კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ილ დე რეში. ეს საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროს იდილიური კუნძულია, მას “ატლანტიკის მარგალიტს” უწოდებენ. იუნესკოს ეს დაცული ტერიტორია ეკო-ტურიზმს ავითარებს და ველური ცხოვრების მრავალფეროვნებას წარმოგვიდგენს. ამიტომაც, აქ უნიკალური ხელშეუხებელი სილამაზე დაგხვდებათ ქვიშიანი ფართო ნაპირებით, ანტიკური სოფლებით, ტყეებით და ვენახებით. შეგიძლიათ გამოიკვლიოთ ველოსიპედითაც. მიუხედავად იმისა, რომ ის პატარა კუნძულია, აქ ბევრი სანახავი და გასაკეთებელია.

1. ისერფინგეთ არხებს შორის

სერფინგის დაფები, რომლებზეც ნიჩბით გადაადგილდებიან, საკმაოდ კარგი საშუალებაა კუნძულის ბუნების დასათვალიერებლად. დადექით და იარეთ ულამაზეს არხებში, იხილეთ მრავალფეროვანი ფლორა. ტრენერის თანხლებით ტურები 2 საათს გრძელდება.

2. ეწვიეთ კუნძულის სოფლებს

კუნძული რეს სოფლები მაგიურად ლამაზია. აუცილებლად იმოგზაურეთ ამ კუნძულზე რათა აღმოაჩინოთ ვიწრო ქუჩები, ქვის კოტეჯები და მომხიბვლელი ტაძრები.

Ars-en-Re: ეს კუნძულის 10 სოფელს შორის ერთ-ერთია, რომელიც უნიკალური არქიტექტურის მქონე ტაძრით გამოირჩევა. ის მთელი საფრანგეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფლად ითვლება. გაატარეთ დილა ქვაფენილიან ქუჩებში სეირნობით, ყავის დალევით და ახლად გამომცხვარი ბაგეტის მირთმევით. შეგიძლიათ გაუყვეთ საველოსიპედო ბილიკს პორტამდე. სწორი ლანდშაფტის გამო, აქ ველოსიპედით სიარული საკმაოდ კომფორტულია.


Sainte-Marie-de-Ré: მორიგი აუცილებლად სანახავი სოფელი რეს კუნძულზე, რომელიც ვენახებითაა გარშემორტყმული. ოკეანე ამ სოფლის გულია და აქ მთელი კუნძულიდან ჩამოდიან კლდოვან სანაპიროებზე სასეირნოდ, სათევზაოდ და სასერფინგოდ. როდესაც ისიამოვნებთ მარილიანი ზღვის ჰაერით, წადით ქალაქში და იხილეთ ტაძარი და ფანტასტიკური ბაზრობები.

Saint-Martin-de-Re: კუნძულის საპირისპირო მხარეს კი ანტიკურ სოფელს აღმოაჩენთ. მასში ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ზედხედი ვარსკვლავის ფორმისაა. სოფელმა თავისი ისტორიის გამო იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის სტატუსი 2008 წელს მიიღო. იხილეთ მისი ციხესიმაგრე, ისეირნეთ ძველ ქუჩებში, ვიწრო ხეივნებზე და დასხედით მყუდრო ბისტროებში. პანორამული ხედებისთვის, ადით საათის კოშკზე.

3. აღმოაჩინეთ ვენახები

საფრანგეთში ყოფნა არ ეთვლებათ ხოლმე თუ ფრანგულ ღვინოს არ დააგემოვნებენ. ეს ქვეყანა ცნობილია ღვინის წარმოებით და რეს კუნძულიც არაა გამონაკლისი. აქ უზარმაზარი ვენახები და მარნებია, რომლებსაც შეგიძლიათ ეწვიოთ. ერთ-ერთი მათგანია: Domaine Arica, სადაც ორიგინალური დიზაინის ბოთლები, დაგემოვნების ტექნიკის მასტერკლასები, ყურძნის ჯიშებზე ინფორმაცია და სხვა აქტივობები დაგხვდებათ. ღიაა ყოველდღე. ვიზიტორებს საშუალება აქვთ ღვინო უფასოდ დააგემოვნოთ დილის 11 საათიდან 1 საათამდე ან საღამოს 5 საათიდან 8-ის ნახევრამდე. სხვა დროებში შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვორქშოფი.

4. იხილეთ მარილის საბადოები

თუ საფრანგეთში მარილს შეიძენთ, დიდი შანსია, რომ ის კუნძული რედან იყოს. აქ უნიკალური მარილის არხებია, რომლებიც შუასაუკუნეებიდან მოჰყავთ. თუ მათ ვერ ეწვევით, შეიძინეთ პროდუქცია ბაზარში: Mail de la Couarde ორშაბათის და ხუთშაბათის გარდა.

5. ესტუმრეთ ხამანწკების ფერმას

საფრანგეთი ცნობილია ხამანწკების წარმოებით: ეს მდიდრული აფროდიზიაკი ბევრს ძალიან უყვარს. არ აქვს მნიშვნელობა მიირთმევთ თუ არა, მოინახულეთ ოჯახური ფერმა, სადაც ამ საქმის შესწავლა თაობიდან თაობას გადაეცემა.


6. ბუნების ნაკრძალი: ფიერის სახლი

ბუნება და ველური ცხოვრება ილ დე რეზე ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, რომ ჩიტები თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობაში ნახოთ, ბუნების ნაკრძალია (Lilleau des Niges). ის კუნძულის ჩრდილოეთითაა. აქ ფრინველებისთვის საუკეთესო გარემოა შექმნილი და შეგიძლიათ დააკვირდეთ სპეციალური ბილიკებით. ინახულეთ ფიერის სახლიც (Maison du Fier) – მუზეუმი მარილის საბადოების შესახებ. შესვლის ღირებულებაა 4 ევრო. ღიაა დილის 10 საათიდან 7 ის ნახევრამდე. შეგიძლიათ იქირაოთ ბინოკლი და გიდის ტური.

როგორ მოხვდებით კუნძულ რეზე: აქ ლა როშელიდან (La Rochelle) ხიდით გადახვალთ. სწრაფი მატარებლები პარიზს ლა როშელთან 3 საათში აკავშირებენ. ხიდზე გადადიან ავტობუსები და ტაქსები.

საუკეთესო საკვები ადგილები: საფრანგეთი ცნობილია გემრიელი სამზარეულოთი. აქ გემრიელ ბისტროებს, კაფეებს და საცხობებს აღმოაჩენთ. შემოგთავაზებენ ვეგეტარიანულ კერძებსაც. რამდენიმე საუკეთესო ობიექტი:

  • Les Q Salés
  • La Cabine de Bain
  • Cafe de la Plage
  • A Cote de Chez Fred
  • La Plaga (სანაპიროზე)