ავსტრიის ალპური ქალაქი ინსბრუკი გერმანიისა და იტალიის და ვენისა და შვეიცარიის დამაკავშირებელ მთავარ გზებზე მდებარეობს. აქ ჩამოსულ ტურისტებს აღაფრთოვანებთ ძველი უბანი ვიწრო ქუჩებით და ბევრი თავშესაქცევით. ამ ისტორიული ქალაქის გამოკვლევა თქვენც აქედან უნდა დაიწყოთ. მთებში ჩაძირული ინსბრუკი თავგადასავლების მოყვარულთათვის საინტერესო მიმართულებაა. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ:

ძველი ქალაქი

ალშტადი, ანუ ძველი ქალაქი საფეხმავლო არეალია, 800 წლიანი ისტორიით. მისი ვიწრო ქუჩები, მომხიბვლელი კარ-ფანჯრები, შუასაუკუნოვანი სახლები და თაღოვანი ფასადები ფეხით უნდა გამოიკვლიოთ. ეს საკმაოდ დიდ დროს წაიღებს, რადგანაც ინსბრუკის ძველი უბანი სავსეა საუკეთესოდ შემონახული არქიტექტურით, რომელიც რენესანსის, ბაროკოს და როკოკოს მიქსია. აუცილებლად სანახავია 57 მ. სიმაღლის საათის კოშკი, იქიდან ლამაზი ხედებითაც დატკბებით.

გამოსცადეთ ინსბრუკის ზედხედი ნორდკიტიდან

Nordkette – ინსბრუკთან მდებარე ყველაზე ახლო მთაა. მასზე ფუნიკულიორის საშუალებით მოხვდებით, რომელიც ზაჰა ჰადიდმა დააპროექტა. თანამედროვე ფუნიკულიორის რკინიგზა ქალაქის გულიდან იწყება, გადაჭრის მდინარეს და 8 წუთში ჰანგერბურგში (Hungerburg) ჩნდება. აქედან, ნორდკიტის საბაგირო აგიყვანთ. მაღლა გადმოსახედი პლატფორმა, რესტორანი და სალაშქრო ბილიკებია.

დაათვალიერეთ ინსბრუკის ძველი საიმპერატორო სასახლე

ინსბრუკის ძველი სასახლე ჰოფბურგი დღეს მუზეუმია, სადაც შეგიძლიათ ინგლისურენოვანი ტურებით ისარგებლოთ. აქ დაათვალიერებთ მდიდრულ აპარტამენტებს ულამაზესი ჭერით. გამორჩეულია მარია ტერესას ოთახები, იმპერატორი ელიზაბეთის აპარტამენტი, ავეჯის მუზეუმი და მხატვრობის გალერეა.

მისამართი: Rennweg 1

მოინახულეთ ინსბრუკის კათედრალი

ინსბრუკის კათედრალი 1724 წელსაა აგებული და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სრულად აღადგინეს. მისი მე-18 საუკუნის ინტერიერი მაღალი მარმარილოს ბოძებით ნამდვილად მომხიბვლელია. აქ ხშირად ტარდება რეგულარული კონცერტები, რომლებიც საჯაროდაა ღია.

მისამართი: Domplatz

გაისეირნეთ მარია-ტერეზიან შტრასეზე

მე-17/მე-18 საუკუნის სახლებით და ბევრი მაღაზიებით, ეს ქუჩა (Maria-Theresien Strasse) საკმაოდ საინტერესოა გამოსაკვლევად. ამ ფართო ქუჩის შუაში ქალაქის მერია მდებარეობს. აქვე არის 14 მ. სიმაღლის ომის მემორიალი, ალპური კლუბის მუზეუმი და ტრიუმფალური თაღი.

ინსბრუკის ზოოპარკი

ძველი ქალაქიდან 1 კილომეტრში ინსბრუკის ზოოპარკი (Alpenzoo) მდებარეობს, რომელიც ცნობილია მთის ცხოველებით ალპური რეგიონებიდან, მათ შორის ფრინველებით და რეპტილიებით. აქ 2000-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს და საკმაოდ დიდი აკვარიუმიცაა.

მისამართი: Weiherburggasse 37

მოიხიბლეთ კრისტალური სამყაროთი

Swarovski Kristallwelten – ინსბრუკიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და არაჩვეულებრივი მუზეუმი და ხელოვნების გალერეაა, რომელიც დანიელ სვაროვსკის მიერ დაარსებულ ბრენდს, “სვაროვსკის” ეძღვნება. აქ ყველა ინსტალაცია კრისტალებითაა აწყობილი და უნიკალურ ნიმუშებს იხილავთ. ცალკე სიამოვნებაა ეზოს დათვალიერება დეკორაციული ბაღით. აქ ინსბრუკიდან ტრანსპორტით მოხვდებით.

მისამართი: Kristallweltenstraße 1

ისრიალეთ ან უბრალოდ მოინახულეთ სათხილამურო ტრასა

თუ ინსბრუკში ზამთარში იმყოფებით, აუცილებლად ადით ავსტრიის ამ გამორჩეულ სათხილამურო ლოკაციაზე (Seefeld), რომელიც ინსბრუკიდან ტრანსპორტით საკმაოდ ახლოს მდებარეობს. აქ მოწყობილია 6 სხვადასხვა სათხილამურო არეალი ყველა დონის მოთხილამურისთვის. აქედან ინსბრუკის ულამაზესი ხედებით დატკბებით ზაფხულშიც.

და ბოლოს, კიდევ ერთი საუცხოო ბაზილიკა

Wilten Parish Church and Basilica – ერთ-ერთი საუკეთესო როკოკოს შედევრია, რომელიც მე-18 საუკუნეში ააგეს და ჭერის ფრესკებით მოხატეს.