ესტონეთი შესაძლოა პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას 2317 არაჩვეულებრივი კუნძული აქვს. ზოგიერთ მათგანზე მხოლოდ თოლიები და ჩიტები ბინადრობენ. უფრო დიდი ზომის კუნძულებზე კი შუქურები, ლამაზი ლანდშაფტი, ქარის წისქვილები და მშვიდი სოფლებია. მოკლე მანძილების წყალობით მარტივია გადახვიდეთ კუნძულიდან კუნძულზე და თითოეულის განსაკუთრებულ ატმოსფეროში ჩაიძიროთ.

ესტონეთის რომელ კუნძულებს უნდა ეწვიოთ?

ესტონეთის თითოეულ კუნძულს თავისი უნიკალური რიტმი აქვს. ზოგიერთი წყნარი და მედიტაციურია, ზოგი კი ტრადიციებითა და ისტორიით გაჟღენთილი. დედაქალაქ ტალინიდან რამდენიმე კუნძულია ადვილად ხელმისაწვდომი: მათ შორისაა ნაისარი, აეგნა და პრანგლი. ისინი კუნძულის ცხოვრებას და ესტონურ კულტურას გაგაცნობენ. უფრო მოშორებით კი ეწვიეთ ესტონეთის დასავლეთ არქიპელაგს: მუჰუს, ჰიუმას და ვორმსის. რიგის ყურეში კი კიჰნუ და რუჰნუ შემოგეგებებათ.

საარემა ესტონეთის უდიდესი კუნძულია და მშვენიერი გადაწყვეტილებაა ერთი დღის გასატარებლად. გაისეირნეთ მისი ქალაქის, კურესაარეს ქვაფენილიან ქუჩებში და მოინახულეთ საკულტო ქარის წისქვილები. საარემა სპა კულტურით განთქმული ადგილია. პირველი ტალახის სპა აქ 1824 წელს გაიხსნა.

მეზობელი მუჰუ ცნობილია როგორც კუნძული, სადაც “დრო ისვენებს”. ის გვთავაზობს ქალაქგარეთ ცხოვრების ატმოსფეროს, ცხენებით ჯირითს და მშვიდ ბუნებას.

ჰიიუმა იდეალურია ბუნებისა და განმარტოების მოყვარულთათვის. ეს არის კუნძული, სადაც ლანდშაფტი ხელშეუხებელია. გაისეირნებთ ტყეებში, მდინარის პირას, იხილავთ მიგრირებულ ჩიტებს, ველურ ორქიდეებს და ცარიელ სანაპიროებს.

კიჰნუ ხშირად ასოცირებულია ადგილობრივ ქალებთან ტრადიციულ კოსტიუმებში, რომლებიც მოტოციკლეტებს მართავენ. კუნძულს ყოველთვის ძლიერი ქალქები ჰყავდა, რადგანაც აქაური კაცები დიდი ხნით იყვნენ ზღვაში გასულნი.

რუჰნუ ბრწყინვალე გადაწყვეტილებაა თუ ველურ კუნძულზე გსურთ გადასვლა. ტყეში დამალულია ესტონეთის ერთ-ერთი უძველესი ხის შენობა: სან მედელინის ეკლესია, რომელიც მე-17 საუკუნეში ააგეს.

როგორ უნდა იმგზავროთ ესტონეთის კუნძულების გარშემო

პატარა მანქანა-ბორნები აქ ხშირად მოძრაობენ, განსაკუთრებით მაისი-სექტემბრის პერიოდში.

როგორ მოვხვდეთ საარემაზე:

ბორანი: ვირტსუდან კუივასტუმდე (გზის ხანგრძლივობა 30წთ; საათში ორჯერ)

ავტობუსი: ტალინიდან კურესაარამდე (გზის ხანგრძლივობა 4 სთ; დღეში 5-ჯერ)

თვითმფრინავი: ტალინიდან კურესაარამდე (გზის ხანგრძლივობა 40 წთ; დღეში ორჯერ)

როგორ მოვხვდეთ ჰიიუმაზე:

ბორანი: როჰუკულადან ჰელტერმამდე (გზის ხანგრძლივობა 75 წთ; ყოველ 90 წუთში)

ავტობუსი: ტალინიდან კარდლამდე (გზის ხანგრძლივობა 4 სთ; დღეში 2-ჯერ)

თვითმფრინავი: ტალინიდან კარდლამდე (გზის ხანგრძლივობა 30 წთ; დღეში ორჯერ)

როგორ მოვხვდეთ ვორმსიზე:

ბორანი: როჰუკულადან სვიბიმდე (გზის ხანგრძლივობა 45 წთ; დღეში სამჯერ)

როგორ მოვხვდეთ კიჰნუზე:

ბორანი: მუნალაიდიდან კიჰნუმდე (გზის ხანგრძლივობა 1 სთ; დღეში სამჯერ)

როგორ მოვხვდეთ რუჰნუზე:

ბორანი (ზაფხულის სეზონზე): მუნალაიდიდან რუჰნუმდე (გზის ხანგრძლივობა 2სთ; 2-ჯერ კვირაში)

თვითმფრინავი: პარნუდან რუჰნუმდე (გზის ხანგრძლივობა 35 წთ; კვირაში 4-ჯერ)

საარემადან ჰიუმაზე:

ბორანი: ტრიიგიდან სორუმდე (გზის ხანგრძლივობა 1 სთ; დღეში 2-3 ჯერ)

საარემადან რუჰნუზე:

ბორანი (ზაფხულის სეზონი): როომასარიდან რუჰნუმდე ( 2სთ, კვირაში ორჯერ)

თვითმფრინავი: კურესაარიდან რუჰნუმდე (25წთ; კვირაში სამჯერ)

როდისაა საუკეთესო დრო ესტონეთის კუნძულების დასათვალიერებლად?

საუკეთესო დროა მაისიდან სექტემბრამდე პერიოდი. ამ დროს ტემპერატურა 15-დან 25 გრადუსამდე იზრდება, ბუნება ყვავილობს და ბორნებიც ხშირად დადიან. ივლისი და აგვისტო ყველაზე თბილი და დატვირთული თვეებია, იდეალური საცურაოდ. სექტემბერი უფრო მშვიდ, მელანქოლიურ ხასიათზე დაგაყენებთ. ამ დროს აქ ნაკლები ტურისტი და ფერადი ლანდშაფტია.

საუკეთესო აქტივობები ესტონეთის კუნძულებზე:

მთავარი სანახაობებია ლამაზი და უცნაური შუქურები. ზოგიერთი მათგანის კიბეებზე ასვლა ნებადართულია და იქიდან ლამაზი პანორამები იშლება. კოპუს შუქურა ჰიუმაში უძველესი დღემდე მოქმედი შუქურაა მსოფლიოში. აუცილებლად გაიცანით ადგილობრივები. მოინახულეთ ხის ქარის წისქვილები.