ბრიუგე ზღაპრული ქალაქია საუკუნოვანი არქიტექტურით და რომანტიკული ატმოსფეროთი, ბრიუსელი კი დიდი სასახლით და ცოცხალი ენერგიით გამოირჩევა. მაგრამ, ბელგიის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქი დინანტი საშუალებას მოგცემთ ხალხმრავლობას გაექცეთ და ბელგიური სული შეიგრძნოთ. საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარე დინანტი მდინარის პირასაა გაშენებული, დრამატული კლდეების გასწვრივ და საკმაოდ მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.

აყევით საბაგიროს ციხესიმაგრემდე

დინანტის ციხესიმაგრე 1815 წელს აშენდა, მე-11 საუკუნის ციხესიმაგრის ადგილას. მისი სტრატეგიული პოზიციის წყალობით, საუკუნეების მანძილზე მთავარ თავდაცვით ძეგლს წარმოადგენდა. მასზე მოხვედრა საბაგიროთია შესაძლებელი. თუმცა, შეგიძლიათ ახვიდეთ ფეხითაც. ციხის დრამატულობის შეგრძნების გარდა, მაღლა დაგხვდებათ ხედი, რომელიც ნამდვილად ღირს მის მონახულებად.

მოინახულეთ დინანტის კათედრალი

ეს დინანტის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, მასიური ფასადით და შთამბეჭდავი კოშკით. დინანტის ნოტრ-დამი მე-13 საუკუნეში აშენდა, მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე რესტავრაციას დაექვემდებარა. ექსტერიერი აერთიანებს რომანულ, გოთიკურ და ბაროკოს ელემენტებს. აქ იხილავთ ულამაზეს მხატვრობას და ევროპაში უდიდეს ვიტრაჟულ ფანჯარას.

ეწვიეთ ადოლფ საქსის სახლს

ადოლფ საქსი დინანტის ყველაზე ცნობილი მაცხოვრებელია. მან საქსოფონის შექმნით მუსიკის ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანა, ამიტომაც ამ ქალაქში საქსოფონს ბევრგან ნახავთ. ადოლფის სახლი მის ცხოვრებას და საკულტო ინსტრუმენტს ეძღვნება. ეს პატარა, უფასო მუზეუმი ბევრ ინფორმაციას გაგაცნობთ.

განიტვირთეთ კრუასეტზე და მდინარე მეუსის კრუიზში

დინანტს თავისი “კრუაზეტი” აქვს – ბულვარი, ჩამწკრივებული კაფე-რესტორნებით. მიირთვით გემრიელად და შემდეგ შეუერთდით კრუიზს მდინარეზე. შეგიძლიათ შეუერთდეთ 90-წუთიან ტურებს ან იქირაოთ ნავი დამოუკიდებლად.

მატარებელი საუკეთესო გზაა ბელგიის ქალაქების მოსანახულევლად. ბრიუსელის მთავარი სადგურებიდან (Nord, Central და Midi), დინანტში პირდაპირი მატარებლები არ დადიან. აქ მოსახვედრად გაყევით ბრიუსელ-ლუქსემბურგის სადგურიდან მატარებელს ნამურისკენ და გააგრძელეთ გზა დინანტში, რომელიც ამ ხაზის ბოლო გაჩერებაა. ბრიუგედან მატარებლის გამოცვლა მოგიწევთ. გადაჯდომის შემთხვევაში, სხვადასხვა ბილეთის ყიდვა არ დაგჭირდებათ, რადგანაც ფასში სრული მოგზაურობა შედის.