემრიელი კერძი ბავშვებსაც ძალიან უყვართ. ლიმნითა და ოხრახუშით გაფორმებულ შნიცელს ფრისთან, კარტოფილის ან ბოსტნეულის სალათთან ერთად მიირთმევენ. ზოგიერთ მენიუში ნახავთ ამ ავსტრიული კერძის ვეგეტარიანულ ვარიანტსაც.

The Sachertorte
ეს დესერტი ავსტრიის დედაქალაქის საამაყო სიმბოლოა. შოკოლადის ნამცხვარი გარგარის ჯემის თხელი ფენითაა გაფორმებული. სხვადასხვა კაფეში შესაძლოა მისი ოდნავ სხვადასხვანაირი ვერსია მიირთვათ, მაგრამ ყველა მათგანი ერთნაირად გემრიელია.

Austrian Goulash
ტრადიციული ავსტრიული საქონლის ხორცის კერძი უნგრული კერძისგან ადაპტირდა და ადგილობრივად დამკვიდრდა. მას უმატებენ პომიდორს, ხახვს და წიწაკას და ზამთრის ცივ დღეებში განსაკუთრებით სასიამოვნო მისართმევია. აყოლებენ ავსტრიულ ღვინოს ან ლუდს.

Apfelstrudel
ვაშლის შტრუდელი მორიგი ავსტრიული დესერტია, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მას კაფეებში, საცხობებში და რესტორნებშიც მიაგნებთ. ვაშლის გარდა, ინგრედიენტები მოიცავს ლიმონს, რომს, დარიჩინს, შაქარს, ქიშმიშს და მიხაკს. აუცილებლად მიაყოლეთ ვენურ ყავას ან შავ ჩაის.

Spargel
სატაცური მწვანე ხახვთან, კვერცხთან და კარაქთან ერთად, ვენური საზაფხულო კერძია. აქ მის ბევრ კრეატიულ ვარიაციას შეხვდებით. მიაყოლეთ ის ძირითად კერძს უგემრიელეს ჰოლანდიურ სოუსთან და ღვინოსთან ერთად.

Erdäpfelsalat
ეს ავსტრიული სტილის კარტოფილის სალათა ძმრით, მდოგვით და წითელი ხახვით იკაზმება. ის სხვა სალათებისგან განსხვავებით, არ შეიცავს მაიონეზს. ზოგიერთ მენიუში მისი ინგრედიენტი ხორციცაა, ასე, რომ სურვილის შემთხვევაში მოიკითხეთ ვეგეტარიანული ვერსია. უხდება ყველაფერს: შნიცელს, სოსისს, სატაცურს და აშ. სჯობს ცივი მიირთვათ.

Powidltascherl
ავსტრიაში ჯემით სავსე ეს ფუნთუშეულიც ძალიან უყვართ. მისი ქვეყნის გარეთ პოვნა რთულია, თუმცა ავსტრიულ სამზარეულოში უკვე ფესვგადგმულია. მას ძირითადად ატმის ჯემით ავსებენ და ზევიდან დარიჩინს, ვანილს და თხილსაც აყრიან. ზოგგან შოკოლადის სოუსითაც მოგართმევენ.

Tafelspitz
მოხარშული ხორცი კარტოფილით და სეზონური ბოსტნეულით მთელ ქვეყანაში შემოდგომაზე და ზამთარში უყვართ. მას ავსტრიული თეთრი ან წითელი ღვინო უნდა დააყოლოთ. აღსანიშნავია, რომ ეს ჯანსაღი ტრადიციული კერძია.

Melange
“ვენური ყავა” გამორჩეულია იმიტომ, რომ ვენა ევროპის ყავის დედაქალაქია. აქ ყავის კაფეები მთელ ქალაქშია მიმოფანტული და ის ავსტრიელების ცხოვრების წესად იქცა. აქაური ყავა კაპუჩინოს წააგავს, კაკაოს ფხვნილის გარეშე და ცხელი რძით. ზოგადად, ავსტრიაში კაპუჩინოს კრემით ამზადებენ და არა რძით.

Wiener Wurstel
ვენური სოსისი როგორც საქონლის, ასევე ღორის ხორცით მზადდება. მას მდოგვს, ავსტრიულ კარტოფილის სალათას, სატაცურს და ბოსტნეულს აყოლებენ. ხშირად შეგხვდებათ ქუჩის კვების დახლებზე და ზამთარ-ზაფხულ მშვენიერ წასახემსებელს წარმოადგენს.











