პარმაში ვიზიტი ღირს არამხოლოდ არაჩვეულებრივი საკვებისთვის, პარმეზანული ყველისა და პროშუტოს შაშხისთვის, არამედ ხელოვნებისა და კულტურისთვის. ემილია-რომანიის რეგიონის ამ ანტიკურ ქალაქში მოგხიბლავთ რომანული კათედრალი, რომაული ნანგრევები, რენესანსის ხელოვნება და ცნობილი ოპერის სახლი.

ეწვიეთ ეროვნულ გალერეას

საკულტო პალაცო დელა პილოტა ეროვნული გალერეის სახლია. აქ ხელოვნების მთავარი კოლექციებია წარმოდგენილი და მათ ვისაც ძველი ოსტატების ნახატები ხიბლავთ, პარმას გალერეაში ნამდვილად ისიამოვნებენ. აქ 700-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი – ლეონარდო დავინჩიდან დაწყებული ადგილობრივი არტისტებით დასრულებული. გამოფენის დიდი ნაწილი მე-14 საუკუნის მაღალი რენესანსის მხატვრობაზე ფოკუსირდება.

დააგემოვნეთ პარმეზანული ყველი და პარმული შაშხი

პარმაში ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი თუ ამ ქალაქის დელიკატესს არ მიირთმევთ: პარმეზანულ ყველს და პარმულ შაშხს. ჩვენ გირჩევთ კაფეს: Degusteria Romani, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და გემრიელ პროშუტოს გთვაზობთ.

შეისწავლეთ რეგიონის ისტორია გლაუკო ლომბარდის მუზეუმში

შვიდ საგამოფენო დარბაზში განაწილებული ლომბარდის მუზეუმი მარია ლიუჯიას ისტორიას ეძღვნება. მას პარმის ჰერცოგინიის სტატუსი ჰქონდა 1814 წლიდან 1847 წლამდე. მისი პირველი ქმარი გახლდათ ნაპოლეონ ბონაპარტე. 1961 წელს გახსნილი მუზეუმი ადგილობრივ მე-19 საუკუნის არტეფაქტებს წარმოგვიდგენს. მათ შორისაა ნახატები, სამკაული და ავეჯი.

დალიეთ ღვინო ფონტანას ენოთეკაში

პარმას ამ ცნობილ ღვინის ბარში გამორჩეული პარმული ღვინოა შემოთავაზებული. იქ მყოფი ადგილობრივები სიხარულით მოგცემენ რეკომენდაციებს.

ეწვიეთ პარმის კათედრალს

ეს რომანული კათედრალი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. შესასვლელთან მარმარილოს ლომები შემოგეგებებიან, იხილავთ ფერად ფრესკებს, მათ შორის იტალიური რენესანსის ერთ-ერთ შედევრს: “ღვთისმშობლის მიძინებას”.

აღმოაჩინეთ კათედრალი ბატისტერო დი პარმა

მთავარი კათედრალის გვერდით კიდევ ერთი არაჩვეულებრივი კათედრალი დაგხვდებათ, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება და რომანო-გოთიკური არქიტექტურის უბადლო ნიმუშია მთელ რეგიონში. მისი ვარდისფერი და თეთრი მარმარილოს ფასადი იმ საოცარი სანახაობის შესავალია, რაც შიგნით დაგხვდებათ. ამ პატარა შენობის სილამაზე ყველა დეტალშია.

უყურეთ ოპერას რეჯიოს თეატრში

პარმას რეჯიოს თეატრში ვერდის ფესტივალი მთელი ერთი თვის მანძილზე აღინიშნება ხოლმე და ჟუზეპე ვერდის უკვდავ ხელოვნებას მიაგებს პატივს. ეს ოპერის შენობა 1800 წლიდან არსებობს. ვერდის, რომელიც ამ ქალაქში დაიბადა, ყველა თავისი ცნობილი ოპერა სწორედ რეჯიოს თეატრში აქვს შესრულებული. ბილეთები სწრაფად იყიდება, ამიტომაც დაიჭირეთ თადარიგი.

გაისეირნეთ პიაცა გარიბალდიზე

პიაცა გარიბალდი ანტიკური რომაული ფორუმის ადგილი იყო. ის ცნობილია ტოპ ბარებით და მაღაზიებით. ამ ცოცხალ მოედანზე დგას ჯუზეპე გარიბალდის ქანდაკებაც, ასევე სასახლე და საგამოფენო ცენტრი.

გაისეირნეთ დუკალის პარკში

გაექეცით ქალაქის ცენტრის ხმაურს და დაისვენეთ დუკალის პარკში. ეს ყოფილი სამეფო რეზიდენცია დღეს საჯარო პარკადაა ქცეული და სრულიად დამამშვიდებელ ატმოსფეროს გვთავაზობს. პარკში მდებარეობს მე-16 საუკუნის სასახლე, რომელიც ერთ დროს პარმას ჰერცოგს ეკუთვნოდა.

კასა დელ სუონო

ამ მუზეუმში კი უნიკალური შესაძლებლობა მოგეცემათ გაიგოთ მუსიკალური ტექნოლოოგიის მშვენიერი ისტორიის შესახებ. მე-17 საუკუნის ეკლესიის შენობაში განთავსებული საგამოფენო სივრცე წარმოგვიდგენს ყველაფერს ვინილებიდან ციფრულ მუსიკამდე.