მოგვეცით საშუალება გაგაცნოთ ლოკარნო: იტალიურად მოსაუბრე საკურორტო ქალაქი შვეიცარიაში, რომელიც მაგიორეს ტბაზე მდებარეობს, ალპების ქვეშ. აქ თითქმის მთელი წელი მზეა, გარშემო პასტელური ფერის სახლები და იდილიური ბულვარია. თუ ხელოვნების მოყვარული ხართ, აქ ბევრი მუზეუმი დაგხვდებათ. ჩვენ რამდენიმე რეკომენდაციას შემოგთავაზებთ.
გაისეირნეთ ძველ ქალაქში
ცოტა ქალაქი თუა ისეთივე ლამაზი და მომხიბვლელი როგორც ლოკარნო, თავისი ლამაზი მოედნებითა და ხედებით მაგიორეს ტბაზე. მაგრამ, მისი საფეხმავლო ძველი ქალაქი განსაკუთრებით იზიდავს ვიზიტორებს: წვრილი ქვაფენილიანი ხეივნებით, ფერადი სახლებით და მშვიდი საკვები სივრცეებით. გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე: თაღებზე, ფანჯრების გაფორმებებზე, ანტიკურ ფრესკებზე, რათა დარწმუნდეთ თუ რა განსაკუთრებულია ეს ქალაქი. პიაცა გრანდეზე ხანდახან ბაზრობასაც გადააწყდებით.

დაესწარით ლოკარნოს კინო ფესტივალს
ლოკარნოს კინოფესტივალს 74 წლიანი ისტორია აქვს. ამ დროს ქალაქი კინოს მსოფლიო დედაქალაქს ემსგავსება. მაგიურად მოწყობილი პიაცა გრანდე 8000 მაყურებელს მასპინძლობს. კინო მოყვარულებს ამ დროს ნამდვილად დღესასწაული ელით.

შეუერთდით კრუიზს მაგიორეს ტბაზე
გამოიკვლიეთ მაგიორეს ტბა წყლის ტრანსპორტიდან. აქ ბევრი არჩევანია: სანაპირო მოგზაურობა ბრისაგომდე და ასკონამდე ან უფრო გრძელი იტალიამდე. შეჩერდით ბრისაგოს კუნძულებზე და დატკბით სუბ-ტროპიკული ბოტანიკური სამოთხით.

ეწვიეთ თერმალი სალინის სპას
რა არის იმაზე უკეთესი, რომ დატვირთული დღეების შემდეგ, ძალები ბუნებრივ მარილიან სპაში აღიდგინოთ. ლოკარნოს ცენტრიდან ის 15 წუთის გზაზე მდებარეობს და თერმულ აუზებს, საუნას, შიდა და გარე სარელაქსაციო სივრცეებს გთავაზობთ ხედებით ტბაზე და ტიჩინოს მთებზე.

დალაშქრეთ კარდადა
Cardada – არის ადგილი, სადაც შვეიცარიის უმაღლეს და უდაბლეს წერტილებს ერთდროულად დაინახავთ: მაგიორეს ტბას და მონტე როსას მთას. იქ გონდოლათი ადვილად მოხვდებით და გარშემო ბუნების საოცრება დაგხვდებათ. შეგიძლიათ ახვიდეთ ან ჩამოხვიდეთ ფეხით. გადმოსახედზე რესტორანიც გიმასპინძლებთ პანორამული ტერასით.

იმოგზაურეთ უკან დროში კონტრასტულ ბუნებაში
Val Verzasca – არის ადგილი, რომელიც ლოკარნოში ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.ქალაქის ცენტრიდან ნახევარი საათის გზაზე, შთამბეჭდავი კლდეები, ანტიკური რომაული ხიდი, ჩანჩქერები და მდინარე დაგხვდებათ. სწორედ აქ გადაიღეს ბონდის ფილმი “აგენტი 007 – ოქროს თვალი” პირს ბროსნანის მონაწილეობით.

დაათვალიერეთ მუზეუმები
Castello San Materno
ისტორიულ სასახლეში მდებარე ეს მუზეუმი დიადი არტისტების ნამუშევრების კოლექციას აერთიანებს – მე-19 საუკუნის დასასრულიდან მსოფლიო ომების ეპოქამდე. თავად სასახლეც აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობაა, რადგანაც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

Fondazione Ghisla Art Collection
ეს ფუტურისტული სტილის შენობა ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და პოპ-არტს, აბსტრაქტულ ხელოვნებას და დადაიზმის შედევრებს წარმოგვიდგენს. ყველასთვის ცნობილ არტისტებთან ერთად, მუზეუმში ახალგაზრდა ტალანტებისა და ენთუზიასტების ნაშრომებიცაა.

Museo Comico Dimitri
ეს უნიკალური კომედიის მუზეუმი 2000 წელს შვეიცარიელმა ჯამბაზმა დიმიტრიმ გახსნა. ის 600 ნივთს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც დიმიტრიმ წარმატებული კარიერის მანძილზე შეაგროვა. პირველი ოთახი სპილოებს ეძღვნება და აქ ეს ცხოველი ყველანაირ ფორმასა და ზომაშია წარმოდგენილი. მეორე ოთახი მუსიკალურ ინსტრუმენტებს მოიცავს, მესამე კომიკურ ნიღბებს. აქ ნახავთ მსოფლიოს ცნობილი კლოუნების პრეფორმანსებსაც.











