სწრაფ-ტემპიანი, მშვენიერი და გასართობი ლონდონი ბევრ სანახაობას გთავაზობთ და უნიკალურ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ. არ აქვს მნიშვნელობა აქ პირველად ხართ თუ უკან ბრუნდებით, ლონდონი მუდამ აღმოგაჩენინებთ ახალს და თქვენს აქ გატარებულ დღეებს საინტერესოდ შეავსებს. ჩვენ აქ ერთგვარ მეგზურობას გაგიწევთ.

1. გადაინაცვლეთ უკან დროში ლონდონის კოშკის მეშვეობით

ინგლისური ეკლექტიკის ნიმუში, მე-11 საუკუნის ციხესიმაგრის კედლებით მშვენიერი ადგილია, რომ ლონდონში მოგზაურობა ამ წერტილიდან დაიწყოთ. Tower of London – ვიზიტორებს არქიტექტურულ და ისტორიულ საოცრებაში ეპატიჟება, რადგანაც ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრის ნაწილია. მიდით კოშკთან ადრიანად, რადგანაც მის დათვალიერებაში მინიმუმ ნახევარი დღე დაგეხარჯებათ.

2. გაოცდით თანამედროვე ხელოვნებით ტეიტ მოდერნში

Tate Modern – თანამედროვე ხელოვნების სამყაროა მდინარე თემზის სანაპიროზე. გალერეა თანამედროვეობის და არქიტექტურული განახლებების კერაა. აქ იხილავთ ხელოვნების გიგანტურ ინსტალაციებს.

3. წარმოიდგინეთ სამეფო ქორწილის სურათი ვესტმინსტერის სააბატოსთან

Westminster Abbey – ქვეყნის სამეფო და რელიგიური ცხოვრების გულია საუკუნეების მანძილზე. ეს გოთიკური საოცრება 1000 წლის წინ  აშენდა და დღეს სხვადასხვა არქიტექტურული სტილის მიქსია. ლონდონის სააბატო ბევრი ქორწილის და დაკრძალვის ცერემონიალის ჩატარების ადგილია. აქ 17 მონარქია დამარხული, 16 სამეფო ქორწილი ჩატარებული, მათ შორის პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის. აქ ასევე იხილავთ უძველეს ბაღს, კორონაციის სკამს და “პოეტების კუთხეს”, გამოჩენილი მწერლების მემორიალს.

4. მოინახულეთ მსოფლიო საგანძური ბრიტანულ მუზეუმში

British Museum – ამ მუზეუმის კარებში 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი შედის წლის მანძილზე. ის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა. აქ უამრავი ანტიკური და გამორჩეული ისტორიული არტეფაქტი დაგხვდებათ, მათ შორის ეგვიპტური მუმიები.

5. ჩაიძირეთ სამხრეთ კენსინგტონის მუზეუმების კომპლექსში

South Kensington museums – 3 მსოფლიო დონის მუზეუმს აერთიანებს ერთ ეზოში. მათ დარბაზებში განთავსებულია ინტერაქციული, საგანმანათლებლო გამოფენები, მათ შორის სამეცნიერო გამოგონებები. ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში (Victoria & Albert Museum) დეკორატიული ხელოვნების ნივთებს აღმოაჩენთ, ბუნების ისტორიის მუზეუმში (Natural History Museum) დაგხვდებათ ტირანოზავრის რეპლიკა, დედამიწის ინოვაციური გამოსახულება, დარვინის ცენტრი და მეცნიერების და ფანტაზიის ერთმანეთთან დაკავშირებით დიდ შთაბეჭდილებას მიიღებთ.


6. დაისვენეთ ჰაიდ პარკში და კენსინგტონის ბაღებში

ლონდონის შთამბეჭდავი ურბანული პარკი 142 ჰექტარზეა გაჭიმული და აქ უამრავი ადგილია სარელაქსაციოდ დამღლელი აქტივობების შემდეგ. აქ ყველაფერია რასაც ლონდონის პარკისგან ინატრებთ: ცენტრალური მდებარეობა, სამეფო სასახლე, კომფორტული სკამები, ტბა, ღია ცის ქვეშ კონცერტები, ხელოვნების გალერეები, საუკუნოვანი ხეები, პრინცესა დაიანას მემორიალი, ალბერტ ჰოლი და აშ.

7. უყურეთ ჯარისკაცების შეცვლას ბუკინგემის სასახლესთან

ლონდონში მოგზაურობა არ იქნება სრულყოფილი თუ ბუკინგემის სასახლესთან (Buckingham Palace) დაცვის ჯარისკაცების შეცვლის დროს არ გაივლით. ეს უძველესი რიტუალია. შოუ დილის 11 საათზე იწყება, ამიტომაც მიდით ადგილზე 10:15 წუთზე, რათა წინ ბევრი ხალხი არ დაგეფაროთ. სასახლის ოთახების მონახულება შესაძლებელია ივლისიდან სექტემბრამდე. ზამთარში და გაზაფხულზე აქ მხოლოდ გიდის ტურებით უშვებენ.

8. დასხედით ინგლისურ პაბში

ლონდონი მისი ტრადიციული პაბების გარეშე იგივეა რაც პარიზი თავისი კაფეების გარეშე. პაბის კულტურა ლონდონის “დნმ”-ია. ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც ადგილობრივებს გაიცნობთ. ზოგიერთი მათგანი საუკუნეების მანძილზე, ქალაქის სოციალური სცენა იყო. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პაბების ადგილია უბანი: Soho.

9. უყურეთ ცნობილ თეატრალურ შოუს ვესტ ენდში

ლონდონი საუკეთესო ადგილია თეატრალური შოუს საყურებლად. საუკეთესო გამოცდილებისთვის, ეწვიეთ West End-ს. ეს არეალი მიუზიკლების სინონიმია. იხილეთ “საბრალონი” ან “მამამია”, “მეფე ლომი” და სხვა ცნობილი შოუები. თუ მიუზიკლები არ გიყვართ, სპექტაკლებს დაესწარით დამოუკიდებელ თეატრებში: დონმარი, სოჰო და სხვა, სადაც ნიჭიერ მსახიობებს იხილავთ 1 ბოთლი ლუდის ფასად.

10. დასხედით ტრადიციულ შუადღის ჩაიზე

მიირთვით ინგლისური ჩაი სენდვიჩთან ან ნამცხვართან ერთად. ადგილები, სადაც შუადღის ჩაით ისიამოვნებთ, სერიალ ბრიჯერტონის ესთეტიკას ქმნიან. შეგიძლიათ მიიღოთ კლასიკური გამოცდილებაც კენსინგტონის სასახლის ორანჟერეაში ჩაის სესიის დაჯავშნით.