ესპანეთს, ტუნისს, ფრანგულ რივიერასა და იტალიას შორის მდებარე სარდინია ხმელთაშუა ზღვის მარგალიტია. თეთრი ქვიშით და ფირუზისფერი წყლით ცნობილი მიმართულება მოგზაურებს მთელი წლის მანძილზე იწვევს. შენი მეგზური აქ 7 საუკეთესო ადგილს გირჩევთ:

1. ოროსეის ყურე (GOLFO DI OROSEI)

ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად დრამატული სანაპირო მიმართულებაა მთელ ევროპაში. ხმელეთისა და ზღვის შერწყმა ხმელთაშუაზღვის გასაოცარი სანაპიროებით გვაჯილდოვებს. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყურე და მისი გამოქვაბულები ნავით, მიიღოთ მზის აბაზანები და იცურაოთ.

2. SU NURAXI DI BARUMINI

სარდინიის პრეისტორიული არქეოლოგიური ძეგლები კუნძულის მისტიკურ წარსულს წარმოგვიდგენენ. თუ მხოლოდ ერთი რამის ნახვის საშუალება გაქვთ, იხილეთ ბარუმინი, რომელიც კალიარიდან 1 საათის გზაზე მდებარეობს. მთავარი ძეგლი 18 მ სიმაღლის ფრაგმენტია გარშემორტყმული კედლებითა და ეზოთი.

3. ალგერო (ALGHERO)

შთამბეჭდავი ალგერო თითქოს იბერიულიცაა და სარდინიულიც. ქალაქის ოფიციალური ენა კატალანურია. ადით კათედრალის კოშკურაზე პანორამული ხედებისთვის, რომელიც ქვაფენილიან ქუჩებს და ისტორიულ ცენტრს გადმოჰყურებს. გაისეირნეთ წყალთან მდებარე კედლების გასწვრივ, დასხედით ღია ცის ქვეშ რესტორნების ტერასებზე. მზის ჩასვლისას კი მიირთვით არაგოსტა (ლობსტერი ზეითუნის ზეთში).

4. მადალენას არქიპელაგი (ARCIPELAGO DELLA MADDALENA)

ჩრდილოეთ სარდინიაზე მდებარე ეს არქიპელაგი 1994 წლიდან შემონახულია როგორც ეროვნული პარკი. პატარა სანაპირო კურორტიდან, პალაუდან ნავები დღიურ ტურებს გთავაზობენ დელფინებისა და განცალკევებული სანაპიროების სანახავად. ბორნები 15 წუთში კვეთენ არქიპელაგის უდიდეს კუნძულებს, მადალენასა და კაპრერას. ეწვიეთ მადალენას ისტორიულ ცენტრს.

5. ბარბაგია (BARBAGIA)

აქ ტრადიციულ სარდინიულ კულტურას საუკეთესოდ შეიგრძნობთ. ანტიკური ტრადიციები ამ რეგიონის ფესტივალებში ცოცხლობს. ახლომდებარე სოფელი ორგოსოლო კიდევ ერთი შთამბეჭდავი ადგილია აღმოსაჩენად. შემოდგომა მშვენიერი დროა ბარბაგიას აღმოსაჩენად. სექტემბრიდან დეკემბრამდე ბარბაგიას ფესტივალზე ვიზიტორები ადგილობრივი კულტურის და კულინარიის ტრადიციების გასაცნობად ჩამოდიან.

6. დელასინარას ეროვნული პარკი (PARCO NAZIONALE DELL’ASINARA)

სარდინიას ჩრდილოეთით მდებარე დელასინარას პარკი გასაოცარი ბუნების მქონე კუნძულია. იმისათვის, რომ კუნძულის სანაპიროები და გამოქვაბულები მოიაროთ, გაყევით ბორანს პორტო ტორესიდან.

7. კალიარი (CAGLIARI)

სარდინიის დედაქალაქი და კუნძულის ყველაზე დიდი ქალაქი შუასაუკუნეების ციტადელს, სანტა მარიას კათედრალს და არქიტექტურული სტილის მიქსს წარმოგიდგენთ. მოინახულეთ არქეოლოგიის მუზეუმი და ხელოვნების გალერეა. შოპინგისთვის და ღამის გართობისთვის გირჩევთ ნავსადგურის არეალს. სიმშვიდის მოსაპოვებლად კი ეწვიეთ ბოტანიკურ ბაღს და პოეტოს სანაპიროს რბილ ქვიშას.