შენი მეგზურის საუკეთესო რჩევა მათთვის, ვინც სლოვენიას სტუმრობს, არის ის, რომ მივიდნენ ბლედის ტბამდე და გზა განაგრძონ. ბლედი მყინვარულ ხეობაში მდებარეობს. გასცდით მას და მიჰყევით გზას ბოლომდე, რომელიც ხეობის ფსკერს მიუყვება. სწორედ აქ აღმოჩნდებით მისი ტყუპისცალი ტბის, ბოჰინის ნაპირებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბოჰინი მკაცრად დაცული ტრიგლავის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის, სულაც არაა საკმარისი, რომ მას მხოლოდ შორიდან უმზიროთ. სამთო ველოსიპედები, ველორბოლა, პადლბორდინგი, მეკლდეურობა, ლაშქრობა, ყვინთვა, კანიონინგი და სპელეოტურიზმი: ეს ყველაფერი აქ ხელმისაწვდომია და საშუალებას გაძლევთ, სრულად ჩაიძიროთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და თვალწარმტაც გარემოში. დაიწყეთ მარტივი აქტივობით: რამდენიმე საათი კანოეთი ტბის სუფთა წყლებში გაატარეთ. ნიჩბის რამდენიმე მშვიდი მოსმის შემდეგ, უკვე ამ უზარმაზარი წყლის შუაგულში აღმოჩნდებით.

ბოჰინჯი სამი მხრიდან კირქვის ციცაბო ფერდობებითაა გარშემორტყმული. მათ მიღმა კი თოვლიანი მწვერვალები, იულიუსის ალპები მოჩანს და 2,864 მეტრია სიმაღლის მთა – ტრიგლავი, რომელზეც, როგორც ამბობენ, ყველა უნდა ავიდეს, რომ ნამდვილ სლოვენიელად ჩაითვალოს.
ტბის გარშემო მიმავალ ბილიკებზე მოლაშქრეები დადიან, ცაზე კი, პარაპლანები ფრინავენ. ტბის აღმოსავლეთ კიდეზე, წყლის პირას, ორთაღოვანი ქვის ხიდის გვერდით, დგას მე-11 საუკუნის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. გარე ფასადზე წმინდა ქრისტეფორეს ფრესკების მკრთალი კვალია შემორჩენილი, რომელთაგან ზოგიერთმა შვიდი საუკუნის განმავლობაში გაუძლო ბუნების სტიქიას.

წელიწადში სამჯერ ბოჰინის ტბა მთლიანად ახლდება ნადნობი და მიწისქვეშა წყაროების წყლით – ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე ბლედის ტბა. ზაფხულში წყლის ზედა ფენა ხანდახან 20°C-ზე მაღლაც კი თბება, რაც მას იდეალურს ხდის საცურაოდ. მოინახულეთ სავიცას ჩანჩქერი. მას გამაყრუებელი გუგუნი ახასიათებს. წყალი 70 მეტრი სიმაღლიდან ორ ცალკეულ ნაკადად ეშვება.
იქვე ორიოდე მთის ქოხი დგას. სავიცას ქოხის (Koča pri Savici) ტერასაზე ყავითა და ვაშლის შტრუდელით ხელმომარჯვებული შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მოლაშქრეებს, რომლებიც ციცაბო ბილიკებს მიუყვებიან და ალპური მწვერვალებისა თუ ბევრად მაღლა მდებარე პლატოს ტბებისკენ მიემართებიან.

მომდევნო დღის მარშრუტი დაგეგმეთ ვოგარის კალთებზე, რომელიც ტბის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღმართული შედარებით მშვიდი მწვერვალია. მიდით სოფელ სტარა ფუჟინამდე და გარკვეული დროის შემდეგ თქვენ წინ ტბის უზარმაზარი პანორამა გადაიშლება, ზედხედი, რომელიც მშვიდ წყალს და მედიდურ კლდეებს წარმოგიდგენთ მის გარშემო.
ენერგიული და ამავდროულად მშვიდი: აი, ეს არის ბოჰინის ტბა.











