უნგრული კვება კომფორტული, გემრიელი კერძებითაა ცნობილი და არაა გასაკვირი რატომ ენატრებათ ტურისტებსა და ადგილობრივებს უნგრული საკვები მაშინვე, როგორც კი ქვეყანას ტოვებენ. სუპებიდან დაწყებული, დესერტებით დამთავრებული, ჩვენ ამ ქვეყნის საუკეთესო ტრადიციულ კერძებს წარმოგიდგენთ.

ლანგოსი/Lángos

შემწვარი ცომი ნივრით, არაჟნით და ყველით – უნგრეთში ყველაზე პოპულარული ქუჩის კვებაა. შეგიძლიათ სხვა ტოპინგებითაც მიირთვათ, მაგრამ ტრადიციული კომბინაცია უფრო ავთენტურია და ყველა უნგრელისთვის მშობლიურ საკვებს წარმოადგენს.

ფოზელეკი/Főzelék

ფოზელეკი ბოსტნეულის კერძია ოსპით, მწვანე ლობიოთი და კომბოსტოთი. მას ძირითადად სუპის ფორმით მოგართმევენ, მაგრამ ქვეყნის სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა კაფეს მისი ექსკლუზიური ვარიანტი აქვს.

ტოლმა

ეს ქართველებისთვისაც ნაცნობი საკვები უნგრული ვერსიითაც უნდა დააგემოვნოთ. უნგრელებისთვის ის ბებიების მიერ დამზადებული გემრიელი კერძია, რომლის რეცეპტიც თაობიდან თაობებს გადაეცემათ.

იუმოლჩლევეში/Gyümölcsleves

ეს ცივი ხილის სუპი მრავალფეროვანი შემადგენლობით, განსაკუთრებით ცხელ და თბილ თვეებშია სასიამოვნო. ალუბალი მასში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტია და სწორედ ეს ვერსია წარმოადგენს ტიპურ უნგრულ სუფრას.

პასტა ყაყაჩოს მარცვლებით

ყაყაჩოს მარცვლები უნგრულ სამზარეულოში პოპულარული ინგრედიენტია, თუმცა ამ კერძში ის მთავარ როლს ასრულებს. ტალიეტელეს პასტას კარაქს, შაქარს და მარცვლებს უმატებენ, შედეგად კი მარტივ, ტკბილ კერძის იღებენ, რომელიც გასიამოვნებთ.

პაპრიკაში/Paprikash

წიწაკა უნგრეთში ყველაზე პოპულარული საკმაზია. მისით გაჯერებულ სოუსში აწყობენ ქათამს, ლოქოს ან სოკოს. ნოკედლი – უნგრული კვერცხის დამპლინგები კი კერძს დასრულებულ ხასიათს სძენს.

გულაში/Gulyásleves (Goulash)

უნგრეთის ერთ-ერთი ეროვნული კერძი საქონლის ხორცით და წიწაკით მზადდება და გურმანებს პირველივე კოვზზე ატყვევებს.

კრიმეში/Krémes

უნგრული ვანილის პუდინგი ტკბილის მოყვარულებისთვის შესანიშნავი დესერტია. მიაკითხეთ ნებისმიერ ტრადიციულ საცხობს უნგრეთში და ის მენიუში აუცილებლად დაგხვდებათ. მშენიერი კომბინაცია იქნება ცხელ ყავასთან ერთად.

ჰალასლი/Halászlé

ეს წიწაკით გაზავებული თევზის სუპია, რომელსაც ბოსტნეულის ბულიონში ღია ცეცხლზე ამზადებენ. თევზეულის მოყვარულებმა უნგრეთში მოგზაურობისას ის აუცილებლად უნდა დააგემოვნონ.

შომლოი გალუშკა/Somlói galuska

შოკოლადისა და თხილის ნამცხვარს კრემს და სხვადასხვა გემრიელ კომპონენტს ამატებენ, რათა “უნგრეთის ფავორიტი დესერტი” მიიღონ. გემოებით გაჯერებულ ნამცხვარს ყველგან სხვადასხვანაირი გაფორმებით მოგიტანენ. შეგიძლიათ შეფუთულ მდგომარეობაში შეიძინოთ და სახლში წაიღოთ.