ქვიშიანი სანაპიროებითა და კრისტალივით სუფთა წყლით, სადაც დელფინები და წყლის კუები ცურაობენ, ლამპედუზა კუნძულის მოყვარულებს ნამდვილად აღაფრთოვანებთ. ეს პაწაწინა კუნძული იტალიის არქიპელაგზე სიცილიიდან 300 კილომეტრში მდებარეობს და კლიმატური პირობებით ჩრდილოეთ აფრიკას წააგავს.

იმიტომ, რომ დაისვენოთ სამოთხის მსგავს სანაპიროებზე

ლეგენდარული Spiaggia Dei Conigli კამკამა ცისფერი წყლით და თეთრი ქვიშით გამოირჩევა. მას ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სანაპიროს უწოდებენ. გზიდან მოშორებით მდებარე ნაპირი წყლის კუების საყვარელი ადგილია. მეორე ვარიანტია Cala Pulcino, რომელსაც მხოლოდ ლაშქრობის გზით მიადგებით. უფრო მარტივი მისასვლელია Cala Croce-ს სანაპირო.

იმიტომ, რომ იცურაოთ გამჭვირვალე წყალში Tabaccara Bay-ზე

Tabaccara Bay-ზე ლამპედუზას საუკეთესო ზღვის წყალია. ეს ბუნებრივი მარილიანი წყლის აუზი ქვის გამოქვაბულებით მხოლოდ ნავითაა ხელმისაწვდომი. ამ მომსახურეობას აქ საკმაოდ ბევრი კომპანია გაგიწევთ. წყალი ისეთი სუფთაა, რომ შთაბეჭდილებას შეგიქმნით, თითქოს ნავი ჰაერში ტივტივებს. თუ წყლის ქვეშ ცურვა იცით, განსაკუთრებულ შეგრძნებებს მიიღებთ.

იმიტომ, რომ დაეხმაროთ ლამპედუზას კუებს

ლამპედუზას ნაპირები გადაშენების პირას მყოფი კუების თავშესაფარია. ისინი კუნძულს მაისიდან აგვისტომდე სტუმრობენ. სამწუხაროდ, არაა იშვიათი შემთხვევები, როცა ისინი სათევზაო ბადეებში ხვდებიან და ამ დროს, საქმეში ლამპედუზას კუების დახმარების ჯგუფი ერთვება. ისინი გადარჩენაში და რეაბილიტაციაში წელიწადში 100 კუს ეხმარებიან. შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ცენტრს და მოხალისეობრივ საქმიანობაში დაეხმაროთ.

იმიტომ, რომ ნახოთ მზის ჩასვლა კაპო პონენტეზე

Capo Ponente კუნძულის ჩრდილოეთით, კლდეზე მდებარე გადმოსახედია, საიდანაც იტალიაში საუკეთესოდ მოსჩანს მზის ჩასვლა. მოიწყვეთ პიკნიკი და შემორჩით აქ დაბნელებამდე. მოშორებით, ტუნისსაც მოკრავთ თვალს.

იმიტომ, რომ გამოსცადოთ სკუბა დაივინგი და პროფესიონალური ყვინთვა

კამკამა წყლის წყალობით, ლამპედუზა წყლისქვეშა სამყაროს გამოსაკვლევად იდეალური ადგილია. აქ იხილავთ თევზებს, დელფინებს, წყლის ვარსკვლავებს და აშ. უკვე გამოცდილი სკუბადაივერებისთვის, აქ ტროპიკული რიფები და გამოქვაბულებია.

იმიტომ, რომ უგემრიელესი ზღვის პროდუქტები დააგემოვნოთ

ლამპედუზას კულინარია ისეთივე იტალიურია, როგორც რომის. ზღვის პროდუქტების პროფესიონალური დამუშავება ადგილობრივი მეთევზეების დღეებს დაკავებულს ხდის. მზეზე გატარებული დღის შემდეგ, ტერასაზე კომფორტულად დასხდომა და თევზის კერძების დაგემოვნება, ცნობილ სასმელთან, სპრითზთან ერთად ნამდვილად გესიამოვნებათ.

იმიტომ, რომ ისეირნოთ სკუტერით

ლამპედუზა პატარა კუნძულია, თუმცა ცხელ დღეებში სკუტერის ქირაობა სანაპიროებზე ვიზიტებს გაგიადვილებთ. თანაც, აქ ბუნების ულამაზესი ხედებია, რომელთა დათვალიერებაც ფეხით გაგიჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ წაისვათ მზისგან დამცავი კრემი იქამდე, სანამ ორ ბორბალზე დასხდებით.

იმიტომ, რომ დაინახოთ დელფინები ნავის ტურიდან

ნავის კომპანიები ორ პორტზე: პორტო ნუოვოზე და პორტო ვექიოზე დაგხვდებიან. ისინი შემოგთავაზებენ ნებისმიერი ფასისა და ხანგრძლივობის ტურებს. თან იქონიეთ კამერა დელფინების დასაფიქსირებლად. ზოგიერთი ტური უფლებას მოგცემთ წყალშიც გადახტეთ და დელფინებთან ერთად იცურაოთ.