ბევრი მოგზაურის წარმოსახვაში ინდონეზიის ერთი ადგილი – ბალი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ის ბუნებრივად შთამბეჭდავი, კულტურულად მდიდარი და განსაკუთრებული რეპუტაციის მქონე ადგილია. განვითარებული მასტურიზმი ბალიზე ქმნის არამხოლოდ ხალხმრავლობას კუნძულის ვიწრო ხეივნებში, არამედ აზიანებს ადგილობრივ კულტურასაც. თუმცა, ამ დიდ არქიპელაგს ბალის გარდა უამრავი კუნძული აქვს, სადაც ლამაზი ბუნება, საოცარი სანაპიროები და საინტერესო წყალქვეშა ცხოვრება დაგხვდებათ. ბევრი მათგანი გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. შენი მეგზური ბალის საუცხოო ალტერნატივებს გირჩევთ:

1. ლომბოკი

ბალის აღმოსავლეთით მდებარე ლომბოკი თეთრი ქვიშის ნაპირებით და სერფინგისთვის განკუთვნილი იდეალური სანაპიროებით გამოირჩევა. კუტა ლომბოკი სერფინგის ტოპ ჰაბია, სელონგ ბელანაკის ტალღები კი შესაფერისია დამწყებთათვის. კუნძულის ჩრდილოეთით ინდონეზიის სიდიდით რიგით მეორე ვულკანი მდებარეობს, სადაც სალაშქრო ბილიკია მოწყობილი. ხედები მონდომებად ნამდვილად ღირს. ლომბოკში ფრენით მოხვდებით ჯაკარტადან, სინგაპურიდან ან ბალიდან, ბორნებით კი ბალის პორტებიდან.

2. სუმბა

ეს კუნძული საუკეთესოა სერფინგით დასაკავებლად და ადგილობრივი კულტურის გასაცნობად. ბევრი აქ იმიტომ ჩამოდის, რომ ინდოეთის ოკეანის საოცარ ტალღებში ინავარდოს. თუ წყლის სპორტი თქვენი არაა, მაშინ მოიწყვეთ ექსკურსიები ბუნებაში. ეწვიეთ პოპულარულ ლაპოპუს ჩანჩქერს და მატაიანგუს (Matayangu) ბუნებრივ აუზებს. კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ვიკურის ლაგუნაც (Weekuri Lagoon) იდეალურია საცურაოდ. გამოყავით დრო ადგილობრივი სოფლისთვის, სადაც ტრადიციულ სახლებს იხილავთ და აქაურ ტექსტილს დაათვალიერებთ.

3. ფლორესი, კომოდო და რინკა

ფლორესის ქალაქ ლაბუან ბაჯოდან, რომელიც ბოლო დროა რეგიონის ტოპ ტურისტული წერტილი ხდება, გაყევით ნავს პატარა კუნძულებისკენ: კომოდოსა და რინკასკენ. ფლორესში დაკავდებით სნორკელინგით და დაივინგით, იხილავთ მდიდარ წყალქვეშა ცხოვრებას, კლდოვან რიფებს და ფერად თევზებს. შეგიძლიათ მოიწყოთ პიკნიკი კომოდოს ცნობილ ვარდისფერ სანაპიროზე, დალაშქროთ მთები და დატკბეთ ხედებით. მოიარეთ სხვადასხვა კუნძული კომოდოს ეროვნულ პარკში.

4. რაჯა იმპატი

ინდონეზიის ეს მოწყვეტილი არქიპელაგი მდიდარი წყლის ბინადრებით და კლდოვანი რიფებით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დაივინგ მიმართულებაა. ხმელეთზე, გაისეირნებთ ჯუნგლებში და დააკვირდებით ენდემურ სახეობებსა და იშვიათ ჩიტებს. ბატანტას კუნძულზე დალაშქრავთ ჩანჩქერებსაც.

5. სფაისის კუნძულები (SPICE ISLANDS)

ამ კუნძულებს ბანდას კუნძულებსაც უწოდებენ. ის ბევრ ევროპელ აღმომჩენსა და კოლონიზატორს იზიდავდა. მისი ისტორია ციხესიმაგრის ნანგრევებში და რეგიონში მიმოფანტულ ეკლესიებსა და მუზეუმებში ჩანს. მისი აქტიური ვულკანი, რომელიც ბოლოს 1988 წელს ამოიფრქვა, ამ საოცარ ლანდშაფტში ნამდვილად დომინირებს. მის მწვერვალზე ასვლის შემთხვევაში ბრწყინვალე ხედებით დაჯილდოვდებით.