წარმოიდგინეთ დიზაინის მიმდინარეობა, რომელიც იმდენად გონივრულად იყო მოფიქრებული, რომ თანდათან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და საოცრად პრაქტიკული აღმოჩნდა. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ჩახვიდეთ იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და მოინახულოთ ქალაქი, რომელმაც ამ იდეების რეალობად ქცევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ეს მიმდინარეობა ბაუჰაუსია, მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი კი დესაუ: ქალაქი ცენტრალურ გერმანიაში, ბერლინიდან არც ისე შორს.

დესაუ თანამედროვე გერმანული ქალაქია ისტორიული ცენტრითა და XX საუკუნის დასაწყისის რამდენიმე გამორჩეული შენობით, რომლებიც ბაუჰაუსის აღმავლობის პერიოდს მიეკუთვნება. ერთი შეხედვით შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, რატომ არის ეს არქიტექტურა ასეთი მნიშვნელოვანი. თუმცა სწორედ ამაშია ბაუჰაუსის მთავარი იდეა: მისი სიმარტივე კარგად გააზრებული და მიზანმიმართულია. ზედმეტი დეკორაციებით შთაბეჭდილების მოხდენის ნაცვლად, ბაუჰაუსი ყურადღებას ფუნქციურობაზე ამახვილებს. დიზაინმა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მარტივი და მოსახერხებელი უნდა გახადოს.

თავდაპირველად დესაუ სულაც არ მოიაზრებოდა ბაუჰაუსის მთავარ ცენტრად. 1919 წელს, ყველაფერი ვაიმარში დაიწყო. ერთი წლით ადრე ვაიმარი გერმანიის ახალი დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკური ცენტრი გამხდარიყო და ქალაქი ახალი იდეებითა და ცვლილებების სულისკვეთებით იყო სავსე. თუმცა ვაიმარიდან დაახლოებით 165 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დესაუს ხელისუფლებას ქალაქის განვითარების ამბიციური გეგმები ჰქონდა. მათ ბაუჰაუსის დამფუძნებელი გროპიუსი და მისი თანამოაზრეები დესაუში მიიწვიეს და დაჰპირდნენ თავისუფლებას, საკუთარი იდეებით ქალაქის იერსახე შეეცვალათ.

შესაძლოა, ვაიმარი იმ პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურმა ცვლილებებმა ზედმეტად მოიცვა. შესაძლოა, ქალაქმა უბრალოდ ვერ შეაფასა ბაუჰაუსის იდეების მომავალი მნიშვნელობა. შედეგად, 1925 წელს ბაუჰაუსმა ვაიმარი დატოვა და დესაუში “გაემგზავრა”. სწორედ აქედან დაიწყო იმ იდეების განვითარება, რომლებმაც მოგვიანებით მსოფლიო დიზაინსა და არქიტექტურაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

დესაუში ბაუჰაუსმა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი მემკვიდრეობა დატოვა. სწორედ აქ იქცა მისი დამფუძნებლების წარმოსახვაში დაბადებული იდეები ჯერ ნახაზებად, შემდეგ კი რეალურ შენობებად, ავეჯად და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად.

ბაუჰაუსის მთავარი ცენტრი დესაუში მხოლოდ შვიდი წლის განმავლობაში დარჩა. 1932 წელს სკოლა ბერლინში გადავიდა, ხოლო ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლამ მისი შემდგომი განვითარება მალევე შეაფერხა. მიუხედავად ამისა, ეს შვიდი წელი საკმარისი აღმოჩნდა ნამდვილი რევოლუციის დასაწყებად, შეიცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ შეიძლება არქიტექტურამ და დიზაინმა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მარტივი, პრაქტიკული და კომფორტული გახადოს.

იმ გარემოს გასაგებად, რომელშიც ბაუჰაუსი წარმოიშვა, უნდა გავიხსენოთ, რომ მანამდე ევროპულ დიზაინსა და არქიტექტურაში დიდებულების, სილამაზისა და შთამბეჭდაობის დემონსტრირება ჭარბობდა. პარიზში ეს “Belle Époque”-ის ეპოქა იყო, ესპანეთში კი – ბარსელონა ანტონი გაუდის გამორჩეული ნამუშევრების ერთგვარ ტილოდ იქცა. პირველი მსოფლიო ომის დროს არქიტექტურამ და ესთეტიკური სილამაზის იდეებმა მნიშვნელოვნად უკანა პლანზე გადაინაცვლა. ომის დასრულების შემდეგ კი, უფრო მკაცრ და პრაქტიკულ რეალობაში, ევროპაში ფუნქციურმა დიზაინმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მით უმეტეს, რომ კონტინენტის არაერთი ქალაქი თავიდან იყო ასაშენებელი.

ამ ახალ რეალობაში სილამაზეზე მეტად ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკული საჭიროებები გახდა პრიორიტეტული. სწორედ ამ დროს დადგა ბაუჰაუსის დრო.

რა უნდა ნახოთ დესაუში

იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ბაუჰაუსმა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, კარგი დასაწყისია დესაუს ბაუჰაუსის მუზეუმი მოინახულოთ. მუზეუმის კოლექცია დაახლოებით 49 000 ექსპონატს აერთიანებს და ერთდროულად ბაუჰაუსის იდეების ისტორიასაც გვიყვება და იმ ნივთებსაც გვაჩვენებს, რომლებმაც თანამედროვე ცხოვრების იერსახე განსაზღვრა.

ეწვიეთ Bauhausgebäude-ს შენობას, რომელიც ერთი შეხედვით საოცრად მარტივია, თუმცა მისი შექმნის დროს ეს სიმარტივე ნამდვილ სიახლეს წარმოადგენდა. აუდიოგიდის დახმარებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ ვალტერ გროპიუსის მიერ დაპროექტებული სივრცე და უკეთ გაიგოთ, რატომ ითვლებოდა მისი არქიტექტურა იმ დროისთვის რევოლუციურად.

შემდეგ აუცილებლად უნდა ნახოთ Meisterhäuser: „ოსტატთა სახლები“, რომლებიც ერთმანეთის გვერდითაა განლაგებული. ისინი ბაუჰაუსის ადრეული პერიოდის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლების მიერ შეიქმნა და დღეს მათი მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილადაა დაცული. გარკვეული თვალსაზრისით, ეს სახლები ბაუჰაუსის ძირითად პრინციპებს შედარებით თამამად და თამაშის ელემენტებით უდგება. ზედმეტი დეკორაციების ნაცვლად აქ ვიზუალურ ეფექტს ფერების გამოყენებით ქმნიან: პასტელური ტონებით, კონტრასტული დეტალებითა და ზოგ შემთხვევაში შავი კედლით.

კვადრატული ფორმის სახლები ბაუჰაუსის კლასიკური მაგალითებია: სუფთა ხაზები, მართი კუთხეები და სივრცის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება. თუ მათი დათვალიერებისას მოგეჩვენებათ, რომ მსგავსი სახლები დღეს ევროპის ბევრი ქალაქის მწვანე საცხოვრებელ უბანში შეიძლება შეგხვდეთ, სწორედ ეს არის ბაუჰაუსის წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო დასტური: ოდესღაც რევოლუციური იდეები დღეს იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ მათ ყოველდღიურობად აღვიქვამთ.

დესაუში ვიზიტის დასასრულებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი რჩება და შესაძლოა, სწორედ ის გამოხატავდეს ყველაზე უკეთ იმას, რითაც ბაუჰაუსის დამფუძნებლები განსაკუთრებით იამაყებდნენ. Siedlung Törten, ანუ Törten Estate, მუშათა კლასისთვის შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსია. ის 314 სახლისგან შედგება, რომლებიც გროპიუსმა დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის საცხოვრებლის დეფიციტის შესამცირებლად დააპროექტა.

აქ ყველაფერი კომფორტული და პრაქტიკული ცხოვრებისთვის შეიქმნა. გროპიუსმა სახლებთან საკმარისი სივრცე ბაღებისთვისაც გაითვალისწინა. მისი ჩანაფიქრით, მოსახლეობას საკუთარი საკვების მოყვანა და გარკვეულწილად თვითუზრუნველყოფაც უნდა შეძლებოდა, მათ შორის ბოსტნის გაშენებით ან თუნდაც შინაური ცხოველების მოვლით.

როდის ვეწვიოთ დესაუს

დესაუს მოსანახულებლად ცუდი დრო თითქმის არ არსებობს, თუმცა, როგორც ცენტრალური ევროპის ბევრ სხვა მიმართულებაზე, აქაც არჩევანი ამინდსა და ტურისტების რაოდენობას შორის უნდა გააკეთოთ.

აპრილიდან ოქტომბრამდე ამინდი უფრო თბილია და მზიანი დღეების ალბათობაც იზრდება. თუმცა სწორედ ამ პერიოდშია დესაუ და ზოგადად ცენტრალური გერმანია ყველაზე დატვირთული ტურისტებით, განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში.

ზამთარში მოსალოდნელია თოვლი და საკმაოდ დაბალი ტემპერატურა, სამაგიეროდ ეს იდეალური დროა მყუდრო გერმანულ სასტუმროებსა თუ ტრადიციულ რესტორნებში თბილი ზამთრის კერძების დასაგემოვნებლად.

შემოდგომაზე, განსაკუთრებით სექტემბერსა და ოქტომბერში, დესაუს შემოგარენი სრულიად იცვლება. ხეების ფოთლები ყვითელ და ნარინჯისფერ ფერებში იღებება და ლანდშაფტს განსაკუთრებულად ლამაზ იერს სძენს.