თუ ესპანეთის ლამაზ ქალაქ ვალენსიაში გეგმავთ ვიზიტს, იმედი ნამდვილად არ გაგიცრუვდებათ. ქვეყნის სიდიდით რიგით მესამე ქალაქს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია: მაღალი დონის რესტორნების და მომხიბვლელი სანაპიროების, მუზეუმების და ღამის მდუღარე ცხოვრების, ჩამონათვალი ამით კიდევ არ შემოიფარგლება! არ დაივიწყოთ ვალენსიას კულტურული დატვირთვაც. ჩვენ გირჩევთ ადგილებს, რომლებიც აქ აუცილებლად უნდა მოინახულოთ:

Torres de Serranos

ამ მშვენიერ შენობას აღმოაჩენთ იქ, სადაც ვალენსიას ძველი ქალაქი გზას უთმობს ტურიას ბაღებს. ანტიკური ქალაქის კედლის ყოფილი კარიბჭე ფოტოების გადასაღებად იდეალური ადგილია.

La Lonja de la Seda

ვალენსიას აბრეშუმის ბაზარი აშენდა იმისთვის, რომ ქალაქის სიმდიდრე წარმოეჩინათ. დღეს ეს შენობა ქალაქის მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა, ძვირფასი გოთიკური არქიტექტურით. შეგიძლიათ დაათვალიეროთ ინტერიერიც. ღირსშესანიშნაობა იუნესკოს დაცულ ნაგებობათა სიაში იმკვიდრებს ადგილს.

ვალენსიას კათედრალი

ქალაქის მორიგი ცნობილი ღირსება სანტა მარია დე ვალენსიას კაათედრალია, რომელიც ვიზიტორებს ლამაზი მოედნითაც იზიდავს. დაათვალიერთ გოთიკური ხელოვნების ნიმუში შიგნიდანაც და გარედანაც.

El Miguelete

ეს უჩვეულო რვაკუთხა კოშკი ძველ ქალაქს იცავს და თუ 206 ცალ კიბეს აივლით, ქალაქზე ულამაზესი ხედით დასაჩუქრდებით. კოშკის ფორმა ვალენსიის, როგორც ქალაქის სიმბოლოდაც იქცა.

Plaza de la Reina

რეინა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ადგილია და ტურისტული აქტივობის ცენტრს წარმოადგენს. დატკბით არქიტექტურით, სანამ რომელიმე კაფის ტერასაზე ყავას მიირთმევთ.

ცენტრალური ბაზარი

ეს ბაზარი ვალენსიაში ესპანური კვების მიმართულებით საუკეთესოა. ევროპის ერთ-ერთ უძველეს ბაზრად აღიარებული, მშვენიერი ადგილია რომ ხილი, ყველი და ზღვის პროდუქტები დააგემოვნოთ. ყველაფერი უახლესი და ჯანსაღია, თან ავთენტურ ადგილობრივ ცხოვრებასაც შეიგრძნობთ.

Colón Market

ეს მოდერნისტული ეროვნული მონუმენტი ერთ დროს ცენტრალური ბაზრის მსგავსი ადგილი იყო. დღეს აქ განახლებული სივრცეა კაფეებით, ყვავილების და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებით, გამოფენებით და სხვა ღონისძიებებით. შენობა გარედან გაფორმებულია ტრადიციული, ფერადი ვალენსიური კრამიტით.

ვალენსიას მერია

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა, მეტროს სადგურთან ახლოს მდებარეობს. მე-18 საუკუნის ნაგებობას შთამბეჭდავი საათის კოში აქვს, სადაც ელეგანტურ მარმარილოს კიბეებს აღმოაჩენთ, ისევე როგორც დიდ დარბაზს. გადმოხედეთ მოედანს უზარმაზარი აივნიდან და ესტუმრეთ ქალაქის ისტორიის მუზეუმის სივრცეს.

ხელოვნებისა და მეცნიერების კომპლექსი

თუ თანამედროვე არქიტექტურა გხიბლავთ, ეწვიეთ ამ ცნობილ ფუტურისტულ შენობათა კომპლექსს, რომელზეც არქიტექტორი სანტიაგო კალატრავა მუშაობდა. The Ciudad de las Artes y las Ciencias ვალენსიაში აუცილებლად სანახავი ადგილია. დაისვენეთ კომპლექსის მწვანე პარკში, გადაიღეთ ფოტოები და აირჩიეთ ფავორიტი შენობა. თუ დრო გაქვთ აქ ყველაფერს აღმოაჩენთ, რაც მეცნიერებას ან ხელოვნებას უკავშირდება – ინტერაქციული სამეცნიერო გამოფენებიდან დაწყებული, საკონცერტო დარბაზით დამთავრებული.

ტურიას პარკი

ვალენსიას ტურიას ბაღი ჩვეულებრივი ქალაქის პარკი არაა. გრძელი გამწვანებული ბილიკი ხიბლავს როგორც მორბენალებს, ასევე ველოსიპედით მოსეირნეებს და უბრალოდ ბუნების მოყვარულებსაც. აქ ბევრი ადამიანი მოდის სავარჯიშოდ, საპიკნიკოდ ან უბრალოდ დასასვენებლად.

Bioparc

იპოვნეთ აფრიკის პატარა ნაწილი ვალენსიაში, სადაც ლეოპარდებს, ლომებს, ლემურებს და სხვა ეგზოტიკურ ცხოველებს აღმოაჩენთ. ბიოპარკში ბარიერები თითქმის შეუმჩნეველია, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევთ თავი ველური სამყაროს ნაწილებად მოიაზრონ.

გულივერის პარკი

თუ ბავშვობაში „გულივერის მოგზაურობა“ ძალიან მოგწონდათ, მაშინ ამ პარკს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. აქ მძინარე გულივერის მონუმენტს აღმოაჩენთ, გარშემო მოფუსფუსე ლილიპუტების ფუნქციას კი მოსეირნე ადამიანები ასრულებენ. ამ პარკში დროს ნამდვილად სასიამოვნოდ გაატარებთ.

Palacio del Marqués de dos Aguas

ეს არის ვალენსიას მორიგი მე-15 საუკუნის სიმდიდრე, რომელიც მე-18 საუკუნეში აღადგინეს. ეს სასახლე ესპანელი არისტოკრატიული ოჯახის სახლი იყო. დღეს აქ კერამიკის ეროვნული მუზეუმია, ძვირფასი არტეფაქტებით. შენობის ექსტერიერი გაფორმებულია მარმარილოთი და პასტელური ფერებით.

La Torre e Iglesia de Santa Catalina

წმ. კატალინას ეკლესია ამავე სახელწოდების მოედანზე მდებარეობს. არქიტექტურა ბაროკოსა და გოთიკის შერწყმას წარმოგვიდგენს.

Palacio de la Generalidad Valenciana

ეს სასახლე ძველი ქალაქის გულში მდებარეობს და დღეს მთავრობის სხვადასხვა ოფისებს აერთიანებს. შენობა გოთიკისა და რენესანსის სტილის ნაზავია, მშვიდი უკანა ეზოთი, სადაც ფორთოხლის ხეებია დარგული.

ყველაზე ვიწრო შენობა

ითვლება, რომ ვალენსიაში მდებარე ეს შენობა ევროპაში ყველაზე ვიწროა. ფასადი ოდნავ განიერია კარებზე. შესასვლელში ბარი დაგხვდებათ La estrecha, სადაც ყველა ტოვებს სამახსოვრო ფოტოს.

La Rotonda

ქალაქის ცნობილი მრგვალი მოედანი ვალენსიას ძველ ქალაქშია. აქ ხელნაკეთი ნივთების დახლები და ბარ-რესტორნები მდებარეობს. ატმოსფერო არაჩვეულებრივი და უჩვეულოა, ამიტომაც გამოსასეირნებლად ნამდვილად ღირებული ადგილია.

„კატების სახლი“

El Carmen-ის უბანში ქუჩის ხელოვნება ყვავის. Carrer del Museu-ზე სეირნობისას, დაიხედეთ დაბლა და თქვენ შეამჩნევ პაწაწინა სახლის ფასადს თითქოს ჩაშენებულს ცისფერ კედელში. ეს კლასიკური ვალენსიური სახლის პატარა ვერსიაა. არავინ იცის როგორ მოხვდეს შიგნით, მაგრამ ადგილობრივები მას „კატების სახლს“ უწოდებენ და ამბობენ რომ ის მოხეტიალე კატებისთვის აშენდა.

ვალენსიას თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტი (IVAM)

ეს ინსტიტუტი 1989 წელს გაიხსნა და ის ესპანეთის პირველ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს წარმოადგენდა. მუდმივი კოლექცია აქ ცნობილი სკულპტორის, ხულიო გონსალეზის ხელოვნებაზე ფოკუსირდება. თუმცა, მუზეუმი მე-20 საუკუნის სხვა ბევრ ცნობილ არტისტსაც წარმოგვიდგენს.

15 რამ რაც ესპანეთში მოგზაურობამდე უნდა იცოდეთ