იტალიაზე მეტად აფრიკასთან სიახლოვით, სარდინიის თბილი წყლები, სტაბილური ამინდი და ულამაზესი სანაპირო ზოლი დიდი ხანია ოჯახების საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდა. ნაკლებად ცნობილია მისი ისტორიული საუნჯეები, თუმცა აქ საკმარისად არის ისეთი ძეგლები, რომლებიც რომის საგანძურსაც კი გაუწევს კონკურენციას.

კუნძულის სამხრეთი საუკეთესო ამოსავალი წერტილია ისტორიულ პეიზაჟებში თავგადასავლების დასაწყებად. დაიწყეთ ნორას არქეოლოგიური პარკით, რომელიც ქარიან ნახევარკუნძულზეა გაშენებული; აქ შეხვდებით საოცრად შემონახულ რომაულ თეატრს, მოზაიკით მოპირკეთებულ აბანოების კომპლექსსა და ტაძარს. ბავშვებს ძალიან მოეწონებათ ვირტუალური რეალობის ტური.

ამის შემდეგ შეიარეთ იქვე მდებარე მომხიბვლელ ქალაქ პულაში. ის განსაკუთრებით ცოცხლდება დაღამებისას, როდესაც ოჯახები „პიაცა დელ პოპოლოზე“ იკრიბებიან პიცის, პასტისა და ჟელატოს დასაგემოვნებლად.

სამხრეთით სარდინიის სანაპირო ზოლის გამორჩეულ, ძვირფას მონაკვეთს აღმოაჩენთ. ეწვიეთ სუ გიუდეუს (Su Giudeu) – ქვიშის გრძელ ზოლს პატარა კუნძულით, რომლისკენ გაცურვაც გამოცდილ მოცურავეებს ძალიან ესიამოვნებათ. ამასობაში, შედარებით პატარა ტუერედა (Tuerredda) საუკეთესო სანაპირო კლუბით გამოირჩევა, სადაც მრავალფეროვანი სადილის მენიუ და ჩრდილში განთავსებული უამრავი დასასვენებელი ადგილი გელით.

ამავე რეგიონში მდებარეობს კურორტი ფორტე (Forte Village), რომელიც სანტა მარტა დე პულას ქვიშიან სანაპიროზეა გაშენებული; ის ოჯახური დასვენებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლების, პირობებისა და რესტორნების ფართო არჩევანს გვთავაზობს, რომლებიც მწვანეში ჩაფლული ბაღებითაა გარშემორტყმული. ბავშვებს კურორტის ახალი ბუნების პარკი მოეწონებათ, სადაც სარდინიული ვირები და მდგრადი სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი ბოსტანია განთავსებული. აქ პატარა სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით ვორქშოფებსა და თემატურ საღამოებში ღია ცის ქვეშ.

კუნძულის ჯერ კიდევ სათანადოდ შეუფასებელი დედაქალაქის – კალიარის ჩრდილოეთით ერთი საათის სავალ გზაზე ყურადღებით იყავით, რათა ფლამინგოები არ გამოგრჩეთ. მოგზაურობა დაიწყეთ გალავნით შემოსაზღვრულ უბანში – “Quartiere Castello” და შეიარეთ ფრამენტოში გემრიელი პიცის დასაგემოვნებლად. მარგარიტა აქ სულ რაღაც €8.50 ღირს. პორტში, მარინა პიკოლაზე შეგიძლიათ ნავებიც იქირაოთ და სანაპირო ზოლი წყლიდან დაათვალიეროთ. გაცურეთ ფარული სანაპიროებისა და საზღვაო გამოქვაბულებისკენ, როგორებიცაა, მაგალითად, გროტა ეი კოლომბი (Grotta dei Colombi).

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული “Su Nuraxi di Barumini” ჩრდილოეთით ერთი საათის სავალზე, სარდინიის შთამბეჭდავ შიდა ნაწილში მდებარეობს, სადაც ტალღოვანი ბორცვები ხმელთაშუაზღვისპირული ბუჩქნარითაა დაფარული. ეს ნაგებობა იმ 7,000-ზე მეტ ბრინჯაოს ხანის კოშკებს შორის ერთ-ერთია, რომლებიც კუნძულზეა მიმობნეული და ოჯახური არქეოლოგიური ექსპედიციების საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა. გირჩევთ დააგემოვნოთ: culurgiones (პასტა) და seadas (პეკორინოს ყველით გაჯერებული და თაფლმოსხმული ცომეული).

საუკეთესო დრო სარდინიაზე სამოგზაუროდ