გერმანია ბევრი გასაოცარი მუზეუმის ქვეყანაა, თუმცა, აქ უცნაური და უჩვეულო მუზეუმებიცაა, რომლებიც ტურისტებს თავიანთი კრეატიულობით იზიდავენ.
სუნამოს მუზეუმი
ქალაქი: კელნი
ფარინას სუნამოს მუზეუმი (Farina Fragrance Museum) კელნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუზეუმია. ის გვამოგზაურებს პარფიუმერიის სამყაროში, განსაკუთრებით სუნამოებს გვაცნობს. გაეცანით სილამაზის ამ პროდუქტის ისტორიას და ევოლუციას როკოკოს ეპოქიდან. ვიზიტორებს საშალება აქვთ იხილონ უნიკალური და ისტორიული სუნამოები. შეგიძლიათ აიღოთ გიდის ტური.

ღორის მუზეუმი
ქალაქი: შტუტგარტი
ღორის მუზეუმი (The Schweine Museum) ღორებთან დაკავშირებულ 45000-მდე ნივთს აერთიანებს. აქ აღმოაჩენთ ნახატებს, ფოტოებს, კომიქსებს და სხვა ვინტაჟურ თუ თანამედროვე ნივთებს. ამასთან, გაეცნობით ამ ცხოველებთან დაკავშირებულ ყველანაირ რიტუალს და გაიგებთ ყველაფერს რაც შეიძლება ღორებზე იცოდეთ.

მდოგვის მუზეუმი
ქალაქი: დიუსელდორფი
დიუსელდორფი ცნობილია მისი გემრიელი მდოგვის ფართო არჩევანით და არაა გასაკვირი, რომ ამ ქალაქში მდოგვის მუზეუმი (Senfladen Mustard Museum) არსებობს. ტურისტები აქ ამ პროდუქტის ისტორიას ეცნობია და გამოცდიან გემოებს, რომელთა შესახებ საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდათ. გირჩევთ დააგემოვნოთ ვაშლის, ლუდის ან ქოქოსის მდოგვი. მუზეუმის მაღაზიაში ბევრ უნიკალურ და საინტერესო სუვენირს აარჩევთ.

პურის მუზეუმი
ქალაქი: ულმი
პურის კულტურის მუზეუმი (The Museum der Brotkultur) კიდევ ერთი მუზეუმია, რომელიც გერმანელების ერთ-ერთ საყვარელ საჭმელს ეძღვნება – პურს! ეს მუზეუმი პურის მნიშვნელობას უსვამს ხაზს თაობებისათვის და მის ისტორიას საინტერესო გადაწყვეტებით წარმოგვიდგენს, მათ შორის სკულპტურებით და ვიზუალური ინსტალაციებით.

აღდგომის კვერცხის მუზეუმი
ქალაქი: ზონენბული
აღდგომის კვერცხის მუზეუმი (The Ostereimuseum) მთელი წლის მანძილზე წარმოგვიდგენს ათასობით აღდგომის კვერცხს და ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ ორნამენტებს. თითოეული კვერცხი, რომელიც მუზეუმშია წარმოდგენილი, ხელოვნების ნიმუშია. ზოგი ხელითაა მოხატული, ზოგიც მინიატურული დეკორაციებით მორთული. ვიზიტორები ასევე შეიტყობენ აღდგომის კვერცხის და ტრადიციების შესახებ საინტერესო ამბებს.

გაუგონარი ნივთების მუზეუმი
ქალაქი: ბერლინი
უცნობი ნივთების მუზეუმი (Das Museum der unerhörten Dinge) აერთიანებს ყველანაირ უცხო, უცნაურ, საინტერესო და უჩვეულო ნივთს ერთ სივრცეში. თითოეულ ნივთს თავისი გასაოცარი ისტორია აქვს. მათი საშუალებით ვიზიტორებმა თავად უნდა გადაწყვიტონ ისინი რეალურს უფრო ჰგავს თუ მუზეუმის დამფუძნებლის მიერ გამოგონილს. ანტიკური კამერა, ქვა, რომელმაც თომას მანი შთააგონა, კოლუმბის ტელესკოპი, რკინის ნაჭერი ჩერნობილიდან, თვითმფრინავის ხრახნი, სადაც ერთადერთი ადამიანი გადარჩა, იაპონური ბონსაი ირმის ბეწვით – არავინ იცის რას აღმოაჩენთ აქ!

დიალოგის მუზეუმი
ქალაქი: ფრანკფურტი
საუბრის ეს მუზეუმი (Dialog Museum) განსხვავებულ და საინტერესო გამოცდილებას გპირდებათ. ვიზიტორები უნდა გაყვნენ ხმას სიბნელეში. ტური საშუალებას გვაძლევს გავიგოთ რას გრძნობს უსინათლო ადამიანი, როგორ გადადის გზაზე, იხდის ბარში და სხვა. ამ ქალაქში მოგზაურობისას ეს აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.

ჰიგიენის მუზეუმი
ქალაქი: დრეზდენი
გერმანული ჰიგიენის მუზეუმი (Hygiene Museum) საკმაოდ პოპულარული მუზეუმია, სადაც 45000-მდე ნივთია დაკავშირებული ადამიანის სხეულთან, ჰიგიენასთან და ჯანსაღ ცხოვრების სტილთან. შესაბამისი ფაქტები და სამედიცინო ინფორმაცია ინტერაქციული გამოფენების საშუალებითაა წარმოდგენილი.











