როტენბურგ ობ ტაუბერი ერთ-ერთი საუცხოოდ შემონახული შუასაუკუნეების ციხესიმაგრე-ქალაქია გერმანიაში. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს წარმოგიდგენთ:

გაისეირნეთ ძველ ქალაქში

როტენბურგი ერთ-ერთი ის იშვიათი ადგილია, რომელიც ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავს, სადაც რეალური მაცხოვრებლები არიან. ძველი უბანი მოიცავს ფერად ნახევრად ხის სახლებს, ყვავილებით მორთულ ფანჯრებს, შუასაუკუნეების კოშკებს და პატარა საცხობებს. აქ ფაქტობრივად ყველა კუთხე გეძახით გასაჩერებლად და ფოტოს გადასაღებად. ყველაზე ცნობილი ადგილია პლონლეინი, პატარა მოედანი, რომელიც რეალურად უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ფოტოებში.

გაყევით შუა საუკუნეების ქალაქის კედლებს

ქალაქის კედლების მონახულება როტენბურგის აუცილებელი, თანაც უფასო აქტივობაა. სპეციალური ხის საფეხმავლო პლატფორმა საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ულამაზესი ხედებით ტაუბერის ველზე. ზოგიერთ კოშკურაში, მაგალითად როდერტორში შესვლა დაახლოებით 2 ევრო ჯდება.

დაისვენეთ სასახლის ბაღში

ყოფილი ციხესიმაგრის ტერიტორია, სადაც 1356 წლის გამანადგურებელ მიწისძვრამდე შუა საუკუნეების ციხესიმაგრე იდგა, ახლა უფასო საზოგადოებრივი ბაღია. ივნისის ბოლოს, ვარდები და ველური ყვავილები სრულადაა აყვავებული, რაც შუადღის ხალხმრავლობასგან ცოტა ხნით თავის დასაღწევად შესანიშნავ გარემოს ქმნის. ბაღი ღიაა ნებისმიერ დროს.

ლანჩი ანტერ დენ ლინდენში

თუ ციხესიმაგრის ბაღიდან ჩამავალ ბილიკს გაჰყვებით, პირდაპირ ანტერ დენ ლინდენს მიადგებით: ლუდის ბაღს (beer garden) მდინარე ტაუბერის ნაპირზე. ცენტრიდან ფეხით სავალი დაახლოებით 20 წუთია, გზა ძირითადად დაღმართია. გირჩევთ თხის ყველის სალათის დაგემოვნებას. Unter den Linden სეზონურია, ამიტომ ღიაა მხოლოდ აპრილიდან ოქტომბრამდე (ოთხშაბათიდან კვირამდე).

შეუერთდით ღამის დამკვირვებლის ტურს

ეს როტენბურგის გვიანი საღამოს ყველაზე პოპულარული აქტივობაა. შავი მოსასხამით შემკული გიდი შუა საუკუნეების ქუჩებს მოგატარებთ, განათებულს ლამფებით და გასაოცარ ისტორიებს მოგიყვებათ როტენბურგში იმდროინდელ ყოფაზე. ბილეთის ღირებულებაა 9 ევრო. უბრალოდ მიდით მარკპლათზე და იპოვნეთ გიდი, რომელსაც ქეშს გადაუხდით.

გასინჯეთ Schneeball-ი

როტენბურგ-ობ-დერ-ტაუბერში Schneeballen-ის (იგივე “თოვლის გუნდების“) შეუმჩნევლობა შეუძლებელია. თითოეული საცხობის ვიტრინა ამ ტკბილეულითაა გამოტენილი: ფხვიერი ცომის თხელი ბურთულები, რომლებიც ოქროსფერ შეფერილობამდე იწვის ზეთში, შემდეგ კი შაქრის პუდრით, შოკოლადით, მარციპანით ან თხილეულით იფარება. ისინი ამ რეგიონის სამზარეულოს უკვე 400 წელია რაც წარმოადგენენ.

გამოიკვლიეთ ტაუბერის ხეობა

როტენბურგ-ობ-დერ-ტაუბერის ერთ-ერთი დადებითი მხარე ბუნებაში სწრაფად გაღწევის შესაძლებლობაა. მწვანე ველები, მშვიდი საფეხმავლო ბილიკები, მდინარე ტაუბერი და თითქმის არანაირი ხალხმრავლობა; აქედან როტენბურგის ხედებით ტკბობა აღფრთოვანებულს დაგტოვებთ.

როგორ ჩავიდეთ როტენბურგ-ობ-დერ-ტაუბერში

როტენბურგ-ობ-დერ-ტაუბერი სამხრეთ გერმანიაში, ცნობილ „რომანტიკულ გზაზე“ მდებარეობს. ავტომობილით მგზავრობისას ის შტუტგარტიდან დაახლოებით 2 საათის, ფრანკფურტიდან 2.5 საათის, ხოლო მიუნხენიდან 3 საათის სავალზეა. თუ მანქანით არ მგზავრობთ, ქალაქამდე მიღწევა გერმანიის უმეტესი დიდი ქალაქიდან მატარებლითაც არის შესაძლებელი, თუმცა, როგორც წესი, გზად ერთხელ გადაჯდომა მოგიწევთ. „რომანტიკული გზის“ ორგანიზებული ტურებიც ჩერდება როტენბურგში.

რამდენიმე საუკეთესო რესტორანი:

  • Unter den Linden
  • Cafe Einzigartig
  • Time Coffee & Bistro
  • Restaurant Michelangelo
  • Restaurant Don Gallo
  • Profumo di Pasta da Giuseppe
  • Altfraenkische Weinstube

რამდენი დღეა საჭირო როტენბურგ-ობ-დერ-ტაუბერისთვის?

როტენბურგის მაქსიმალურად ასათვისებლად ერთი ღამე სავსებით საკმარისია.

საუკეთესო დრო 

გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის დასაწყისამდე პერიოდი საუკეთესო დროა. ივნისის ბოლოს თბილი ამინდებია და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლადაც არ ცხელა, თუმცა შუადღისას ქალაქი ტურისტული ჯგუფებით უკვე გადატვირთულია. დეკემბერში კი საშობაო ბაზრობა ძველ ქალაქს ნამდვილ სადღესასწაულო ზღაპრად აქცევს. ნოემბრის ბოლოდან უშუალოდ შობამდე პერიოდში მერიის ირგვლივ არსებულ ქუჩებსა და მოედნებს საშობაო ბაზრობა (Reiterlesmarkt) ავსებს.