ტურინი ელეგანტური ქალაქია საინტერესო ისტორიითა და თანამედროვე, კოსმოპოლიტური აურით. ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი მშვენება, ბაროკოს არქიტექტურით, გემრიელი შოკოლადით და ექსპერიმენტული ხელოვნებით მოგხიბლავთ.
-
Mole Antonelliana
ეს ნაგებობა ქალაქის საკულტო სიმბოლოა. 1848 წელს Mole Antonelliana აშენდა როგორც სინაგოგა, დღეს კი კინოს ეროვნული მუზეუმია და ფილმწარმოების ადრეულ დღეებს წარმოგვიდგენს დღევანდელ დღემდე. შენობის ტერასიდან მთის ფონზე ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება.
-
Palazzo Reale და Palazzo Madama
ტურინის ისტორიულ ცენტრში პიაცა კასტელო მდებარეობს, სადაც ბაროკოს ორი დიადი შედევრი დგას. პალაცო მადამა ისე მოსწონდა ნაპოლეონს, რომ ის ტურინის რეზიდენციად აქცია. 1003 წლით დათარიღებული სასახლის ფასადი, რომელიც ბაროკოს ხელოვნების სრულყოფილ ნამუშევრად ითვლება, 1718 წელს დაამატეს. მისი დიზაინი ცნობილ არქიტექტორს, ფილიპო ჯუვარას ეკუთვნის. ინტერიერი არანაკლებ შთამბეჭდავია – მონუმენტური კიბის დიზაინი, რომელიც მას ამშვენებს, მსოფლიოს გარშემო ბევრ სასახლეში გაიმეორეს. აქ ცნობილი ნახატების კოლექციასაც იხილავთ. პალაცო რეალი კი მე-16 საუკუნეში აშენდა, თუმცა საფრანგეთის პრინცესა მარიას თხოვნით, მე-17 საუკუნეში განაახლეს.
-
ისტორიული ყავის სახლები
ტურინი შოკოლადის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. აქაური ისტორიული კაფეტერიები იტალიის ყველაზე გემრიელ შოკოლადს და უნიკალურ ყავას გთავაზობენ. საუკეთესო ყავის სახლებია: Caffè San Carlo, Baratti & Milano და Caffè Torino.
-
Parco del Valentino
მდინარე პოს დასავლეთით მდებარე ეს პარკი სასიამოვნო სეირნობებს გპირდებათ. მდინარის გასწვრივ, შეგიძლიათ შენობების გასაოცარი არქიტექტურით დატკბეთ. აქვეა სამეფო სასახლის ერთ-ერთი რეზიდენცია, რომელიც იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შედის.
-
Fondazione Sandretto Re Rebaudengo
ეს მუზეუმი ახალგაზრდა იტალიელ და საერთაშორისო არტისტებს უჭერს მხარს და ფოკუსირებას სწორედ მათზე ახდენს. ეს არის ადგილი, სადაც ექსპერიმენტულ და თანამედროვე ხელოვნებას ეზიარებით და სხვადასხვა ფონდების აქტივობებშიც მიიღებთ მონაწილეობას.
-
Castello di Rivoli
ეს მუზეუმი საინტერესო შთაბეჭდილებებს პირდება მათ, ვისაც ისტორია და ხელოვნება უყვარს. კოლექციები როგორც შუასაუკუნეების, ასევე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს.
-
Quadrilatero Romano
ეს არის ცენტრალური უბანი, სადაც ერთ დროს ანტიკური რომაელები იდგნენ. პატარა ქუჩები ისტორიულ შენობებს მოიცავენ, სადაც საინტერესო მაღაზიები, ბარები და რესტორნებია. აქ სეირნობა განსაკუთრებით სასიამოვნოა საღამოობით, ამიტომაც შეყევით ქუჩებს იქამდე, სანამ სავახშმოდ დასხდებით.
-
Balon Flea Market
თვის ყოველ შაბათ დილას და ყოველ მეორე კვირა დღეს, ეს ცნობილი ფლი მარკეტი ხალხს მთელი იტალიიდან იზიდავს. 250-ზე მეტი მაგიდა თქვენს სამსახურშია. ბალონზე ყველაფერს იპოვნით: ანტიკურ და რეტრო ავეჯს, საინტერესო სათამაშოებს, ადგილობრივ მაქმანს და ვინტაჟურ სამოსს, თანამედროვე ხელნაკეთ ნივთებს… ეს ბაზრობა პორტა პალაცოს უკან იმართება დილის 8 საათიდან.
-
Cortile del Maglio
ეს არის გაშლილი სივრცე ყოფილ სამხედრო კომპლექსში, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები, გამოფენები და შოუ-წარმოდგენები იმართება. ინდუსტრიული შენობა იდეალური ჰაბია კრეატიული და კულტურული საქმიანობებისთვის. ის რეგულარულად მასპინძლობს ცოცხალ შემსრულებლებს და ვიზიტორებს გემრიელი საკვებით უმასპინძლდება.
-
Museo Nazionale dell’Automobile
ტურინს მანქანების წარმოების დიდი ისტორია აქვს და თუ ტრანსპორტი გაინტერესებთ, ამ მუზეუმს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. 80 სხვადასხვა ბრენდის 200 ორიგინალი მანქანა თქვენზე ნამდვილად მოახდენს შთაბეჭდილებას. მუზეუმი ასევე საავტომობილო ინდუსტრიის მომავალს და ახალ ინჟინერულ ტექნოლოგიებს წარმოგვიდგენს. ვიზიტორებს შეუძლიათ იხილონ საკულტო მოდელები, რომელთა პროტოტიპების რეალიზებაც არასდროს მომხდარა.
-
Museo Egizio
ეს ეგვიპტური მუზეუმია, სადაც ეგვიპტის მასშტაბურ ანტიკურ არტეფაქტებს იხილავთ. მუზეუმი 1824 წელს ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც გენერალმა ბერნარდინო დროვეტიმ ეგვიპტის მოგზაურობიდან გასაოცარი ნიმუშები ჩამოიტანა. დღეს აქ სპეციალურ პანელებზე აჩვენებენ 3D ფილმებს ეგვიპტური კულტურის შესახებ.
-
Basilica di Superga
მე-18 საუკუნეში, ვიტორიო ამადეო მეორეს მმართველობის დროს, ტურინი ფრანგ ჯართან ომს აგებდა. ამადეო მაღალ მთაზე პატარა საყდარს ეწვია, ქალაქს გადახედა და დაიფიცა, რომ ააშენებდა ტაძარს თუ ტურინი გაიმარჯვებდა. ასე აშენდა ბაზილიკა სუპერგას მთაზე, ქალაქის საოცარ ხედზე. აქედან ალპებსაც კი შეამჩნევთ. მარტივი ინტერიერი ექსტრავაგანტური დეკორით არ გამოირჩევა და დახვეწილ თაღებსა და კამარებს მოიცავს.