მოგზაურები ხშირად ბელგიას საფრანგეთისა და ნიდერლანდების გამო უგულეველყოფენ, თუმცა ეს ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ნაკლებად დაფასებული მიმართულებაა. ბელგია ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თანაც კომპაქტური ზომის წყალობით ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილება ძალიან მარტივია. აქ დაგხვდებათ უგემრიელესი კარტოფილი ფრი და შოკოლადი, ულამაზესი ბუნება, შუა საუკუნეების ზღაპრული ქალაქები, ხელოვნებისა და მოდის მრავალფეროვანი სამყარო. ბელგიას უამრავი საინტერესო ადგილი აქვს აღმოსაჩენად!
1. ნამურის პროვინცია, ვალონია
საუკეთესო არჩევანი ციხესიმაგრეების, ბუნებისა და მდინარის ხედების მოყვარულთათვის
ვალონიის რეგიონში მდებარე ნამურის პროვინციას ხშირად ხეობების ქვეყანას უწოდებენ. ეს ტერიტორია მდინარეებით, კლდოვანი ფერდობებით, გორაკებზე გაშლილი ფერმებითა და არდენების ხშირი, მწვანე ტყეებით გამოირჩევა.
დინანი (Dinant) თავისი ღია ბარათის მსგავს პეიზაჟებითა და კირქვის კლდეებზე აღმართული შთამბეჭდავი ციხესიმაგრით ერთდღიანი მოგზაურობისთვის იდეალური ადგილია. გაისეირნეთ ქალაქის ქუჩებში, მოაწყვეთ ნავით გასეირნება მდინარეზე და ადით ციხესიმაგრემდე, საიდანაც ფართო პანორამული ხედები იშლება. ადგილობრივ კაფეებში კი დააგემოვნეთ რეგიონის ტრადიციული ტკბილეული: Couque de Dinant, მყარი ორცხობილა, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. ის ხორბლის ფქვილისა და თაფლის თანაბარი რაოდენობით მზადდება და იმდენად დიდხანს ინახება, რომ სუვენირად წაღებაც შეგიძლიათ.
განსაკუთრებული კულინარიული გამოცდილებისთვის ეწვიეთ ლიერნუს, პატარა, მშვიდ ქალაქს. აქედან სულ ახლოს მდებარეობს ნამური, როგორც პროვინციის, ისე ვალონიის რეგიონის დედაქალაქი. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ციტადელი. ასევე საინტერესოა ფელისიენ როპსის მუზეუმი, რომელიც მე-19 საუკუნის ცნობილი და სკანდალური ბელგიელი მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
მოგზაურობის რჩევა: დინანის ციტადელამდე მისვლა ავტომობილით ან ფეხით, 408-საფეხურიანი კიბით შეგიძლიათ. შესვლის ბილეთი დაახლოებით 13–15 ევრო ღირს. კომბინირებული ბილეთი მოიცავს ციტადელის დათვალიერებას და დინანსა და ანსერემს შორის მდინარეზე 45-წუთიან კრუიზს.

2. ბრიუსელი
საუკეთესო არჩევანი მუზეუმების, შოპინგისა და ქუჩის საკვების მოყვარულთათვის
ბრიუსელი ბელგიის დედაქალაქი, ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინების ადგილსამყოფელი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მულტიკულტურული ქალაქია. ხელოვნების მოყვარულებს შეუძლიათ მთელი დღე დაუთმონ სამეფო სახვითი ხელოვნების მუზეუმებს, რომელთა კომპლექსშიც ექვსი მუზეუმი შედის, მათ შორის აუცილებლად სანახავი მაგრიტის მუზეუმი. ასევე ღირს ბოგოსიანის ფონდის მონახულება ვილა ემპენში და ბოზარი – თანამედროვე კულტურული სივრცე, სადაც ხელოვნება, მუსიკა და გამოფენები ერთმანეთს ერწყმის.
ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია გრანდ-პლასი – იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც შთამბეჭდავი არქიტექტურითა და ისტორიული შენობებით გამოირჩევა. საინტერესოა კოშის სახლიც, რომლის არქიტექტურისა და დეკორატიული ხელოვნების დათვალიერება გარკვეულ შაბათ-კვირას, წინასწარი დაჯავშნით არის შესაძლებელი.
ბრიუსელი ნამდვილი სამოთხეა გურმანებისთვისაც! აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ბელგიური ლუდის მრავალფეროვანი სახეობები, მათ შორის ცნობილი ტრაპისტული ლუდი, ლეგენდარულ Délirium Café-ში, სადაც 2 000-ზე მეტი სახეობის ლუდია წარმოდგენილი. ქუჩის საკვების მოყვარულებს კი პატარა ღია ჯიხურებში, სახელწოდებით “frietkot”, ხრაშუნა კარტოფილი ფრი დახვდებათ, რომელსაც თქვენთვის სასურველ სოუსთან ერთად მიირთმევთ. ტკბილეულის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა გასინჯონ “Pierre Marcolini”-ს ბელგიური შოკოლადი და Maison Dandoy-ს ფუმფულა, ტრადიციული ბრიუსელური ვაფლები. საბლონის უბანში უამრავ საინტერესო მაღაზიას აღმოაჩენთ. აქ შესაძლებელია უნიკალური ნივთების შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.

3. ბრიუგე
საუკეთესო არჩევანი მშვიდი დასვენებისა და ზღაპრული ქალაქის აღმოსაჩენად
ბრიუგეში სტუმრობა ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს. ქალაქი განსაკუთრებული ხიბლით გამოირჩევა: ხეებით გაფორმებული არხები, ქვაფენილიანი ქუჩები და შესანიშნავად შემონახული ისტორიული შენობები დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის. შუა საუკუნეების მრავალი ნაგებობა წითელი გოთიკური აგურითაა აშენებული და თითქოს ჯანჯაფილისგან დამზადებულ ზღაპრულ სახლებს მოგაგონებთ. ბრიუგეს ისტორიულმა მნიშვნელობამ და ფლამანდური პრიმიტივების მხატვრობის სამშობლოს სტატუსმა მისი ისტორიული ცენტრის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებას შეუწყო ხელი.
ბრიუგეს საუკეთესოდ მშვიდი ტემპით აღმოაჩენთ. ფეხით გაისეირნეთ ძველ ქალაქში, დაათვალიერეთ მარკტის და ბურგის მოედნები, ნავით გაიარეთ არხებზე და დაითვალეთ ულამაზესი ხიდები. შემდეგ კი ველოსიპედით გაუყევით არხების ნაპირებს და ქალაქის ნაკლებად ხალხმრავალ კუთხეებს მიაგენით. ქალაქის საუკეთესო პანორამული ხედებისთვის ეწვიეთ ბელფორტის სამრეკლოს და 366 საფეხურის ავლის შემდეგ ზემოდან გადმოხედეთ ბრიუგეს წითელსახურავებიან სახლებს.
დასვენებისას აუცილებლად დააგემოვნეთ ბელგიური ლუდი, რომლის გასინჯვაც ქალაქის მრავალ კაფესა და ბარში შეგიძლიათ. განსაკუთრებულად საინტერესოა ლუდსახარში De Halve Maan, სადაც ექსკურსიები და დეგუსტაციები ტარდება, ასევე ლეგენდარული ლუდის ბარი ’t Brugs Beertje, რომლის მენიუშიც ბელგიური ლუდის 300-ზე მეტი სახეობაა წარმოდგენილი. და ბოლოს, ბრიუგეში მოგზაურობა სრულყოფილი არ იქნება გრონინგეს მუზეუმის გარეშე. ხელოვნების ეს მუზეუმი ფლამანდური პრიმიტივების შთამბეჭდავი კოლექციით გამოირჩევა.
მოგზაურობის რჩევა: ბელფორტის სამრეკლო, დღის მიხედვით, დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს. შესვლის საფასური დაახლოებით 13–16 ევროა. სასურველია ბილეთების წინასწარ, ონლაინ დაჯავშნა.

4. ანტვერპენი
საუკეთესო არჩევანი მოდისა და დიზაინის მოყვარულთათვის
ანტვერპენი ბელგიის სიდიდით მეორე ქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოდური, შემოქმედებითი ცენტრია. აქ მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი სამეფო სამხატვრო აკადემია, რომლის კურსდამთავრებულებსა და ქალაქთან დაკავშირებულ დიზაინერებს შორის მარტინ მარჯიელა და Gucci-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაც არიან. მოდის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ დრის ვან ნოტენის მაღაზია “Het Modepaleis” და ან დემეულემესტერის მინიმალისტური, შავ-თეთრი სტილის ბუტიკი. მოდის უბანში, Kammenstraat-ისა და Nationalestraat-ის ქუჩებზე, უამრავი თანამედროვე მაღაზია დაგხვდებათ, ასევე MoMu: მოდის მუზეუმი. ანტვერპენი არქიტექტურითაც გამოირჩევა: აქ თანამედროვე შენობები შუა საუკუნეების ისტორიულ ნაგებობებს ერწყმის. ნავსადგურში კი აუცილებლად ნახეთ ზაჰა ჰადიდის დაპროექტებული Antwerp Port House და MAS მუზეუმი, რომლის გამოფენები ქალაქის ისტორიასა და კულტურას ეძღვნება.

5. ბელგიის სანაპირო
საუკეთესო არჩევანი ზღვის, პლაჟებისა და სანაპირო ქალაქების აღმოსაჩენად
ბელგიის სანაპირო ზოლი დაახლოებით 65 კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც რამდენიმე ქალაქის ერთ მოგზაურობაში მონახულებას ამარტივებს. გადაადგილებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია სანაპირო ტრამვაი “De Kusttram”, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სანაპირო ტრამვაის მარშრუტია. ის საფრანგეთის საზღვართან მდებარე დე პანედან ნიდერლანდების საზღვართან მდებარე ნოკე-ჰეისტამდე (Knokke-Heist) მიდის და გზად 67 გაჩერებას აკეთებს. მთელი მარშრუტის გავლას დაახლოებით 2,5 საათი სჭირდება, თანაც ნებისმიერ გაჩერებაზე შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და სანაპირო საკუთარი ტემპით დაათვალიეროთ.
დე ჰაანი განსაკუთრებული ხიბლის მქონე ზღვისპირა ქალაქია, სადაც შენობების სიმაღლე ხუთ სართულს არ უნდა აღემატებოდეს. ეს შეზღუდვა ქალაქს პატარა, მყუდრო სოფლის იერს უნარჩუნებს. ბელ ეპოკის სტილის არქიტექტურა, დაბალსართულიანი სანაპირო შენობები და ბუნებრივი ბალახიანი დიუნები აქაურობას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. ტკბილეულის მოყვარულებს შეუძლიათ ეწვიონ რეტროსტილის ვაფლის კაფეს “Wafelhuis Annie”-ს ან ვინტაჟურ ჩაის სახლს ’t Stil Genot”-ს.
ოსტდუინკერკე (Oostduinkerke) დაცული დიუნების ტერიტორიითა და უნიკალური ტრადიციითაა ცნობილი. ეს მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც მეთევზეები ცხენებით გადაადგილდებიან და სპეციალური ბადეებით ქვიშიდან პატარა ნაცრისფერ კრევეტებს აგროვებენ. მრავალსაუკუნოვან ტრადიციას დღეს მხოლოდ ათეულზე ოდნავ მეტი სპეციალურად გაწვრთნილი ადგილობრივი მეთევზე აგრძელებს. თევზჭერა მიქცევა-მოქცევის ციკლის შესაბამის დროს, თბილ თვეებში, ჩვეულებრივ, აპრილიდან ოქტომბრამდე ტარდება. 2013 წელს ცხენებით კრევეტების ჭერის ტრადიცია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს. ამ და სხვა საზღვაო ტრადიციების გასაცნობად ეწვიეთ Navigo-ს: ეროვნულ მუზეუმს, რომელიც მე-19 საუკუნის მეთევზის სახლშია განთავსებული.
გამოიყენეთ სანაპირო ტრამვაი. ხელმისაწვდომია როგორც ცალმხრივი და ორმხრივი ბილეთები, ისე ულიმიტო მგზავრობის ერთდღიანი და სამდღიანი აბონემენტები.

6. გენტი
საუკეთესო არჩევანი მუსიკის, ხელოვნებისა და შემოქმედებითი ატმოსფეროს მოყვარულთათვის
ბრიუსელსა და ბრიუგეს შორის მდებარე გენტი ბელგიური ქალაქების საუკეთესო თვისებებს აერთიანებს: მიხვეულ-მოხვეული არხები, შუა საუკუნეების არქიტექტურა, საინტერესო მუზეუმები და ქვაფენილიანი ქუჩები, რომლებიც პატარა მაღაზიებითა და რესტორნებითაა სავსე. თუმცა გენტს განსაკუთრებულ ხიბლს ახალგაზრდული ენერგია სძენს. აქ ბელგიაში სტუდენტების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს. ქალაქში აღმოაჩენთ შემოქმედებით საზოგადოებას, მრავალფეროვან მუსიკალურ სცენასა და მცენარეულ სამზარეულოზე ორიენტირებულ უამრავ კაფესა და რესტორანს, რის გამოც გენტს ხშირად ევროპის ვეგეტარიანულ დედაქალაქსაც უწოდებენ. 2009 წლიდან ქალაქს იუნესკოს შემოქმედებითი მუსიკის ქალაქის სტატუსი აქვს. მუსიკის მოყვარულებს შეუძლიათ ეწვიონ Abacho-ს, სადაც ბელგიაში პირველი ჩუმი დისკოთეკა გაიმართა, დაესწრონ ღონისძიებებს Viernulvier-ის ხელოვნების ცენტრსა და Muziekcentrum De Bijloke-ში ან ცოცხალ მუსიკას მოუსმინონ ბარებსა და კაფეებში. მათ შორისაა “Kinky Star” მუსიკალური ლეიბლის კუთვნილი კაფე, რომელიც ირლანდიური ყავითა და ალტერნატიული კონცერტებითაა ცნობილი.

7. ჰოგე კემპენის ეროვნული პარკი
საუკეთესო არჩევანი ბუნების, ლაშქრობისა და ველოსიპედით სეირნობის მოყვარულთათვის
ჰოგე კემპენის ეროვნული პარკი ბელგიის ერთადერთი ეროვნული პარკია. წარსულში აქ ქვანახშირის მოპოვება მიმდინარეობდა, თუმცა ბიზნესის, სახელმწიფო უწყებებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით ტერიტორია ბუნების დასაცავად აღადგინეს. პარკი 2006 წელს გაიხსნა და დღეს 57 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი ლანდშაფტი ძირითადად ტყეებისა და ჰედერის მცენარეებით დაფარული მინდვრებისგან შედგება. აგვისტოსა და სექტემბერში იასამნისფრად აყვავებული ბუჩქები განსაკუთრებით ლამაზ სანახაობას ქმნის, ხოლო ფართო ხელოვნური არხები გარემოს განსხვავებულ იერს სძენს. მიუხედავად ინდუსტრიული წარსულისა, პარკში დღეს ფლორისა და ფაუნის 9 000-ზე მეტი სახეობა ბინადრობს.

8. სპა
საუკეთესო არჩევანი თერმული წყლების, განტვირთვისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროცედურების მოყვარულთათვის
მსოფლიოში სპა-ცენტრების სახელწოდება სწორედ არდენების ამ მშვიდ და თვალწარმტაც ბელგიურ ქალაქს უკავშირდება. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი სპა ცნობილია სამკურნალო თერმული წყაროებითა და მსუბუქად გაზიანი მინერალური წყლით. ქალაქის ყველაზე ცნობილი გამაჯანსაღებელი კომპლექსი “Thermes de Spa” თანამედროვე სივრცეა, რომელიც გორაკებზე, ბუნების ულამაზეს გარემოში მდებარეობს და 150 წელზე მეტი ხნის გამოცდილებასა და ტრადიციას ეფუძნება. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ თერმული აუზებით, დაისვენოთ და ყოველდღიურ რუტინას გაექცეთ. სპა ისტორიული კაზინოთი, ჟოან მიროს ლითოგრაფიების მუდმივი გამოფენითა და მსოფლიოში ცნობილი Spa-Francorchamps-ის სარბოლო ტრასითაც გამოირჩევა, სადაც ყოველწლიურად ფორმულა 1-ის ბელგიის გრან-პრი იმართება.
Thermes de Spa-ში ერთდღიანი ვიზიტის ღირებულება დაახლოებით 30–48 ევროა.











