იტალიის მდიდარი წარსულის შესახებ ყველამ მშვენივრად იცის. ნაცნობია ამ ქვეყნის ლამაზი ქალაქების სიმრავლეც. მაგრამ, ტურისტული ადგილები იტალიას არ ამოწურავს. ჩვენ აღმოგაჩენინებთ ქვეყნის იმ ზღაპრულ ადგილებს, სადაც თავი რეალობაში აღარ გეგონებათ.
ურბინო, მარშე/Urbino, Marche
ისეთი ცნობილი იტალიელი მხატვრები და არქიტექტორები, როგორებიც არიან: ფედერიკო ბაროჩი, სანდრო ბოტიჩელი და რაფაელო სანციო ანუ რაფაელი, სწორედ ურბინოში დაიბადნენ. მისტიკური მთებით გარშემორტყმული ციხესიმაგრეების მსგავსი ნაგებობები აქ მედიდურად იყურებიან. მარშეს ამ მშვენიერ ქალაქს უნდა ესტუმრონ ისინი, ვისაც ძველი რენესანსის იტალიის შეგრძნება უნდა.
მატერა, ბაზილიცატა/Matera, Basilicata
“ქვის ქალაქი” მატერა, ერთ-ერთი პირველი ადგილია, რომელიც ადამიანებმა საცხოვრებლად აირჩიეს. მას „ევროპის ბრილიანტსაც“ უწოდებენ. კანიონთან გამავალი მდინარე ქალაქის წვრილ ქუჩებზე შთამბეჭდავ ხედებს გთავაზობთ. აქ საკმაოდ ბევრი ფილმის კადრებია გადაღებული და ეს ფაქტი გასაკვირი ნამდვილად არაა.
მონტეპულჩიანო, ტოსკანა/Montepulciano, Tuscany
ტოსკანას ერთ კუნჭულში მოქცეული მონტეპულჩიანო ამ რეგიონის შესაგრძნობად იდეალური ვარიანტია. ქუჩებს რენესანსის დროინდელი შენობები და კათედრალი ამშვენებს, რომელიც ქალაქის უმაღლესი წერტილია. აქ არამხოლოდ თვალს, არამედ კუჭსაც გაახარებთ. მონტეპულჩიანო ღვინის დამზადების მიმართულებით, ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება მთელ მსოფლიოში.
აოსტა, აოსტას ველი/Aosta, Aosta Valley
მთიანი აოსტა ალპების შუაგულშია. შვეიცარიისა და საფრანგეთის იტალიური საზღვარი თოვლზე სრიალის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. თეთრი მთები და დისნეის სტილის სასახლეები გარემოს ნამდვილად მაგიურს ხდის. თუ ბუნება გიყვართ, ჩრდილოეთ იტალიაში ყოფნისას მას აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
ტრენტო, ტრენტინო/Trento, Trentino Alto Adige
იტალიური ალპების გულში მდებარე ტრენტო იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაშია. ის სამოთხეა ზამთარში, თუმცა არცერთ სეზონზე არაა გამოსატოვებელი ადგილი. ტრენტო თვიდან თვემდე განსხვავებულ გარემოს გვთავაზობს. შეგიძლიათ დაიკარგოთ ალპურ ტყეებში, აიროთ მთები ან დალაშქროთ ტბები. აქაურობა ნამდვილად უნიკალურია.
პოლინანო ა მარე, პუგლია/Polignano a Mare, Puglia
გადმოხედეთ ადრიატიკის ზღვას კლდიდან და თავს კინოს სცენარში შეიგრძნობთ. ეს ლამაზი სოფელი ჩვ.წ-მდე მე-4 საუკუნით თარიღდება და თავს უძველესი ქუჩებით იწონებს. ქათქათა თეთრი სახლების ტერასები ოკეანის ხედებს გთავაზობენ.
ჩიეტი, აბრუზო/Chieti, Abruzzo
ეს ანტიკური იტალიური ქალაქი ორ მდინარეს შორისაა მოქცეული. აპენინის რეგიონის უმაღლესი მწვერვალებით გარშემორტყმული მაგიური ჩიეტი, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით აქილევსმა დაარსა.
ტივოლი, ლაციო/Tivoli, Lazio
რომის დასავლეთით, 20 კილომეტრში მდებარე ეს პატარა ქალაქი იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაშია. ტივოლი ოდესღაც მდიდარი რომაელების დასასვენებელი ადგილი იყო. რენესანსის არქიტექტურა, ფირუზისფერი აუზები, შადრევნები და ბაღები ნამდვილად მოგხიბლავთ.
ფერარა, ემილია რომანია/Ferrara, Emilia Romagna
ელეგანტური არქიტექტურის მქონე ფერარა ბოლონიასთან მდებარეობს და ამ ქალაქში მოხვედრისას შეგიძლიათ მასაც ესტუმროთ. კოშკები ქალაქის ცენტრში ამაყად დგანან და ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნიან. ქალაქი უძველესი დროიდან კედლებით იყო დაცული, რისი ნაწილიც დღემდე შემორჩენილია.
კასტელ დელ მონტე, პუგლია/Castel del Monte, Puglia
იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესული ეს სასახლე პუგლიას რეგიონის მშვენებაა. ბუნებაში ჩაძირული კასტელ დელ მონტე ფიფქიას საცხოვრებელს მოგაგონებთ. ის მე-13 საუკუნეში აშენდა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სასახლედ ითვლება.
კეფალუ, სიცილია/Cefalù, Sicily
სიცილიის სანაპირო ქალაქი კეფალუ იდეალურია მზეზე მისაფიცხებლად ან საბანაოდ. მაგრამ, ეს ქალაქი ზღვაზე და მზეზე მეტს გთავაზობთ. რესტორნები ჯანსაღ ზღვის პროდუქტებს გთავაზობენ და აქ მომნუსხველი კათედრალიც დგას. ციხესიმაგრეს თუ ესტუმრებით, ტირენიის ზღვაზე პანორამული ხედებით დატკბებით.
კორმაიორი, აოსტას ველი/Courmayeur, Aosta Valley
ესეც მორიგი ალპური კურორტი – საფრანგეთის საზღვართან მდებარე ეს ბუნების მშვენება მთის სალაშქრო ბილიკებით და შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა. თუ საკმარისად მამაცი ხართ, აქედან იტალიის უდიდეს მწვერვალს, მონ ბლანკსაც კი მიუახლოვდებით.
კორტინა დამპრეზო, ვენეტო/Cortina d’Ampezzo, Veneto
დოლომიტების დედოფალი კორტინა მშვენიერი ადგილია სუფთა ჰაერისა და ბუნებაში განმარტოებისთვის. თხილამურებით სრიალი, ველოსიპედზე კატაობა, კაიაკით ცურვა და ცხენზე ჯირითი ის მცირედი ჩამონათვალია, რა სახის აქტივობებსაც აქაურობა გთავაზობთ. ამპრეზოს ეროვნულ პარკში ლამაზ ბილიკებსაც მიაგნებთ.
გუბიო, უმბრია/Gubbio, Umbria
ისტორიული ქალაქი გუბიო ეტრუსკების ხანით თარიღდება და შუასაუკუნოვანი არქიტექტურით იწონებს თავს. მინიმალისტური სასახლეები, კათედრალები და ეკლესიები, რიყის ქუჩებს გოთიკური სტილის სახლებთან ერთად რთავენ.
სორენტო, კამპანია/Sorrento, Campania
ხმელთაშუა ზღვაზე გადასული სორენტო რომანტიკული სანაპირო ქალაქია მთებზე ხედით. ლიმნის ხეებით დამშვენებული დასახლება მთელ ქვეყანაში საუკეთესო ლიმონჩელოს ამზადებს. ლეგენდის თანახმად, აქ მითოლოგიური სირინოზები ბინადრობდნენ და მეზღვაურებს მელოდიური სიმღერებით აცდუნებდნენ.