იორდანია დაუსრულებელი სტუმარ-მასპინძლობის, თბილი შეხვედრების, უნიკალური ლანდშაფტის და გემრიელი საკვების ქვეყანაა. შენი მეგზური აქ საუკეთესო კვირას დაგიგეგმავთ:
დღე 1
ამანის გული მის დაუნთაუნშია. მოინახულეთ რომაული თეატრი, რომელიც ანტონინუს პიუსის მმართველობის დროს აშენდა. მმართველები დაბლა ნაწილთან ახლოს ისხდნენ, რათა საუკეთესო ხედი ჰქონოდათ, სამხედროები შუა ნაწილში სხდებოდნენ, ხოლო პუბლიკა ბოლო რიგებს იკავებდა. ფორუმი 6000 კაცს იტევს და მას დღემდე იყენებენ. აქ ხშირად ტარდება კონცერტები და ღონისძიებები. დისტანციაზე შეამჩნევთ ციხესიმაგრეს, საიდანაც ქალაქზე პანორამული ხედები იშლება. ყველაზე შთამბეჭდავია ჰერკულესის რომაული საყდარი; უმაიადის სასახლე და ბიზანტიის ტაძარი. ამანის ქუჩებში სეირნობისას ქუჩს ხელოვნებითაც დატკბებით. გირჩევთ ასევე ხელოვნების სახლის მონახულებას (Darat al-Funun), რომელიც თანამედროვე ხელოვნების ცენტრია მრავალფეროვანი გამოფენებით. დაასრულეთ დღე ცისარტყელას ქუჩის მონახულებით, სადაც ბევრი ბარ-რესტორანი მდებარეობს.
თუ დრო დაგრჩებათ, გაატარეთ დღის ნაწილი ჯერაშში, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საუცხოოდ შემონახული რომაული ქალაქია.

დღე 2
გაეშურეთ მკვდარი ზღვისკენ. ის ზღვის დონიდან 427 მეტრზე მდებარეობს და სტანდარტულ ზღვის წყალთან შედარებით 10-ჯერ მარილიანია. როგორც წესი, მკვდარი ზღვის წყალი სხვადასხვა კანის დაავადებებს კურნავს, მათ შორის ფსორიაზს და ეგზემას. თუ მეტი დრო გექნებათ, მოინახულეთ ბეთანი, სადაც იესო ქრისტე მოინათლა.

დღე 3
შეუერთდით პეტრას ტურს, მკვდარი ზღვიდან 3-4 საათის სავალ გზაზე. იორდანიაში ვიზიტი პეტრას მონახულების გარეშე წარმოუდგენელი იქნება. პეტრა მსოფლიოს ახალ 7 საოცრებათა სიაში შედის. ეს ანტიკური არქეოლოგიური ქალაქი 2000 წლის წინ აღმოაჩინეს. თუ აქ მზის ამოსვლის ან ჩასვლის დროს იქნებით, ფერებიც უფრო შთამბეჭდავი დაგხვდებათ. შეგიძლიათ აიღოთ გიდის ტური ან თავად გაიაროთ პეტრას ბილიკი დამოუკიდებლად. პეტრაში მცხოვრებ ხალხზე მის მუზეუმშიც შეიტყობთ. მიირთვით იორდანიის ეროვნული კერძი, მანსაფი.

დღე 4
შემდეგი დღე დაუთმეთ ვადი რუმს: იორდანიის ერთ-ერთ ულამაზეს ლანდშაფტს. მთები, ქვიშის დიუნები და უნიკალური ქვის ფორმაციებიჩაის და ბედუინური მუსიკის ფონზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს მოგანიჭებთ. გირჩევთ ბედუინური სტილით მომზადებულ ზარბს, რომელსაც ქათმის ან ცხვრის ხორცით ამზადებენ.

დღე 5
საბოლოო დღე კი გაატარეთ აქაბაში. ის წითელი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს. აქ პოპულარულია წყლის სპორტი, სნორკელინგი და დაივინგი , ასევე გამჭვირვალე ძირის მქონე ნავების ტურები, საიდანაც წყალქვეშა სამყაროს დააკვირდებით. ამჯერად გირჩევთ ზღვის პროდუქტების კერძებს, განსაკუთრებით საიადიეჰს. მოინახულეთ აქაბას სასახლე, რომელიც ოტომანური იმპერიის ნაშთია.











