ტაივანის პატარა კუნძული კარგადაა ცნობილი თავისი ღამის ბაზრობებითა და სალაშქრო მარშრუტებით, თუმცა ნაკლებადაა განთქმული სანაპიროებით. მაშინ, როცა ადგილობრივები შაბათ-კვირას სწორედაც რომ ზღვის პირას ატარებენ. ისინი სწრაფმავალ მატარებელში სხდებიან, რათა კრისტალივით სუფთა, გრილ წყალში სწრაფად გადაეშვან. 1600 კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლზე, ტაივანის ჩრდილოეთით, შეხვდებით ოქროსფერ და მუქქვიშიან პლაჟებს, რომლებიც საუკეთესოა ცურვისთვის, გარუჯვისა და კანოეით გასეირნებისთვის. აღმოსავლეთით კი სერფერები ნამდვილ სამოთხეში აღმოჩნდებიან. მიუხედავად იმისა, ოჯახთან ერთად დასასვენებელ კურორტს ეძებთ, სერფინგის ადგილებს თუ სნორკელინგს (წყალქვეშ ცურვას), ტაივანის პლაჟები ნამდვილად ღირს მოსანახულებლად. შენი მეგზური რჩეულ სიას გთავაზობთ:
1. ფულონგის სანაპირო (FULONG BEACH), ახალი ტაიპეი
საუკეთესო სანაპირო ოჯახური დასვენებისთვის
თუ ტაივანში პირველად ხართ, თქვენი ბაზა, სავარაუდოდ, დედაქალაქი ტაიპეი იქნება. თუ იგრძნობთ, რომ ქალაქის ღამის ბაზრობებსა და ბეტონის კედლებში საკმარისი დრო გაატარეთ, ჩაჯექით მატარებელში და სულ რაღაც 1 საათსა და 30 წუთში ფულონგის პლაჟზე აღმოჩნდებით. ფულონგი შაბათ-კვირას ძალიან პოპულარული მიმართულებაა, ამიტომ სჯობს, რომ აქ სამუშაო დღეებში ჩამოხვიდეთ, რათა 3 კილომეტრზე მეტი სიგრძის ოქროსფერი ქვიშა თითქმის მთლიანად თქვენ განკარგულებაში იყოს. მშვიდი წყალი ამ ადგილს იდეალურს ხდის კიტსერფინგისთვის, კანოესა და კაიაკისთვის, ზუსტად იქ, სადაც მდინარე შუანგსი ოკეანეს უერთდება.
რჩევა: მაისიდან ივლისამდე აქ ფულონგის ქვიშის ქანდაკებების ფესტივალი იმართება.

2. ვაიაოს სანაპირო (WAI’AO BEACH), ილანი
საუკეთესო ვულკანური სანაპირო
კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვაიაოს სანაპირო იდეალური ადგილია იმ საოცრებების გამოსაცდელად, რითიც ტაივანია ცნობილი. ტაიპეის მთავარი სადგურიდან მატარებლით სულ რაღაც 45 წუთის სავალზე, ილანის ოლქში მდებარე ეს პლაჟი გარშემორტყმულია ჩანჩქერებით, სამთო-ველოსიპედის ბილიკებითა და ჯიაოსის (Jiaoxi) ცხელი წყაროებით. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, რაც ქალაქიდან მოსაწყვეტად და შაბათ-კვირის მხიარულად გასატარებლად საუკეთესო პირობას ქმნის. თავად სანაპირო უნიკალურია, რადგან მისი ქვიშა შავი ვულკანური ფერფლისგან შედგება; ის იმდენად რბილია, რომ იდეალურ დასაჯდომ ზონას ქმნის პარაპლანერისტებისა და კიტსერფერებისთვის. ეს ადგილი ასევე შესანიშნავია დამწყები სერფერებისთვის, რადგან აქ უამრავი სასწავლო კურსი დაგხვდებათ. დელფინების სანახავად კი შეგიძლიათ ახლომდებარე „კუს კუნძულს“ ეწვიოთ.

3. გაოსიუნგის სანაპირო და კუნძული ციძინი (KAOHSIUNG BEACH & CIJIN ISLAND)
საუკეთესო სანაპირო გურმანებისთვის
ტაივანში ყველას უყვარს გემრიელად ჭამა და ცნობილია, რომ სამხრეთით მდებარე ქალაქი გაოსიუნგი ზღვის პროდუქტების კერძებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა. აქ ზაფხულის სიცხეში შეგიძლიათ გაგრილდეთ ყინულის დესერტით. სანაპიროს გარშემო უამრავი შესანიშნავი კვების ობიექტია: შეგიძლიათ აირჩიოთ ადგილობრივებში პოპულარული ზღვის პროდუქტების რესტორნები ან ჩემი ფავორიტი, საოჯახო ტიპის პატარა ადგილები. გაოსიუნგის სანაპიროდან ოდნავ მოშორებით კი მდებარეობს პატარა კუნძული ციძინი შავქვიშიანი პლაჟებით.

4. განგკოუს სანაპირო (GANGKOU BEACH), კენტინგი
საუკეთესო ადგილი სერფინგისა და ლამაზი დაისებისთვის
კენტინგის ღამის ბაზრობისა და ბაიშას ყურის ხალხმრავალ უბნებს ხშირად სტუმრობენ ტურისტები, რომლებიც აქტიურ ღამის ცხოვრებას ეძებენ. თუმცა, თუ გირჩევნიათ წყალთან საკუთარი მყუდრო სივრცე იპოვოთ ან დაისით დატკბეთ, მაშინ განგკოუს სანაპიროს მიაშურეთ. ასევე შეგიძლიათ კაიაკი იქირაოთ და განგკოუს დაკიდებულ ხიდთან მდინარეს გაჰყვეთ.

5. ნანვანის სანაპირო (NANWAN BEACH), კენტინგი
საუკეთესო სანაპირო წყლის სპორტისა და აქტივობებისთვის
კენტინგში მდებარე ნანვანის სანაპირო ტაივანელების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ქვეყნის „ყველაზე ლამაზ“ სერფინგის სანაპიროდ მიიჩნევენ. აქ უამრავი ხალხი მოდის ფირუზისფერი წყლის ფონზე ფოტოების გადასაღებად, ასე რომ, თუ აქ შაბათ-კვირას მოხვდებით, თავისუფალი ადგილის მოსაძებნად ბრძოლა მოგიწევთ. თუ სერფინგს სერიოზულად უდგებით, დასავლეთ ნაწილს უნდა ეწვიოთ, აქ ტალღები უფრო დამორჩილებულია, თუმცა ბევრი პროფესიონალისთვის შესაძლოა ზედმეტად მარტივიც კი აღმოჩნდეს.
რჩევა: აქ ყოფნისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ ადგილობრივი ზღვის პროდუქტები. რესტორანი „Piccolo Polpo“ შესანიშნავი ადგილია იტალიური შტრიხებით მომზადებული ახალი თევზეულობისთვის, ხოლო თუ უფრო ტაივანური გემოები გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ „Ashing Restaurant“-ს, რათა ადგილობრივებთან ერთად დაუვიწყარი ვახშამი მოიწყოთ.

6. ლაომეის პლაჟი (LAOMEI BEACH), ახალი ტაიპეი
თუ ტაივანში აპრილიდან მაისამდე პერიოდში აღმოჩნდებით, პირდაპირ ლაომეის პლაჟს მიაშურეთ, რათა ამ პატარა კუნძულზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სანაპირო იხილოთ. ლაომეი, რომელიც ერთდროულად პლაჟიცაა და რიფიც, მილიონობით წლის წინ გაჩნდა, როდესაც დატუნის მთის ამოფრქვევის შედეგად სანაპიროზე ვულკანური ქანები წარმოიქმნა. წელიწადის ამ დროს, მხოლოდ მიქცევისას, კლდეებზე მოდებული წყალმცენარეები ქვიშაზე აღმართულ დიდ მწვანე ტალღოვან ზოლებს ქმნის, რაც ულამაზეს კონტრასტს ქმნის ცისფერ ოკეანესთან.
გზად შეიარეთ: დაახლოებით 8 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს იანგმინგშანის (Yangmingshan) ეროვნული პარკი, ტაივანელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი სასეირნოდ, დასალაშქრად და ველოსიპედით სასეირნოდ.

7. ძინძუნის სანაპირო (JINZUN BEACH), დუნგხე
საუკეთესო სანაპირო პროფესიონალი სერფერებისთვის
დუნგხეში მდებარე ძინძუნის პლაჟი ტაივანის სერფინგის არაოფიციალური დედაქალაქია. აქ ყოველ ნოემბერში ტაივანის სერფინგის ეროვნული ჩემპიონატი იმართება. ეს ადგილი დამწყებთათვის ნამდვილად არ არის, რადგან დაფის მანევრირებაში დიდი თავდაჯერება გჭირდებათ. პროფესიონალ სერფერებს ძალიან უყვართ ზამთრის თამამი ტალღები, რომლებიც მსოფლიოს ისეთ ცნობილ სერფინგის ადგილებსაც კი არ უდებს ტოლს, როგორებიცაა ჰავაი და ავსტრალია. სერფინგის მიღმა, ეს პატარა მეთევზეთა სოფელი პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება როგორც „ოქროს თასი“, ხოლო მისი 3-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი შესანიშნავია კლდის პირას სასეირნოდ, სათევზაოდ და უბრალოდ ულამაზესი ხედებით დასატკბობად.

8. ჟონგაოს სანაპირო (ZHONGAO BEACH), სიაო ლიუ ციუ (ლამბაის კუნძული)
საუკეთესო სანაპირო ყვინთვისა და სნორკელინგისთვის
ტაივანის პატარა ყურეებისა და კუნძულების გარშემო არსებული კრისტალურად სუფთა წყალი საუკეთესო პირობებს ქმნის სნორკელინგისა და ყვინთვის მოყვარულთათვის. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ვულკანური კუნძული სიაო ლიუ ციუ (Xiao Liu Qiu), რომელიც ტაივანის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროდან 15 კილომეტრში მდებარეობს. იმგზავრეთ ბორნით ძირითადი კუნძულიდან და წყალქვეშა ექსკურსიისას მწვანე კუებისა და უნიკალური ჯიშის თევზების ნახვა თითქმის გარანტირებული გექნებათ. ჟონგაოს პლაჟი ყველაზე დიდია კუნძულზე და პოპულარულია სხვა აქტივობებითაც, როგორიცაა კაიაკინგი და პადლბორდინგი. თუ აქ ერთ დღეზე მეტხანს დარჩებით, აუცილებლად მოინახულეთ „Vase Rock”: სოკოს ფორმის უცნაური კლდოვანი წარმონაქმნი.











