კორტონა ნაკლებად ცნობილი ტოსკანას მთაგორიანი ქალაქი იყო, რომელმაც პოპულარობა ფილმის – “ტოსკანის მზის ქვეშ” (Under the Tuscan Sun) გამოსვლის შემდეგ მოიხვეჭა. ტოსკანას აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე კორტონა იტალიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იპოვნეთ თქვენი ადგილი აქ, ტოსკანას ცის ქვეშ.
Convento delle Celle
ეს კორტონას ყველაზე პოპულარული ადგილია. ის სან ეგიდიოს ფერდობზე მდებარეობს და ბერების საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენდა. აქედან ქალაქზე ბრწყინვალე ხედი იშლება. კორტონას ცენტრიდან ფეხით 1 საათში მოხვდებით.
კორტონას არქეოლოგიური მუზეუმი
Museo dell’Accadémia Etrusca e della Città di Cortona – პრეტორიოს სასახლის შენობაშია განთავსებული. აქ რომაულ-ეგვიპტური და ეტრუსკული ანტიკვარიატი დაგხვდებათ.
მისამართი: Palazzo Casali, Piazza Signorelli 9
წმ. მარგარიტას ბაზილიკა
Santuario di Santa Margherita – პილიგრიმული ტაძარია, რომელიც კორტონას წმინდა მარგარიტას ეძღვნება მე-13 საუკუნიდან. ეკლესია მე-19 საუკუნეში ნეო-ბიზანტიურ სტილშია აგებული. ტაძრის წინ მდებარე ამავე წმინდანის სახელობის მოედნიდან იშლება ხედი ვალ დი კიანაზე.
გირიფალკოს ციხესიმაგრე
Fortress of Girifalco მე-13 საუკუნის მასალებში აღწერილია როგორც ძლიერი ციხე. მე-16 საუკუნის დასაწყისში მას მედიჩები განაგებდნენ. ციხესიმაგრე ქალაქის კედლებს უკავშირდებოდა. დღეს ეს საჯარო ხელოვნების და კულტურის ცენტრია ხშირი ღონისძიებებით და რესტორნით, სადაც ადგილობრივ საკვებს და სასმელს დააგემოვნებთ.
დიოკესანოს მუზეუმი
Museo Diocesano – ძველ ტაძარში მდებარე მუზეუმია, სადაც ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები ინახება. შემონახულია ტაძრის ძველი ფრესკები და მოხატული დეკორაციები.
მისამართი: Piazza del Duomo 1
რესპუბლიკის მოედანი
Piazza della Repubblica – ერთ დროს რომაული ფორუმი იყო. ის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. აქ უნიკალური საათის კოშკი და კიბეებია შემორჩენილი. რესპუბლიკის მოედანზე ხშირად ეწყობა ბაზრობები და ფესტივალები. ქუჩის მუსიკოსები ლაივ კონცერტებს მართავენ.
ეტრუსკული სამარხები
კორტონას მთის ქვეშ ორი არაჩვეულებრივი ეტრუსკული სამარხია: Tanella Angori Etruscan Graves. ორივე მათგანი უნიკალურ სკულპტურებს მოიცავს ადამიანების და მითიური ცხოველების გამოსახულებებით.
კორტონას კედლები
კორტონას ეტრუსკული კედლები შუა საუკუნეების კედლებია, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ცენტრს აკრავს გარსს. კედლების შიგნით ვიწრო აღორძინების ხანის ქუჩებია, რომლებიც კორტონას ისტორიას ქმნიან. თუ კედლებს გაუყვებით ბევრი ფანტასტიკური ხედით დაჯილდოვდებით.