ტოკიო ცნობილია დინამიური, მრავალფეროვანი და საინტერესო გამოფენებით და მუზეუმებით, სადაც არამხოლოდ ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც მუდამ აღმოჩენებში არიან. უიქენდებსა და დღესასწაულებზე ხალხმრავლობის გამო, სჯობს თუ ბილეთებს წინასწარ შეიძენთ. ორშაბათობით თითქმის ყველაფერი დაკეტილია, სხვა დროს კი თავისუფლად ეწვევით.
teamLab Planets
ეს საოცარი მუზეუმი, რომლის შექმნაზეც არტისტები, პროგრამისტები, ინჟინერები, ანიმატორები და არქიტექტორები ერთდროულად მუშაობენ, აუცილებლად მოსანახულებელია. ეს განსაკუთრებული სამყაროა, სადაც შეგიძლიათ გაიაროთ ფეხშიშველმა, ახვიდეთ ჩანჩქერზე, დააბიჯოთ ყვავილებს და იაროთ ფერად ბურთებში. სხვა მუზეუმებისგან განსხვავებით, აქ შეეხებით ხელოვნებას, გადაიღებთ ფოტოებს და განსხვავებულად გაერთობით. აქ დაგხვდებათ 4 მასიური საგამოფენო სივრცე და 2 ბაღი სეზონური ყვავილებით, მათ შორის საკურათი აპრილსა და მარტში.

Yayoi Kusama Museum
კუსამას ფონდის მიერ დაფუძნებული ეს მუზეუმი 2017 წელს გაიხსნა და მისი კოპლიანი გოგრით და სარკეებიანი ოთახებით გახდა ცნობილი. 94 წლის კუსამა დღემდე ქმნის ხელოვნების ნიმუშებს. სხვა საავტორო მუზეუმებისგან განსხვავებით, რომლებიც სტატიკურად ერთ არტისტს ეძღვნებიან, ამ მუზეუმში ბევრი სხვადასხვა გამოფენაა და ისინი მუდამ იცვლებიან. ამიტომ რამდენჯერმეც რომ ეწვიოთ, რამე სიახლე მუდამ დაგხვდებათ.

Mori Art Museum
მორის კოშკის 52-ე და 53-ე სართულებზე კიდევ ერთი გამორჩეული მუზეუმი დაგხვდებათ. მუზეუმის ბილეთით შეგიძლიათ სულ რაღაც 5 დოლარად შეხვიდეთ ღია სადამკვირვებლო გადმოსახედზეც, სადაც 360 გრადუსიანი ხედი დაგხვდებათ საკულტო ტოკიოს კოშკზე და ქალაქზე. აქ დაგხვდებათ მხატვრული ნამუშევრები და ცნობილი ტაკაში მურაკამის შემოქმედებაც: ფუტურისტული დიზაინი და არქიტექტურა.

Ghibli Museum
გიბლის ფანტასტიკური სამყარო ამ მუზეუმსაც მისი რომელიმე ანიმაციის ჯადოსნურ გადასაღებ მოედნად აქცევს.ფერადი კედლები და სკულპტურები პატარებსაც მოხიბლავთ და დიდებსაც. მუზეუმში შესვლისას ბილეთს გაძლევენ, რომელიც კინოფირს გავს და მზის სინათლეზე დაინახავთ თუ გიბლის ფილმებიდან რომელი სცენა შეგხვდათ. აქვეა კაფე და მაღაზია თემატური ნივთებისთვის. უბრალოდ იცოდეთ, რომ მუზეუმის შიდა სივრცეში გადაღება აკრძალულია.

21_21 Design Sight
ცნობილი არქიტექტორის ანდოს და მოდის დიზაინერის მიიაკეს კოლაბორაციით ეს საოცარი მუზეუმი არქიტექტურის, მოდის და დიზაინის მოყვარულებს მოხიბლავთ. იაპონიაში არქიტექტურის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ამოძრავებთ და ეს მუზეუმიც ამის ერთგვარი აღნიშვნაა.

Tokyo Metropolitan Teien Art Museum
ტოკიოს მეტროპოლიტენის მუზეუმი ერთგვარი ფარული საიდუმლოა, რადგანაც აქ ბევრ ტურისტს ვერ ნახავთ. ის პრინც ასაკა იასუჰიკოს ყოფილ სამეფო რეზიდენციაში მდებარეობს. დღეს აქ არსებული გამოფენა ფოკუსირდება არტ დეკოზე და ფრანგულ გავლენებზე.

Tokyo National Museum
ტოკიოს ეროვნული მუზეუმი საუკეთესოა იაპონიაში პირველად ჩასული ვიზიტორებისთვის. ის ქვეყნის ერთ-ერთი პირველი, უძველესი და უდიდესი მუზეუმია, რომელიც იაპონიის გამორჩეულ ხელოვნების ნიმუშებს წარმოგვიდგენს. აქ იხილავთ მხატვრობას, სკულპტურებს, კალოგრაფიას, არქიტექტურულ მოდელებს, ქოთნებს, ხმლებს და სხვა. ისტორიული ნივთებიდან გაეცნობით კიმონოს, სამურაის აღჭურვილობას და სხვა.











