რომში ბევრი ლამაზი ბაღი და პარკია, სადაც ქალაქზე საუკეთესო ხედები იშლება. ესტუმრეთ იტალიის დედაქალაქის გარშემო არსებულ 4 მთას, რათა ამ მარადიულ ქალაქს უკეთ დააკვირდეთ.
Orange Garden
ელეგანტურ უბან ავენტინოში ეს მშვენიერი ბაღი რომის ჰორიზონტს გადმოჰყურებს. წმ. პეტრეს გუმბათი ხედის დომინანტური ფიგურაა და აქ იტალიის დედაქალაქის პანორამულ ფოტოებს გადაიღებთ. ბაღში ფიჭვები და უზარმაზარი ფორთოხლის ხეებია. როგორც წესი, პარკი შებინდებამდე ღიაა, ასე რომ მოიწყვეთ აქ პიკნიკი. ამ ბაღიდან მიქელანჯელოს მშვენიერ გუმბათზეც იდეალური ხედი იშლება.

Gianicolo
ეს ქალაქში სიდიდით რიგით მეორე მთაა და რომის ავთენტურ გამზირს, ტრასტევერეს გადმოჰყურებს. ადით მასზე და თქვენ ქალაქის საოცარი ხედებით დაჯილდოვდებით. გამოიკვლიეთ რომი მაღლიდან, შეათვალიერეთ პომპეზური მონუმენტი ვიტორიო. აქ მხოლოდ ქალაქის ხედებით არ დატკბებით, შეგიძლიათ იხილოთ მე-16 საუკუნის შადრევანი პაოლა და პატარა რენესანსის დროინდელი საყდარი ტემპიეტო დელ ბრამანტე.

Il Pincio
Villa Borghese – რომში ეს ცნობილი პარკი უყურადღებოდ ნამდვილად არ უნდა დატოვოთ. აქ ბევრი რამაა სანახავი, კლასიკური სკულპტურებით დაწყებული, გალერეაში გამოფენილი ნახატებით დასრულებული. აქ აღმოაჩენთ შექსპირის თეატრის რეპლიკასაც, ისეირნებთ გედებით სავსე ტბის გარშემო. აუცილებლად გაჩერდით პინჩიოს ტერასაზე და გადახედეთ ნეოკლასიკურ პიაცა დელ პოპოლოს, რომელიც რომის ხედებიდან ერთ-ერთ საუკეთესო რაკურსად ითვლება.

Terrazza Caffarelli
ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებში ხედები საუცხოოა, თუმცა თავს მუდამ ბევრ ხალხში აღმოაჩენთ. იმისათვის, რომ გადაჭედილ ადგილებს თავი აარიდოთ, კაფარელის ტერასას ესტუმრეთ. კაპიტოლინის მთაზე მდებარე ეს პარკი, რომელიც კაპიტოლინის მუზეუმის სიახლოვეს მდებარეობს, დღემდე საოცრად მშვიდ ადგილად რჩება. ადით კიბეებზე და შეუხვიეთ მარჯვნივ, იმის მაგივრად რომ გზა პიაცას ცენტრში გააგრძელოთ. თქვენ იქ პატარა ბაღს აღმოაჩენთ, რომელიც ებრაულ უბანს და ვიტორიო ემანუელის მონუმენტს უნიკალური რაკურსით გადაჰყურებს. აქ დაგხვდებათ კაფეც, თუ ხედებით ტკბობა ჭიქა ღვინოსთან ერთად გსურთ.











