პრაღაში მოგზაურობისას სასურველია თავი აარიდოთ ძველი ქალაქის მოედანზე ან მის გარშემო მდებარე რესტორნებს. ბევრი მათგანი (გამონაკლისის გარდა) გამოუცდელი ტურისტებისთვის განკუთვნილ საშუალო დონის კერძებს გვთავაზობს. ნაცვლად ამისა, მოშორდით ცენტრს ოდნავ და ადგილობრივებთან ერთად, ჩვენ მიერ ქვემოთ დასახელებულ კრეატიულ ადგილებში ისიამოვნეთ ვახშმით.

საუზმე

პრაღაში გარეთ საუზმობა ჯერ კიდევ შედარებით ახალი ხილია. ჩეხები დღეს, როგორც წესი, სახლში იწყებენ – უბრალო ფუნთუშითა და ერთი ფინჯანი ყავით. მე-20 საუკუნის დასაწყისის ისტორიული საკონდიტრო “Myšák”, ტრადიციულ საუზმეს გთავაზობთ, რასაც თან ახლავს ჩეხური ნამცხვრების საუცხოო ასორტიმენტი. აუცილებლად გასინჯეთ მათი “buchty”: ტკბილი ფუნთუშები მოხარშული კრემის სოუსით. ბისტროში სახელად “Šodó” ასევე დაგხვდებათ ახლადგამომცხვარი პური, ფუნთუშეული და საუზმის კრეატიული მენიუ: კვერცხის კერძები, გარგარის დამპლინგები ხაჭოთი და ხილითა და იოგურტით გაჯერებული გრანოლას ნოყიერი ჯამი. იქვე ახლოს, “Místo”-ში, ალბათ მთელ პრაღაში საუკეთესო შიგთავსიანი ომლეტი აქვთ, ასევე ღუმელიდან ახლადგამოსული თბილი პური და ყავის ადგილზე მოხალული მარცვლები. ინდუსტრიული სტილის საცხობი “Eska” კი ყველაფერს ადგილობრივ ელფერს სძენს. მათი მენიუ აგებულია ტრადიციულ ჩეხურ საუზმეზე, როგორიცაა ადგილობრივი წარმოების ლორი და თხლად მოხარშული კვერცხი.

ყავა

ყავის მსოფლიო რევოლუცია პრაღაშიც მჩქეფარე ტემპით მიმდინარეობს. ქალაქში ყოველკვირეულად იხსნება ახალი ესპრესო-ბარი თუ ყავის მოსახალი სივრცე. საუკეთესო ადგილების უმეტესობას კარლინისა და ლეტნას განაპირა უბნებში იპოვით. ლეტნაში მდებარე Café Letka საუცხოო სივრცეა. იქვე მდებარე Dos Mundos Café-ში კოლუმბიასა და გვატემალაში მდგრადი წესით მოპოვებულ ყავის მარცვლებს თავად ხალავენ და ტორტებისა თუ ნამცხვრების მაცდუნებელ ასორტიმენტს გვთავაზობენ. ასევე გირჩევთ ყოველთვის ხალხმრავალ “Můj Šálek Kávy-ს”. აქ მზარეულები ისეთივე ნიჭიერები არიან, როგორებიც ბარისტები. ეს შესანიშნავი არჩევანია როგორც საუზმისთვის, ისე ლანჩისთვის.

ლანჩი

ჩეხები, როგორც წესი, ძირითად კერძს შუადღისას მიირთმევენ, ამიტომ ბევრი რესტორანი სადილობისას ფასდაკლებულ, ყოველდღიურ მენიუს გვთავაზობს. ერთ-ერთი ასეთია პრესტიჟული პაბი “Hostinec na Výtoni”, რომელიც სპეციალიზებულია შემწვარ იხვზე. ეს არის ადგილობრივი დელიკატესი, რომელიც პრაღაში ყოფნისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ვინოჰრადიში მდებარე გასტრონომიული სამყაროს მარგალიტი “Výčep” კლასიკური ჩეხური კერძების (მაგალითად, ღორის შნიცელისა თუ შიგთავსიანი კარტოფილის კატლეტების) თანამედროვე ვერსიებს ლანჩის დროს უფრო მისაღებ ფასებში გვთავაზობს. ორივე ადგილას მაგიდა წინასწარ დაჯავშნეთ. სწრაფი და მარტივი წასახემსებლისთვის ეწვიეთ ვინოჰრადში მდებარე მუდამ პოპულარულ “KRO Kitchen-ს”, სადაც ადგილობრივი, შამფურზე შემწვარი ქათამი აქვთ. ხოლო ლეტნაში მდებარე “Mr HotDog”-ი კი მყუდრო და მეგობრულ გარემოში უგემრიელეს ჰოთ-დოგებს შემოგთავაზებთ.

ბრანჩი

თუ საერთაშორისო ბრანჩის კლასიკას ეძებთ, როგორიცაა კვერცხი ბენედიქტი, შებოლილი ორაგული და მიმოზას უსაზღვრო რაოდენობა, მაღალი კლასის სასტუმროები, მაგალითად, The Monkey Bar”-ის „ჯუნგლების ბრანჩი“, სრულად დაგაკმაყოფილებთ. შესანიშნავი არჩევანია სასტუმრო “Mama Shelter”, რომელიც კვირა დღეს, შუადღიდან 3 საათამდე, ტერასაზე „შვედურ მაგიდას“ აწყობს. Etapa კი არის მყუდრო, უბნის კაფე, რომელიც ყოველდღიურად სრულად ვეგეტარიანულ ბრანჩს გვთავაზობს, ჩეხეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ინგრედიენტებით.

ვახშამი

კარგად მომზადებული ტრადიციული ჩეხური სამზარეულო შეიძლება საოცრად გემრიელი იყოს. არჩევანში არ შეცდებით, თუ ეწვევით პრაღის ციხესიმაგრესთან ახლოს მდებარე “Kuchyň”-ს ან “U Modré kachničky-ს” მალა სტრანას უბანში. “Kuchyň”-ის მიდგომა უფრო თანამედროვე და მინიმალისტურია, თუმცა მათი ღორის კისრის შნიცელი ან საქონლის ბარკალი პურის კატლეტებთან ერთად, ბებიის მომზადებულ საოჯახო რეცეპტებს ნამდვილ ხელოვნებად აქცევს. U Modré kachničky” ექსტრავაგანტური სახლივითაა მოწყობილი: სანთლებითა და თეთრი გადასაფარებლებით. მენიუში აქცენტი ხორცის კერძებზეა გაკეთებული: ირემი, კურდღელი, ხოხობი და იხვი. U Kroka უფრო კლასიკური, საოჯახო ტიპის პაბია, სადაც ჩეხური კულინარიის საუკეთესო ვერსიებს შეხვდებით, როგორებიცაა შნიცელი, გულიაში და ჩეხური კლასიკა: svíčková (საქონლის ჩაშუშული ხორცი ბოსტნეულით ნაღების სოუსში).

პაბები და ბარები

პრაღა, თავისი არსით, ლუდის ქალაქია. ნებისმიერი თავმოყვარე ჩეხური პაბი ჩამოგისხამთ შესანიშნავ Pilsner-Urquell-ს, რომელიც ახლომდებარე ქალაქ პილსენში იხარშება და ქვეყნის ეტალონია, როდესაც საქმე კარგ იაგერს ეხება. ეწვიეთ ძველი ქალაქის მოედანთან, დლოუჰას ქუჩაზე მდებარე “Lokál”-ს, რათა თავად მიხვდეთ, რატომაა მის ირგვლივ ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი. “U Fleků” კლასიკური, ძველი სკოლის პაბია. მართალია, ტურისტულია, მაგრამ ქალაქში საუკეთესო მუქ ლუდს თავად ხარშავენ.

კრაფტ-ლუდის სცენაც ბუმს განიცდის. გირჩევთ “Dva Kohouti-ის”. მათ აქვთ დიდი ეზო ღია ცის ქვეშ დასალევად. Automat Matuška, რომელიც მეტროსადგურ Hradčanská-სთან ახლოს მდებარეობს, გთავაზობთ ადგილობრივი კრაფტ-მწარმოებლის, Matuška-ს იპა და აპა ლუდების დიდ არჩევანს, ასევე გვთავაზობენ გრილის კერძებს.

თუ გსურთ გასინჯოთ ჩეხეთის მთავარი მეღვინეობის რეგიონის, მორავიის ღვინოები, მოძებნეთ “Bokovka”, დახვეწილი ღვინის ბარი, რომელიც ძველი ქალაქის მოედანთან ახლოს, ერთი შეხედვით მოუწესრიგებელ შიდა ეზოშია დამალული. მაღალი კლასის კოქტეილებისთვის კი რეკომენდირებულია “Hemingway Bar-ი”, სადაც ისეთი შეგრძნებას დაგეუფლებათ, თითქოს ჰოლივუდის შავ-თეთრი სტილის ფილმში მოხვდით. ვრშოვიცეს უბანში მდებარე “Café Bar Pilotů” უფრო კრეატიულ კოქტეილებს გთავაზობთ, როგორიცაა მაგალითად „Vietnamská Večerka“.