ეპანეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ბილბაო მშვენიერი განტვირთვის საშუალებაა ხელოვნების, დიზაინის, არქიტექტურის და კვების მოყვარულთათვის. ჩვენ ამ ქალაქში საინტერესო უიქენდს დაგიგეგმავთ.

დღე პირველი

დილა

საუკეთესო რამ, რაც ბილბაოში მოგზაურობისას უნდა დაგეგმოთ, გოგენჰეიმის მუზეუმის მონახულებაა. დაიწყეთ პირველი დღე სწორედ აქედან. ამ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ექსტერიერი არქიტექტურულად საინტერესო გადაწყვეტას წარმოადგენს. ეს უზარმაზარი რკინის ხომალდი არანაკლებ შთამბეჭდავია შიგნით.

შუადღე

თუ საშუალება გექნებათ, ლანჩი ნერუაში მიირთვით, გოგენჰეიმის მუზეუმის რესტორანში, სადაც საკვები თავისებურადაა ხელოვნების ნიმუში. უფრო ეკონომიური გადაწყვეტისთვის, ესტუმრეთ რომელიმე ტიპურ რესტორანს ადგილობრივი კერძებით და დააგემოვნეთ ბაკალაო პილ-პილი. ლანჩის შემდეგ, გადადით მდინარეზე და გაემართეთ არტხანდას ფუნიკულიორისკენ. ადით მთაზე, საიდანაც ქალაქზე საოცარი ხედებით დატკბებით.

საღამო

საღამოს აუცილებლად უნდა მიირთვათ პინტხოსი. ეს ერთგვარი ტაპასია : პურის ნაჭერი სხვადასხვა ინგრედიენტებით. ბილბაოში ბევრ პინტხოსის ბარს იხილავთ, თუმცა კარგი არჩევანი იქნება პლაზა ნუევა ძველ ქალაქში. კასკო ვიეჯოში ვახშმის შემდეგ ღამის ქალაქით დატკბებით და ცოცხალ მუსიკასაც მოისმენთ.

მეორე დღე

დილა

ესტუმრეთ კასკო ვიეჯოს დილითაც, ძველი ქალაქი 700 წელზე მეტს ითვლის და ის ოდესღაც ქალაქის ძველი კედლით იყო გარშემორტყმული. აქაურ მაცხოვრებლებს თავი თევზაობით და ვაჭრობით გაჰქონდათ. დღეს კასკო ვიეჯოზე ბევრ პატარა წყნარ ქუჩას, საინტერესო ბარს, მაღაზიას და კაფეს იხილავთ. ამ არეალის ძირითადი ღირსშესანიშნაობა სანტიაგო დე ბილბაოს კათედრალია. იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში შესული საოცარი შენობა მე-15 საუკუნეშია აგებული.

შუადღე

კასკო ვიეჯოს ბოლოს, მდინარე ნერვიონის გვერდით, ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო ბაზარს აღმოაჩენთ: ლა რიბერას. ამ ადგილას ბაზარი მე-14 საუკუნიდან არსებობს, თუმცა ახლანდელი შენობა 1929 წელს აშენდა და ევროპის უდიდესს დახურულ ბაზარს წარმოადგენს. ინტერიერში თავი ფაბრიკაში გეგონებათ, ექსტერიერში კი ფერადი შუშის ფანჯრები მოგხიბლავთ. აარჩიეთ ადგილობრივი პროდუქტები ან ეწვიეთ აქაურ კაფეტერიას. ამის შემდეგ, დაბრუნდით კასკო ვიეჯოზე და დაათვალიერეთ ბილბაოს არქეოლოგიური მუზეუმი.

საღამო

გაყევით მდინარეს კამპოს ელისეოს თეატრამდე და აბანდოს მატარებლის სადგურამდე, სადაც შუშებზე აღბეჭდილ რეგიონის ტიპურ ცხოვრებას აღმოაჩენთ. სადგურიდან ხელოვნების მუზეუმს მიაკითხეთ „Bilbao Fine Arts Museum“. ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს, სადაც უძველესი ხელოვნების ნიმუშებია დაცული. აქ გოიას, ელ გრეკოს, პოლ გოგენის, ბეკონის და ჩილიდას ნამუშევრებს იხილავთ. მუზეუმი 8 საათამდეა ღია, შემდეგ შეგიძლიათ ვახშამი მიირთვათ. ესპანელები ძირითადად საღამოს 9 საათისთვის ვახშმობენ.

15 რამ რაც ესპანეთში მოგზაურობამდე უნდა იცოდეთ