შიკოკუ, ქვეყნის სიდიდით მეოთხე კუნძული, იაპონიაში მოგზაურთა უმეტესობისთვის ნაკლებად ცნობილ, განმარტოებულ მიმართულებად რჩება. იგი ოთხი განსხვავებული რეგიონისგან შედგება, საიდანაც მომდინარეობს კიდეც მისი სახელი: ში (ოთხი) და კოკუ (რეგიონი). საჰაერო მიმოსვლის ეპოქამდე შიკოკუზე მოხვედრა მხოლოდ გემით იყო შესაძლებელი, ხოლო 1980-იანი წლების შუა ხანებამდე აქ ჩასვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. თუმცა დღესდღეობით მას კუნძულ ჰონსიუსთან ხიდების სისტემა აკავშირებს (მათ შორის ერთ-ერთი სარკინიგზოა), ხოლო თვითმფრინავები რეგულარულად დაფრინავენ ოთხივე მთავარ ქალაქში. ახლა, როდესაც კარი ფართოდ არის ღია, მნახველებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ შიკოკუს ღირსშესანიშნაობებით დატკბნენ.

ისტორიულად, ეს რეგიონი ყოველთვის მისტიკურ ასოციაციებს იწვევდა და დღესაც კი, აქ ჩამოსული სტუმრები თავს ისე გრძნობენ, თითქოს დიდ აღმოჩენებში დგამენ ფეხს. შიკოკუს იდუმალების საბურველი ნაწილობრივ მისი მოწყვეტილობის განცდითა და რელიგიური ასკეტიზმის მრავალწლიანი რეპუტაციით აიხსნება. უკვე 1200 წელია, რაც ბუდისტი მომლოცველები კუნძულის 88 წმინდა ტაძარს ფეხით უვლიან გარშემო, სულიერი სიმშვიდის მარადიულ ძიებაში.

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა შენს მეგზურთან ერთად.

ტოკუშიმას პრეფექტურა

1. იცეკვეთ „ავა-ოდორის“ ფესტივალზე

აგვისტოს შუა რიცხვებში გამართული „ავა-ოდორი“ (Awa-odori) იაპონიაში ყველაზე მასშტაბური საფესტივალო ცეკვაა. ყოველწლიურად ქალაქ ტოკუშიმაში მილიონზე მეტი ადამიანი იკრიბება, რათა თვალი ადევნოს ქუჩებში რიტმულად მოძრავ მოცეკვავეებს, რომელთაც აკომპანემენტს სამსიმიანი გიტარა, დოლები და ფლეიტები უწევენ. ეს 4-დღიანი დღესასწაული წინაპართა პატივსაცემად იმართება.

2. აყევით საბაგირო გზას ტაირიუ-ძის ტაძრამდე

მთელი ათასწლეულის განმავლობაში მომლოცველებს ფეხით უწევდათ ციცაბო ბილიკებზე ასვლა მთის მწვერვალზე მდებარე ტაირიუ-ძის (Tairyū-ji) ტაძრის სანახავად. ის შიკოკუს ლეგენდარული 88 ტაძარს შორისაა. დღეს ვიზიტორებს უკვე შეუძლიათ ქვედა ხეობიდან ამ მისტიკურ სავანემდე საჰაერო საბაგირო გზით აიჭრან. ტაირიუ-ძი ნამდვილ ისტორიულ და წმინდა ატმოსფეროს ასხივებს თავისი გიგანტური კედარის ხეებით, უძველესი სამლოცველო ნაგებობებითა და მომლოცველთა საგალობლების ხმით.

კოჩის პრეფექტურა

3. ეძიეთ სულიერი განათლება მუროტო-მისაკის კონცხზე

მუროტო-მისაკი (Muroto-misaki), კოჩის პრეფექტურის ეს დიდებული სამხრეთ-აღმოსავლეთი კონცხი, პირდაპირ წყნარ ოკეანეში იჭრება, რის გამოც მას ხშირად აწყდება მძლავრი ტალღები და მძვინვარე ტაიფუნები. თუმცა, კარგ ამინდში ეს საოცარი ადგილია. აუცილებლად მოინახულეთ მე-9 საუკუნის დასაწყისის ბორცვზე მდებარე ტაძარი ხოცუმისაკი-ძი (Hotsumisaki-ji), ისევე როგორც კლდეებში ბუნებრივად წარმოქმნილი წყლის აუზი.

4. დააგემოვნეთ ადგილობრივი დელიკატესები ჰირომე იჩიბას ბაზარში

ქალაქ კოჩის ბიუჯეტური და გემრიელი კერძების ეპიცენტრი „ჰირომე იჩიბას“ (Hirome Ichiba) ბაზარია, რომელსაც ზედმეტსახელად „კოჩის სამზარეულოსაც“ უწოდებენ. ეს არის 70-მდე დახლისგან შემდგარი სივრცე, რომელიც ქალაქის შთამბეჭდავი ციხესიმაგრის ქვემოთ მდებარე შენობაშია განთავსებული. აქ ყოფნისას აუცილებლად გასინჯეთ კაცუო-ნო-ტატაკი (ოდნავ შებრაწული თევზი ბონიტო), რომელიც კოჩის გასტრონომიულ აღზევებად ითვლება. აქ წასასვლელად ცუდი დრო არ არსებობს, თუმცა, თუ გსურთ საკუთარი თვალით ნახოთ, როგორ ატარებენ დროს ადგილობრივები საერთო მაგიდებთან ჭამა-სმითა და მხიარულებით, უმჯობესია ესტუმროთ საღამოს ან უქმეებზე, როდესაც აქაურობა ნამდვილად სიცოცხლით დუღს.

5. იშოპინგეთ კოჩის კვირის ბაზრობაზე

ქალაქ კოჩის კვირის ქუჩის ბაზრობა უკვე 330 წელზე მეტია, რაც ტრადიციულად იმართება და 400-მდე დახლს აერთიანებს, რომლებიც კოჩის ციხესიმაგრის ძირას მდებარეობს. მადისაღმძვრელი ქუჩის საჭმელების უზარმაზარ არჩევანთან ერთად, აქ ნახავთ ახალ ადგილობრივ პროდუქტებს, ჩირს, სახლში მომზადებულ მწნილებსა და კოჩიში მოყვანილ მწვანე ჩაის. ადგილობრივი სუვენირებიდან აღსანიშნავია ხელით გამოჭედილი კოჩის სამზარეულოს დანები, ხის ნიღბები და სათევზაო გემების დროშები.

ერიმეს პრეფექტურა

6. განიტვირთეთ დოგო ონსენის სამკურნალო წყლებში

ქალაქ მაციამაში მდებარე „დოგო ონსენ ჰონკანი“ მე-19 საუკუნის საზოგადოებრივი აბანოა, რომელიც უძველეს ცხელ წყაროებზეა გაშენებული. დოგო ონსენის სიახლოვეს კიდევ ორი თანამედროვე სპა კომპლექსი მდებარეობს. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, უშუალოდ დოგო ონსენის რაიონში, უამრავი სასტუმრო და რიოკანია(ტრადიციული იაპონური სასტუმრო), რომელთა უმეტესობას საკუთარი ცხელი წყარო აქვს.

7. გამოიკვლიეთ მაციამას ციხესიმაგრის შიდა სივრცეები

კაცუამას მთაზე, ქალაქის თავზე ამაყად წამომართული მაციამას ციხესიმაგრე (Matsuyama-jō) იაპონიაში დღემდე შემორჩენილ საუკეთესო ისტორიულ ციხესიმაგრეთა შორისაა. ციხესიმაგრის შესასვლელამდე აღმართის ავლის ნაცვლად საბაგიროთი სარგებლობა შეგიძლიათ, თუმცა ფეხით გასეირნებაც ძალიან სასიამოვნოა. ბილიკი მიიკლაკნება მასიური ქვის კედლების გარშემო და მიგვიძღვება უშუალოდ ციხესიმაგრეში, სადაც დაგხვდებათ ხის კიბეები, ვიწრო დერეფნები, კოშკებიდან გადმოსახედები და ისტორიული არტეფაქტების ნამდვილი საგანძური. სეზონის მიხედვით, ციხესიმაგრე იკეტება 16:30 ან 17:30 საათზე, ხოლო საბაგირო, 30 წუთის შემდეგ. ასე რომ, თუ მზის ჩასვლის ყურებას ან ციხესიმაგრის წინ მდებარე ჰონმარუს მოედნიდან ღამის ხედებით ტკბობას გეგმავთ, მზად იყავით უკან ფეხით ჩამოსასვლელად.

8. გაისეირნეთ უჩიკოს ისტორიულ უბან იოკაიჩიში

პატარა ქალაქი უჩიკო (Uchiko) ოდესღაც მცენარეული ცვილის მაღალი ხარისხის წარმოებით იყო ცნობილი, რისთვისაც ჯილდოებიც კი მოიპოვა ჩიკაგოსა (1893 წ.) და პარიზის (1900 წ.) მსოფლიო გამოფენებზე. ქალაქის პირვანდელი სახით შენარჩუნებულ მთავარ ქუჩაზე შეხვდებით მუზეუმებს, სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებს, სასტუმროებსა და ჩაის სახლებს, რომლებიც კრემისფერი ბათქაშით ნაგებ შენობებშია განთავსებული. ეს ყველაფერი საოცრად მყუდრო და ისტორიულ ატმოსფეროს ქმნის. აუცილებლად ეწვიეთ „ომორი ვა-როსოკუს“ (Ōmori Wa-rōsoku), რათა თვალი ადევნოთ ტრადიციული სანთლების დამზადების პროცესს.

კაგავას პრეფექტურა

9. დატკბით ხელოვნებით კუნძულ ნაოშიმაზე

ქალაქ ტაკამაცუს ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ ნაოშიმაზე მოხვედრა მხოლოდ ბორნითაა შესაძლებელი. აქ გამოფენილია იაპონიის საუკეთესო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და საერთაშორისო დონის ავტორთა ნამუშევრები, რომლებიც პრიზის მფლობელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ დაპროექტებულ დიდებულ მუზეუმებშია განთავსებული. აქ შეგიძლიათ ნახოთ იაიოი კუსამას „წითელი გოგრა“, ენდი უორჰოლის, დევიდ ჰოკნისა და ჯასპერ ჯონსის ნამუშევრები, ასევე მონეს რამდენიმე ტილო წყლის შროშანების სერიიდან. გარდა ამისა, პროექტმა Art House Project კუნძულის მიტოვებულ უბნებს ახალი სიცოცხლე შთაბერა თანამედროვე ხელოვანების კრეატიული ინსტალაციების წყალობით.

10. ადით კონპირა-სანის მთავარ სალოცავში, კოტოჰირაში

ნებისმიერ ხანდაზმულ იაპონელს რომ უთხრათ, შიკოკუზე ვიყავიო, აუცილებლად გკითხავთ, კონპირა-სანზე თუ ახვედითო. ეს არის მეზღვაურთა მფარველი ღვთაებისადმი მიძღვნილი შინტოისტური ტაძარი, რომლის 1368 ქვის საფეხურის დაძლევა ბევრი იაპონელისთვის ერთგვარ რელიგიურ მოვალეობად და სიმწიფის გამოცდად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ათასზე მეტი ქვის საფეხურის იდეამ შესაძლოა შეგაშინოთ, გზად შეხვედრილი შინტოისტური ჭიშკრები, დარბაზები, პავილიონები და ულამაზესი ხედები ამ ძალისხმევას ნამდვილად აანაზღაურებს. კონპირა-სანის კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულებასა და ზემოთ ასვლას სულ მცირე ნახევარი დღე მაინც დაუთმეთ.

11. დატკბით რიცურინის პარკის ბაღებითა და ჩაის სახლებით

ქალაქ ტაკამაცუში მდებარე რიცურინ-კოენი (Ritsurin-kōen) მთელ იაპონიაშია ცნობილი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ბაღი. მე-17 საუკუნის შუა წლებით დათარიღებული ამ სივრცის მოწყობას საუკუნეზე მეტი დასჭირდა. იგი იქმნებოდა როგორც „სასეირნო ბაღი“ ადგილობრივი ფეოდალისთვის და დღეს აერთიანებს აუზებს, ხიდებს, პატარა კუნძულებს და ტრადიციულ ჩაის სახლებს. გაისეირნეთ მის მიკლაკნილ ბილიკებზე და თავი გავლენიან ფეოდალურ მმართველად წარმოიდგინეთ.

12. გასინჯეთ ადგილობრივი საფირმო ლაფშა: სანუკი-უდონი

სანუკი კაგავას პრეფექტურის ძველი სახელია. მიუხედავად იმისა, რომ იგი იაპონიის 47 ოლქიდან ფართობით ყველაზე პატარაა, მას ქვეყნის მასშტაბით უდიდესი აღიარება აქვს. კაგავას, რომელიც ხუმრობით საკუთარ თავს უდონ-კენს (უდონის პრეფექტურას) უწოდებს, სწორედ ის ადგილია, სადაც ნამდვილი უდონი (სქელი ხორბლის ლაფშა) ადგილობრივ ბულიონთან ერთად უნდა დააგემოვნოთ. მის საპოვნელად დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. ის აქ თითქოს ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ეს არის იაფი, ადგილობრივი და უგემრიელესი საოჯახო კერძი, ასე რომ, კაგავა ისე არ დატოვოთ, ერთი ან ორი ულუფა უდონი რომ არ მიირთვათ.