სან კრისტობალ დე ლა ლაგუნა ან უბრალოდ “ლაგუნა” ფერადი, პალმებიანი და შთამბეჭდავი ვილების დასახლებაა მე-16 საუკუნიდან. აქ აღმოაჩენთ, რომ ლა ლაგუნა ბევრი კოლონიალური ქალაქის არქიტექტურული შთაგონებაა. ის უფრო ადგილობრივთა ქალაქია, ვიდრე ტურისტული ეპიცენტრი. აქ მდებარეობს უნივერსიტეტიც, რაც ატმოსფეროს ცოცხალს და ახალგაზრდულს ხდის. გირჩევთ ამ ადგილას ერთი ღამით მაინც დარჩეთ და ეს ადგილები მოინახულოთ:

ლაგუნას ძველი ქალაქი
სან კრისტობალ დე ლა ლაგუნას ყველაზე ლამაზი ნაწილია ძველი ქალაქი ქვაფენილიანი ქუჩებით და ფერადი შენობებით. ღია ლურჯი, ყვითელი და ვარდისფერი ფასადებით სავსე დასახლება კოლუმბიის კართაგენასაც კი წააგავს. საინტერესოა, რომ ლა ლაგუნა ესპანეთის პირველი ქალაქი იყო ციხესიმაგრის კედლების გარეშე, რომელმაც ამერიკის ბევრი კოლონიალური ქალაქი შთააგონა, განსაკუთრებით კუბაში. ევროპისა და ამერიკის გავლენების ნაზავის გამო, ლა ლაგუნამ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსიც კი მოიპოვა. ის ტენერიფეს ნამდვილი მარგალიტია. ძველ ქალაქში რამდენიმე საათს მარტივად გაატარებთ, დაათვალიერებთ ძველ ხის აივნებს, ვილებს და ეზოებს.

შემდეგ გადაინაცვლეთ ამ ღირსშესანიშნაობებისკენ:
ლა ლაგუნას კათედრალი
ეს კათედრალი ერთ-ერთი ყველაზე სამეფო შენობაა ქალაქში. კარგად დააკვირდით მის ნეოკლასიკურ ფასადს. შესვლა უფასოა, თუმცა თუ მეტის გაგება გსურთ მისი ისტორიის შესახებ, შეიძინეთ აუდიო ტური.

კაიტანო გომეზ ფელიპეს სახლ-მუზეუმი
ლა ლაგუნაში ბევრი ლამაზი შიდა ეზოა, რომელთა მონახულებაც შეგიძლიათ. ტენერიფეს ერთ-ერთი გამორჩეული ვილაა ცნობილი კოლექციონერის, კაიტანო გომეზის ისტორიული სახლ-მუზეუმი. დღეს აქ ბევრი გასაოცარი და ანტიკური ნივთი ინახება. შიგნით იხილავთ ეზოს კაფით, სადაც შეძლებთ დასვენებას და ლანჩის მირთმევას. შესვლის ღირებულებაა 5 ევრო.

პლაზა დელ ადელანტადო
ეს აუცილებლად სანახავი მოედანია ლა ლაგუნას ძველ ქალაქში, სადაც მნიშვნელოვან ისტორიულ შენობებს აღმოაჩენთ, მაგალითად, ნავას სასახლეს.იხილეთ ასევე მერიის შენობა და სანტა კატალინას მონასტერი. ბევრი ადგილობრივისთვის პლაზა დელ ადელანტადო შეხვედრის ადგილია.

ლა ლაგუნას ბაზრობა
ლა ლაგუნას ბაზრობაზე აღმოაჩენთ ყველაფერს ყვავილებიდან, ადგილობრივ პროდუქციამდე, როგორებიცაა: საკმაზები, ხორცი თუ ყველი. მოვაჭრეები ძალიან მეგობრულები არიან, ისევე როგორც ზოგადად ადგილობრივები ტენერიფეზე. ლა ლაგუნაში გემრიელი ადგილობრივი ღვინოა, რის დაგემოვნებასაც გირჩევთ.

ანაგას პარკი
აღმოაჩინეთ ულამაზესი ანაგას პარკი საოცარი ტყით და ბუნებით. აირჩიეთ რომელიმე სალაშქრო გზა ვულკანური ნაპირებით და ტენერიფეს გამორჩეული ქვის ძეგლებით.

ლა ლაგუნა წლის ნებისმიერ დროს ლამაზი და სასიამოვნო სამოგზაურო ადგილია!










